ინდოეთის სამედიცინო ასოციაცია ხელისუფლებას სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადებისკენ მოუწოდებს

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 366 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 754 ადამიანი გარდაიცვალა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, 22.66 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა და 246 116 - გარდაიცვალა.

ქვეყნის საავადმყოფოებში ჟანგბადისა და თავისუფალი საწოლების დეფიციტია, პროზექტურები და კრემატორიუმები კი გადატვირთულია. ექსპერტები აცხადებენ, რომ ინფიცირების რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ სტატისტიკაში ასახულზე გაცილებით მაღალია.

„ინდოეთის სამედიცინო ასოციაცია“ ხელისუფლებას სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადებისკენ მოუწოდებს.

„საჭიროა, სრული, კარგად დაგეგმილი და წინასწარ დაანონსებული „ლოქდაუნი,“- აცხადებენ ასოციაციაში.

ეკონომიკის დახურვისკენ ინდოეთის ხელისუფლებას თეთრი სახლის მრჩეველმა კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებში ენტონი ფაუჩიმაც მოუწოდა.

„ეკონომიკა უნდა დახუროთ. მჯერა, რომ ინდოეთის რამდენიმე შტატმა ეს უკვე გააკეთა, მაგრამ გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტა გჭირდებათ, ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა კი დახურვაა,“- განაცხადა ფაუჩიმ.

იხილეთ ვიდეო:ინდოეთის სამედიცინო ასოციაცია ხელისუფლებას სრული "ლოქდაუნის" გამოცხადებისკენ მოუწოდებს

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს