მეუფე შიო - ღვთისმშობლის წილხვდომილობა და ანდრია პირველწოდებულის შემოსვლა, რომელთაც დღეს ჩვენი ეკლესია და სახელმწიფოც ერთად აღნიშნავენ, განუყოფელია ერთმანეთისგან

ღვთისმშობლის წილხვდომილობა და ანდრია პირველწოდებულის შემოსვლა, რომელთაც დღეს ჩვენი ეკლესია და სახელმწიფოც ერთად აღნიშნავენ – ეს ორი მოვლენა განუყოფელია ერთმანეთისგან, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგებაშია ნათქვამი, რომელიც მან წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს გააკეთა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს გახლავთ წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და, აგრეთვე, საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაული.

პავლე მოციქული ამბობს: „მოიხსენეთ წინამძღვარნი თქვენი, რომელნიც გიქადაგებდნენ თქვენ ღვთის სიტყვას და ჰბაძევდით მათ სარწმუნოებას“.

აი, ამ ანდერძის მიხედვით, ჩვენი ეკლესიაც ადიდებს და იხსენებს ჩვენს ჭეშმარიტ წინამძღოლს – წმინდა ანდრია პირველწოდებულს, რომელმაც პირველმა იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში, დააარსა ეკლესიები, ჩვენი ერი გამოიყვანა წარმართობის წყვდიადიდან და გაანათლა ქრისტეს ჭეშმარიტი ნათლით.

ღვთისმშობლის წილხვდომილობა და ანდრია პირველწოდებულის შემოსვლა, რომელთაც დღეს ჩვენი ეკლესია და სახელმწიფოც ერთად აღნიშნავენ, – ეს ორი მოვლენა განუყოფელია ერთმანეთისგან, იმიტომ რომ, თქვენ იცით, როდესაც მოციქულებმა წილი იყარეს, თუ ვინ სად წასულიყო საქადაგებლად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმაც მონაწილეობა მიიღო ამ წილისყრაში და მას მოსაქცევად შეხვდა საქართველო. თუმცა შემდგომში მას ეცხადება უფალი ჩვენი იესო ქრისტე და შეაჩერებს.

მინდა, წაგიკითხოთ მოკლედ ეს სიტყვები ჩვენი საეკლესიო გარდამოცემიდან, რომელიც შემდგომში აღიბეჭდა ჩვენს მატიანეებში. უფალი ეტყვის, რომ „არა უგულებელს-ვყოფ მე ერსა ამას საზეპუროსა, რომელიც შენი წილხვდომილია, შენი მეოხებითა ერსა ამას საზეპუროს „უფროის ყოველთა ნათესავთა“; უბრძანებს, გააგზავნოს წმინდა ანდრია პირველწოდებული და წარატანოს მას თან მისი ხელთუქმნელი ხატი, რომელიც „მკვიდრობდეს მცველად მათდა უკუნისამდე ჟამთა“.

ამას უბრძანებს უფალი იესო ქრისტე და შემდეგ, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ანდრია პირველწოდებულს ამ ლოცვა-კურთხევას აუწყებს, იგი ამბობს: „...გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი და მიბრძანა, რათა შენ წარხვიდე და წარასუენო სახე ჩემი და სახიერისა ძისა ჩემისა ქუეყანას, ჩემდა წილხუდომილსა, რაითა მე ვიყო განმგებელი ცხოვრებისა მათისა, ხელი აღუპყრა და შევეწიო მათ, და არავინ მტერთაგან მძლე ექმნეს მათ“. აი, ასეთი საოცარი სიტყვებია.

დღეს ჩვენ ამ ორ დიდებულ მოვლენას აღვნიშნავთ, რომლებიც ერთიანად მოიაზრება. თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს ორი მოვლენა, – ჩვენს ქრისტიანულ ეკლესიასთან ერთად, რაც არის ყველაზე დიდი საუნჯე, – გახლავთ ორი დიდი ნიშანი სწორედ იმ საზეპუროობისა, რომელზედაც უფალი იესო ქრისტე საუბრობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ჩვენ მიერ წაკითხული გარდამოცემის მიხედვით.

აქ ისმის ასევე კითხვა: რატომღა მიიღო მონაწილეობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა წილისყრაში, თუ არ უნდა წამობრძანებულიყო საქართველოში საქადაგებლად და მას შეაჩერებდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე?

ამაზე პასუხი არის ღირსი მამა მაქსიმე აღმსარებლის მიერ დაწერილ ღვთისმშობლის ცხოვრებაში. იქაც არის მსგავსი ეპიზოდი. როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გაემართება საქადაგებლად (იქ არ წერია, სად მიდის, საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში, მაგრამ ძალიან საინტერესო მსგავსებაა ჩვენს გარდამოცემასთან), ნათქვამია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გაემართება, ანუ გარკვეულ გზას გაივლის იოანე ღვთისმეტყველთან და მენელსაცხებლე დედებთან ერთად. იქაც გამოეცხადება მას მაცხოვარი, იქაც შეაჩერებს და ეტყვის, რომ უნდა დაბრუნდეს იერუსალიმში და იყოს ნუგეში და მფარველი იერუსალიმის ქრისტიანებისათვის, რომლებიც იმჟამად ძალიან დიდ შევიწროებასა და ხშირად დევნასაც განიცდიდნენ.

წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ უფალმა იესო ქრისტემ აქაც შეაჩერა ღვთისმშობელი, მაგრამ თავდაპირველად გაუშვა, რომ წასულიყო; რატომ? იმიტომ, რომ გამოჩენილიყო, გამოვლენილიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოშურნეობა, სიბეჯითე ღვთის სიტყვის ქადაგების საქმეში...

და თუ მაქსიმე აღმსარებელი ასე ღვთისმეტყველებს, ხომ შეიძლება, ჩვენც ასე ვთქვათ, რომ ანდრია პირველწოდებულის შემთხვევაშიც იმიტომ მიიღო მონაწილეობა წილისყრაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, რომ აქაც გამოჩენილიყო მისი ეს მოშურნეობა და ასევე გამოვლენილიყო ის განსაკუთრებული მფარველობა და სიყვარული ჩვენი ერისადმი, რაც ჩვენ მიერ წაკითხულ სიტყვებშიც გამოჩნდა, რომ საქართველო არის „ერი საზეპურო“ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფება.

აი, ასეთი საოცარი დღეა დღეს. გილოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

დღეს იყო წაკითხული სახარება ანდრია პირველწოდებულთან დაკავშირებით, სადაც მოთხრობილია, როგორ გამოარჩია უფალმა იესო ქრისტემ პირველი მოწაფეები – პეტრე, ანდრია, ფილიპე, ნათანაელი. პირველი მათ შორის იყო ანდრია. ანდრია მიდის პეტრესთან და ეუბნება, რომ „ჩვენ ვპოვეთ მესია, რომელიც ნიშნავს ქრისტეს“ და მიიყვანს პეტრეს ქრისტესთან; ქრისტე ეტყვის პეტრეს, რომ „ამიერიდან შენ გეწოდება კეფა, ანუ კლდე“. შემდგოში, სხვა დროს, ეტყვის, რომ „ამ კლდესა ზედა დავაფუძნებ ჩემს ეკლესიას“.

უფალ იესო ქრისტეს მობრძანების მიზანი იყო სწორედ ეკლესიის დაარსება, მოციქულების გამორჩევა, რომელთაგან, როგორც ვთქვით, ანდრია იყო პირველი. სახარებაში ნათანაელის გამორჩევის დროს უფალი განმარტავს, რა ნიშნით ირჩევდა მოციქულებს. თქვენ გახსოვთ, როდესაც მასთან მიდის ნათანაელი, უფალი რას ამბობს: „აჰა, ჭეშმარიტი ისრაიტელი, რამეთუ მისთვის უცხო არს ზაკუვა“.

აი, ამ ნიშნით გამოარჩია უფალმა მოციქულები, – ვინც არის უზაკველი, სუფთა, წმინდა, წრფელი, პატიოსანი, წესიერი, – აი, ასეთი ადამიანები გამოარჩია უფალმა იესო ქრისტემ და უკლებლივ ყველა მათგანი, იოანე ღვთისმეტყველის გარდა, თავის სიცოცხლეს სწირავს შემდგომში უფალ იესო ქრისტესა და მისი სიტყვის ქადაგებას.

მათ ხომ შეეძლოთ, უარი ეთქვათ ამ თავგანწირვაზე? არავინ ამის გამო არ დასჯიდა მათ, მაგრამ მათ, როგორც წრფელმა და გულით სუფთა ადამიანებმა, პირდაპირ მიიღეს და დაიმახსოვრეს უფლის მცნებები, უფლის სიტყვები, მათთვის მთავარი ეს იყო – რას ამბობს უფალი, რას ფიქრობს, რას გვავალებს, რას ქადაგებს. უფალი ამბობს, რომ „ვინც მაღიარებს მე წინაშე კაცთა, მეც ვაღიარებ მას წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა, ხოლო ვინც უარმყოფს მე წინაშე კაცთა, მეც უარვყოფ მათ“. ეს სიტყვები ახსოვდათ მოციქულებს. „წარვედით და მოიმოწაფეთ ყოველნი წარმართნი, ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა“ – ეს აღასრულეს მოციქულებმა, მათ ერჩივნათ, სახლში დარჩენის ნაცვლად, მომკვდარიყვნენ ამისთვის.

და აი, დღეს ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს თავზეც, თუ რამდენად შორს ვარ ასეთი განწყობისგან, რომ ვფიქრობდეთ და გვადარდებდეს მხოლოდ ის, თუ რას ფიქრობს უფალი იესო ქრისტე, რას გრძნობს უფალი იესო ქრისტე, რა სურს მას, რას გვეუბნება ჩვენ, რას ითხოვს ჩვენგან. გულის სიღრმეში რომ ჩავიხედოთ, არის კი ეს ჩვენი მთავარი საზრუნავი? თუ უფრო მეტად ის, რომ ამქვეყნიურ კეთილმოწყობაზე ვიზრუნოთ? უფრო მეტად, ალბათ, მრავალი ადამიანისთვის საზრუნავია ის, თუ როგორ არიან მათი შვილები, შვილიშვილები, რამდენად ჯანმრთელად არიან, რამდენად გამოკვებილნი და ნასწავლნი არიან. ეს გამოთქმა ძალიან გავრცელებულია დღეს – „მთავარია ჯანმრთელობა“, იმაზე ვზრუნავთ კი, რომ შვილები არიან სულიერნი, თუ არ არიან სულიერნი, არიან ქრისტესთან, თუ არ არიან ქრისტესთან?

ამიტომ უფალი მეტს ითხოვს ჩვენგან, ცდილობს, გვასწავლოს ეს ყველაფერი. როგორც დღეს წაკითხულ სახარებაში იყო უფლის სიტყვები: „რომელმან ისმინოს სიტყვანი ჩემნი და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, მას ჰქონდეს ცხოვრება საუკუნო და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს სიკვდილისაგან ცხოვრებად“.

აი, ეს უნდა უფალს, რომ მოგვცეს საუკუნო სიცოცხლე; იგი იმისთვის არ მოსულა, რომ ჩვენი შვილიშვილები ჯანმრთელნი იყვნენ. ეს კარგია, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ჯანმრთელობას ვუსურვებთ ერთმანეთს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, როგორც, სამწუხაროდ, ბევრს ჰგონია.

უფალი იესო ქრისტე გვასწავლის იმას, რაც არის მთავარი ამ ცხოვრებაში. ამიტომ მოვიდა, ამიტომ იწილხვედრა ღვთისმშობელმა ჩვენი ქვეყანა, ამიტომ წარმოიგზავნა ანდრია პირველწოდებული, რომ გვასწავლოს, რა არის მთავარი ამ ცხოვრებაში და რა არის მთავარი ადამიანისთვის. ამაზეა საუბარი დღევანდელ სახარებაში, სადაც არის ანდრია პირველწოდებულის სიტყვები, როდესაც იგი მიდის პეტრესთან და ეუბნება: „ჩვენ ვიპოვეთ მესია, რომელიც არის ქრისტე“.

აი, ეს არის მთავარი ცხოვრებაში, რომ ადამიანმა იპოვოს მესია, აღიაროს იესო ქრისტე, როგორც მესია, მხსნელი და ძე ღვთისა, ემსახუროს მას სულითა და ჭეშმარიტებით, შეიცნოს უფალი იესო ქრისტე, ეს არის საუკუნო ცხოვრება და ცხოვრების აზრი.

ეს არის, როგორც უფალი იესო ქრისტე ამბობს: გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება – „მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და ცხოვრება“. ვინც იპოვის მესიას, ის პოულობს გზას, ის პოულობს ჭეშმარიტებას, ის პოულობს, ცხოვრობს. ვინც არის ქრისტეს გარეთ, ის რჩება სიცოცხლის გარეთ, იმიტომ, რომ ადამიანი არის მარადიული არსება, მარადიული პიროვნება და მარადისობისთვის არის მოწოდებული. იესო ქრისტეს გარეშე კი ამ მარადისობას ადამიანი ვერასდროს იმკვიდრებს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ.

როგორც მოგახსენეთ, ეს ორი მოვლენა, რომელსაც აღვნიშნავთ დღეს, იმასთან ერთად, რომ საქართველოსთვის ბოძებული იყო კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, არის უმთავრესი ნიშნები ჩვენი ერის საზეპუროობისა. მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში, გაქრისტიანებისა და მოციქულების ქადაგების შემდგომ, ჩვენი ერი ცდილობდა, ეს მთავარი საუნჯეები შეენახა და ამისთვის ეცხოვრა, მიუხედავად მრავალი წამებისა და ტანჯვისა.

უფალმა ინებოს, გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ჩვენი ერის გადარჩენის გზა და გავხდეთ თანაზიარნი ამ საზეპურო ერისა, იმიტომ, რომ მარტო წარმომავლობით ქართველობა არ ნიშნავს საზეპურო ერის წევრობას. როგორც ამბობს პავლე მოციქული: „ვინც ისრაელისაგან არის, ყველა როდია ისრაიტელი, შვილი ღვთისა ყველა როდია, ვინც წარმომავლობით არის აბრაამის შთამომავალი, არამედ შვილად ღვთისა, აღთქმის შვილი იწოდება თესლად, ანუ ნათესავად ჭეშმარიტ ისრაიტელად“. ასე რომ, უფალმა ინებოს, ჩვენი ცხოვრებით, მთელი ჩვენი ერი გავხეთ თანაზიარნი საზეპურო ერისა, რომლის შესახებაც დღეს არის საუბარი.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

თქვენ იცით, რომ სახელმწიფომ ეს დღესასწაული სახელმწიფო დღესასწაულად აღიარა. ეს არის დიდი მოვლენა, როცა ქვეყანა და სახელმწიფო აღიარებს ღვთისმშობლის წილხვდომილობას უდიდეს მოვლენად, რომელმაც ჩამოაყალიბა და ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი იყო ჩვენი ერის რაობისა, ვინაობისა და სულიერებისა.

გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს.

ნება მომეცით, თქვენთან ერთად ჩვენი მილოცვა გავუგზავნოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს იმიტომ, რომ თუ დღეს ვინმე არის გამგრძელებელი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო ღვაწლისა, სწორედ ის გახლავთ. სწორედ ის გახლავთ ადამიანი, რომელიც თავისი თვისებებით ატარებს ამ დიდ ნიშნებს. მისი ღვაწლის მასშტაბი, მისი ღვაწლის ნაყოფი ჭეშმარიტად სამოციქულოა, ჩვენ დღეს ამას ვხედავთ, ვიმკით და ვმადლობთ მას, ვუსურვებთ დღეგრძელობას და ჯანმრთელობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა