ნინო წილოსანი - გაუგებარია, რა მოტივაციით მოითხოვს ოპოზიცია პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას, რადგან „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები კონსტიტუციასთან თანხვედრაშია

ჩემთვის გაუგებარია რა მოტივაციით მოითხოვენ ისინი პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას, რადგან აღნიშნული ცვლილებები სრულ თანხვედრაშია კონსტიტუციასთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნულ კანონპროექტში ცვლილებები იქნება მაგალითი ოპოზიციისათვის, რომ შემდეგ მსგავს პროცესებში აუცილებლად ჩაერთონ.

„ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციას ერთადერთი გულისტკივილი იმაზე უნდა ჰქონდეს, რომ არ ჩაერთო პროცესში და არ მიიღო მონაწილეობა ამ ცვლილებების მიღებაში. დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო მუშაობის ფარგლებში მათი შენიშვნები და ახსნა-განმარტებები აუცილებლად იქნებოდა მიღებული. რაც შეეხება პრეზიდენტთან მათ კონსულტაციას, ჩემთვის გაუგებარია რა მოტივაციით მოითხოვენ ისინი პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას, რადგან აღნიშნული ცვლილებები სრულ თანხვედრაშია კონსტიტუციასთან და ზოგიერთი მათგანი საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებების მიხედვით არის მიღებული, ასევე საერთაშორისო პრაქტიკით არის მიღებული.

გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები კარგა ხანია შეინიშნება, რომ მუდმივად ტანდემში არიან ოპოზიციური პარტიის განცხადებებთან, თუმცა ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიერ გაკეთებულ განცხადებაში მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ უნდა ყოფილიყო ოპოზიციის ჩართულობა, რათა პარლამენტში ნორმალური, დემოკრატიული პროცესი წარგვემართა, თუმცა ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდა და ეს იქნება მათთვის მაგალითი, რომ შემდეგ პროცესში აუცილებლად ჩაერთონ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და გაამკაცრა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. კანონს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, რის შემდეგაც ძალაში შევა.

ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებს, რადგან მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა