კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს უნიკალურ სასწავლო-კვლევით ბაზას სთავაზობს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს უნიკალურ სასწავლო-კვლევით ბაზას სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

„ქართული ქვევრებით აღჭურვილი მარანი, ქართული ვაზის გენოფონდის მდიდარი საკოლექციო ნაკვეთი 100-ზე მეტი ჯიშით, მდიდარი ენოთეკა, ქართული მარანი „კოლხი“, რომელიც მაღალხარისხიანი და ტრადიციების დაცვით აშენებული, გამორჩეული არქიტექტურის შენობაა, სრული ინვენტარით აღჭურვილი, მიკროვინიფიკაციის კვლევითი ლაბორატორია, ენოქიმიის, მევენახეობისა და მიკრობიოლოგიის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები - ეს ყველაფერი CIU-ში გატარებულ საბაკალავრო თუ სამაგისტრო საფეხურს დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს.

იმისათვის, რომ შეისწავლო მსოფლიოში აღიარებული კონცეფცია „ღვინო მიწიდან სუფრამდე“, აუცილებელია, პირველ რიგში, ისწავლო ვენახის დაგეგმვა“ - აცხადებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, პროგრამის ხელმძღვანელი, ოლანი გოცირიძე.

ვენახის დაგეგმვა კი CIU-ში პირველივე კურსიდან იწყება. თანამედროვე მიდგომებთან ერთად CIU-ში დამწყები მეღვინეები უნიკალური, ქართული ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციულ ტექნოლოგიასაც სწავლობენ; გარდა ამისა, აქვე აუცილებელია ხარისხის მენეჯმენტის მართვის სწავლაც. ღვინის დაყენებასთან ერთად მისი შეფუთვა და მსოფლიო ბაზარზე სათანადო წარდგენა, დაბოლოს, ცხადია, ღვინის დეგუსტაციის ხელოვნების დაუფლებაც.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი პროგრამები თეორიულ და მრავალფეროვან პრაქტიკულ კომპონენტთან ერთად, გამორჩეულია საქართველოში. ფაკულტეტის თანამედროვე ლაბორატორიებსა და კვლევით ცენტრებში სტუდენტები პირველივე კურსიდან ეუფლებიან უმაღლესი ხარისხის ღვინის დაყენების ტრადიციულ და თანამედროვე მეთოდებს“, - აღნიშნავს ოლანი გოცირიძე.

მისივე განმარტებით, ცალკე ყურადღებას იმსახურებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სადეგუსტაციო კაბინეტიც, რომელიც ჩვენს სტუდენტებს განსაკუთრებით მოსწონთ. გოცირიძის თქმით, აქ შესაძლებელია სხვადასხვა ღვინის ორგანოლეპტიკური შეფასება, ღვინის ხარისხის, ზადისა და დაავადებების ამოცნობაში დახელოვნება.

„მრავალწლიანი გამოცდილების შედეგია ისიც, რომ სულ მალე დღის სინათლეს იხილავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე დამზადებული ღვინოებიც, რომლის დაყენებაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის როგორც პერსონალს, ისე - სტუდენტებსაც.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გამორჩეულია პრესტიჟული ღვინის ფესტივალების მიმართულებითაც. აღსანიშნავია 2019 წელს გამართული „ქართული ღვინის ფესტივალი“, სადაც CIU გენერალური სპონსორი იყო. უნივერსიტეტმა თავის სტენდზე სტუდენტური ხაზით შექმნილი ღვინოები წარმოადგინა, რომლებმაც ქართველ და უცხოელ სტუმართა შორის დიდი მოწონება დაიმსახურეს - „საფერავი“; „ვარდისფერი საფერავი“; „რქაწითელი“; „ქვევრის რქაწითელი“; „თავკვერი“; „ციცქა ცოლიკოური“; „კაბერნე სოვინიონი“; „ველური ვაზი“.

აღნიშნული ფესტივალის პარტნიორი იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წელსაც. ფესტივალის ფარგლებში, რომელიც გლობალური პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, თავიანთი პროდუქცია 50-მდე მარანმა წარმოადგინა, მათ შორის კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქვევრის ღვინოებით წარდგა: თავკვერი, შავკაპიტო, საფერავი,რქაწითელი, გორული მწვანე/ჩინური“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამების სტუდენტებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აქვთ განსაკუთრებული შესაძლებლობა, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებასაც. ფაკულტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ღვინის წარმოებაში წამყვანი ქვეყნების კერძო მარნებთან თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ამ მხრივ, განსაკურებული და აღსანიშნავია ესპანეთთან თანამშრომლობა.

გარდა ამისა, სულ ახლახანს CIU გლობალური ღვინის ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის წევრი გახდა. აკადემია, რომელშიც მსოფლიოს 50-მდე უნივერსიტეტია გაერთიანებული, მიზნად ისახავს გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამების შესაბამისად, ღვინის ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით კვლევებისა და სასწავლო პროგრამები განხორციელებას.

აკადემია უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობისა და ტურიზმის მიმართულებების გაძლიერებაში. პრაქტიკები, მოკლევადიანი გადასამზადებელი კურსები, აკადემიის სპეციალისტების ჩართულობა ენოტურიზმის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შექმნაში - უნივერსიტეტს აქამდე არნახულ შესაძლებლობებს უხსნის წინ.

გლობალური ღვინის ტურიზმის ორგანიზაციის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ხოსე ანტონიო ვიდალის თქმით, ორგანიზაციის წევრობა კსუ-ს შესაძლებლობას მისცემს, იყოს მთავარი საერთაშორისო ღონისძიებების, გამოფენა-ბაზრობების, ტურიზმის, ღვინისა და გასტრონომიის სექტორის ფორუმების მონაწილე.

ამის შედეგად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი არამხოლოდ ახალ ეტაპზე გადავა, არამედ - პერსონალსა და სტუდენტებს კიდევ უფრო მეტად გაუხსნის გზას საერთაშორისო ასპარეზზე.

8000-წლიანი მოსავლის მქონე ქვეყნის ღვინის ისტორიაც კიდევ უფრო გაიშლება დედამიწის თითოეულ კუთხეში, ყველგან, სადაც ჭიქა ღვინო კულტურის განუყოფელი ნაწილია.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს