ლევან ლორთქიფანიძე ვასაძეზე - ყველა მხარე, რომელიც პოლიტიკურ ველზეა, ძალიან დასუსტებულია - ამ ფონზე გამარჯვების მეტი შანსი აქვს ამ კომბლიან კაცს, თუმცა არ მგონია, მას ქვეყნის დაცვა უნდოდეს

თუ ლევან ვასაძეს კონსოლიდირებული, პოზიტიური ალტერნატივა არ ეყოლა, მაშინ საფრთხის შემცველია. ჩემი აზრით, ვასაძე უფრო ჭკვიანია, მეტი ფული აქვს და კარგად არის დარაზმული, ვიდრე მთელი დანარჩენი ოპოზიცია ერთად აღებული, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ლევან ლორთქიფანიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ლორთქიფანიძის შეფასებით, ყველა მხარე, რომელიც პოლიტიკურ ველზეა, ძალიან დასუსტებულია, შესაბამისად სხვებს უკეთესი შანსი გაუჩნდათ.

“ბევრი მიზეზი არსებობს, თუ რატომ გადაწყვიტა ლევან ვასაძემ პოლიტიკაში შემოსვლა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავარი მახასიათებელი, რომელიც აქვს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, არის ფრაგმენტაციის კიდევ უფრო გაღრმავება. „ქართული ოცნება“ დაიშალა, ცალკე დარჩა ძირითადი ბლოკი და ცალკე გავიდა ბატონი გახარიას მხარე. „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკის შემადგენლობაც გაიხლიჩა, პრეზიდენტობის პოპულარული კანდიდატი, რომელიც სიის სათავეში ჰყავდათ, ცალკე გავიდა, სალომე სამადაშვილი ცალკე გავიდა, „რესპუბლიკური პარტიაც“ და კიდევ როგორ დაიშლება არ ვიცით. „ევროპული საქართველო“ აღარ არსებობს, დარჩა მხოლოდ გიგა ბოკერია და ვიღაც თეთრთმიანი კაცი გამოდის მაგათი პარტიიდან. ვაშაძის ბლოკი დაიშალა ორ ნაწილად. „პატრიოტთა ალიანსის“ ფულით გასული კვოტი ცალკე გავიდა და „პატრიოტთა ალიანსიც“ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა.

მეორე ფაქტორი, რამაც ხელი შეუწყო ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლას არის 6-თვიანი პროცესი, რომელმაც მთელი საზოგადოება დაღალა და გამოიწვია ანტიპათია როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მიმართ. ცალკე დანიელსონი გადარიეს და ცალკე საქართველოს მოსახლეობა. შარლ მიშელი ორჯერ ჩამოიყვანეს, რომ რაღაცისთვის ხელი მოეწერათ, ამანაც კრიტიკული დამოკიდებულება მთელი პოლიტიკური კლასის მიმართ გაზარდა. ძალიან დასუსტებულია ყველა მხარე, ვინც პოლიტიკურ ველზეა, შესაბამისად სხვებს უკეთესი შანსი გაუჩნდათ და ახალი ჯგუფი შეიძლება შემოვიდეს პოლიტიკურ ველზე.

თუ ლევან ვასაძეს კონსოლიდირებული, პოზიტიური ალტერნატივა არ ეყოლა, მაშინ საფრთხის შემცველია. ჩემი აზრით, ვასაძე უფრო ჭკვიანია, მეტი ფული აქვს და კარგად არის დარაზმული, ვიდრე მთელი დანარჩენი ოპოზიცია ერთად აღებული ამ მომენტში. ეს ალტერნატივა კი არ ჩანს არც საზოგადოებაში. საზოგადოების კონსერვატიულ სეგმენტზე დიდი ომი გაიმართება და უფრო მეტი გამარჯვების შანსი აქვს ამ კომბლიან კაცს, თუმცა ამ კაცს რომ უნდოდეს საკუთარი ქვეყნის დაცვა არ მგონია, როგორც წესი, მულტიმილიონერები პოლიტიკაში თავიანთი კაპიტალის გასაორმაგებლად მიდიან“, - აღნიშნა ლევან ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის. როგორც ვასაძემ განმარტა, ის აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც ერქმევა - "ერთობა, რაობა, იმედი". ვასაძის თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალში, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა