თავდაცვის მინისტრი - მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობით იგეგმება „ჯაველინების“ დამატებითი პარტიის შეძენა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა, მათ შორის ხაზგასმით აღნიშნა ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვის მნიშვნელობა.

„რიცხობრივად და ტექნოლოგიურად უპირატესი მოწინააღმდეგის განეიტრალებისათვის მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვა. ამ მიზნით, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობით იგეგმება „ჯაველინების“ დამატებითი პარტიის შეძენა“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, თავდაცვის ძალების მაღალი მზადყოფნის შენარჩუნებისა და მისი კიდევ უფრო ამაღლების მიზნით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება განსაკუთრებით თანამედროვე, ნატოს სტანდარტების შეიარაღების დანერგვის გზით.

ამასთან, როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, დღეს აშშ-საქართველოს ურთიერთობა არის უპრეცენდენტოდ მაღალ დონეზე.

"მინდა გითხრათ, რომ სამაგალითოა საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა თავდაცვის სფეროში, რაც გამოიხატება უპრეცენდენტო და პრაქტიკული მხარდაჭერით ჩვენი ჯარის მშენებლობისა და რეფორმირების საკითხში“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან გამართულ სატელეფონო საუბარზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თავდაცვის მდივანმა საქართველოსთან მეტი ჩართულობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ კანონმდებლებთან აშშ-სთან წარმატებით მიმდინარე 3-წლიან სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ამოცანების შესრულებაზეც ისაუბრა.

ასევე, განსაკუთრებით გამოყო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება, რომლის ფარგლებშიც 8 ბატალიონი უკვე გაიწვრთნა და მიმდინარე წელს მე-9 ბატალიონიც დაემატება. „მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ს ამ მნიშვნელოვანი პროექტების ინიცირებისა და მხარდაჭერისთვის, ყოველწლიური სამხედრო ფინანსური დახმარებისთვის, თანამედროვე შეიარაღების შეძენის შესაძლებლობისთვის და ყველა იმ პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი წლებია საქართველოს და ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებისთვის იჩენენ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბალტიისა და სკანდინავიის, ასევე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზეც. მინიტრმა ხაზი გაუსვა ასევე, სტრატეგიულ პარტნიორობას თურქეთთან, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს თავდაცვის ძალებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს