ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის გავლენის ქვეშ მოექცა, სპეკულაციაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი უმრავლესობის გავლენის ქვეშ მოექცა, სპეკულაციაა.

როგორც ღუდუშაურმა დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია “ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას” ცდილობს.

„მინდა ოპოზიციას ვუთხრა, რომ დროა შეეგუონ იმას, რომ საქართველოში არის დემოკრატია და როგორმე თავი დააღწიონ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს, როდესაც ყველა სინქრონში ექვემდებარებოდა და აღასრულებდა იმას, რასაც მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი ინებებდა. ამიტომ მათთვის წარმოუდგენელია, თუ როგორ შეიძლება პრეზიდენტი იყოს დემოკრატიის პრინციპების დამცველი და ობიექტური მსაჯული. ისინი აცხადებენ, რომ თითქოს „ქართული ოცნების“, ხელისუფლების წარმომადგენლების პრეზიდენტთან შეხვედრამ გავლენა იქონია მის გადაწყვეტილებაზე, ცალსახად მინდა დავაფიქსირო - თვითონაც ხომ შეხვდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტს, ამიტომ შეხვედრა თავისთავად ნიშნავს იმას, რომ რაიმე სახის ზეწოლას შეიძლება ჰქონდეს ადგილი? როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ძალიან არ მინდა ოპოზიცია იმყოფებოდეს ისეთ დაბალ ნიშნულზე, როგორზეც დღეს არის. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ თითქოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ვინმემ რამე სახის პირდაპირ ან არაპირდაპირ გავლენა მოახდინა, არის სპეკულაცია. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მან მიიღო აბსოლუტურად სამართლიანი, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება ყველა მხარის მოსმენის შემდეგ“,- განაცხადა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიციას ჰქონდა მძიმეწონიანი არგუმენტი, ისინი ამ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტში შემოსვლაზე უარს არ იტყოდნენ.

„ის, რომ ოპოზიციის ჩართულობა არ იყო ამ კანონპროექტის განხილვის დროს, ეს „ქართული ოცნების“ ბრალი კი არ იყო, არამედ, იმ ზარმაცი და არათანმიმდევრული ოპოზიციის, რომელმაც უარი თქვა აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობაზე. როდესაც კანონი მივიღეთ, ამის შემდეგ მოაწყვეს პოლიტიკური კეკლუცობა კამერების წინ. საკმარისზე მეტი არგუმენტი იყო წარმოდგენილი, რის გამოც, დღევანდელი სახით როგორც გვაქვს, კანონი უნდა მიგვეღო, ამიტომ ნებისმიერი ფორმით სხვადასხვა სპეკულაციები არის სრულიად უადგილო და „ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა“. მესმის, რომ შეთანხმებაზე ხელმომწერმა ოპოზიციამ აიღო პასუხისმგებლობა, თუმცა ვერ ბედავენ სრულფასოვნად ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში, მეორე მხრივ კი, მათი მხრიდან არის ერთგვარი მცდელობა, რომ როგორმე სააკაშვილთან, მელიასთან და ბოკერიასთან თავი იმართლონ თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ“, - განაცხადა ღუდუშაურმა და დასძინა, რომ ხშირ შემთხვევაში ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტები სამართლებრივ კრიტიკასაც ვერ უძლებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა