კახა კოჟორიძის განცხადებით, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები „უკან გადადგმული ნაბიჯია ღრმა საბჭოთა კავშირში"

"ლელო საქართველოსთვის" წევრის, კახა კოჟორიძის განცხადებით, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით განხორციელებული ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯია ღრმა საბჭოთა კავშირში".

როგორც კოჟორიძე ამბობს, პრეზიდენტს შეხვედრაზე გააცნეს პარტიის პოზიცია, რომ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და გამოხატვის თავისუფლებას.

"ჩვენ ხაზგასმით ვუთხარით პრეზიდენტს ის, რაც პარლამენტის ტრიბუნიდანაც გაჟღერდა "ლელოს" წარმომადგენლის მხრიდან - ეს კანონპროექტი არის პირდაპირ პრინციპულ წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, გამოხატვის თავისუფლებასთან. ამ კანონპროექტის თანახმად, მკაცრდება სანქცია ქვეყანაში, სადაც ოფიციალურად 541 ათასი ადამიანი არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული, აქ სანქციას ზრდიან და რამდენიმე ათასლარიანი სანქციას აწესებენ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

არაერთ ადმინისტრაციულ სამათალდარღვევათა საქმეზე წინა თუ მოქმედი ხელისუფლების დროს ვმონაწილეობდი როგორც ადვოკატი და მინდა გითხრათ, რომ ეს კანონი ისედაც პრობლემურია. სანქციის გაზრდაზე საუბარი არის კიდევ ერთხელ უკან გადადგმული ნაბიჯი ღრმა საბჭოთა კავშირში, რომლის სულისკვეთებითაც არის ეს კანონპროექტი გაჟღენთილი. ეს კანონპროექტი საერთოდ გადასაგდებია ისტორიის სანაგვეზე და ამის ნაცვლად ხდება სანქციის კიდევ უფრო გამკაცრება. ამის პრინციპული წინააღმდეგები ვართ. პრეზიდენტს გავაცანით ჩვენი პოზიცია, თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, მას ჩვენთან შეხვედრაზე არ უთქვამს",- განაცხადა კოჟორიძემ და დასძინა, რომ "ოცნებამ" ცალმხრივი კანონპროექტების მიღებით დაადასტურა როგორი არასანდო პარტნიორია. ის მუდმივად არღვევს იმ შეთანხმებებს, რასაც ხელს აწერს".

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინდივიდუალურ რეჟიმში იმართება.

დღის განმავლობაში პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერი პოლიტიკური პარტიის ლიდერების ნაწილს უკვე შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და გაამკაცრა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. კანონს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, რის შემდეგაც ძალაში ის შევა.

ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებს, რადგან მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა