ჯუანშერ ბურჭულაძე - თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად უმნიშვნელოვანესია ეფექტიანი და ქმედითი ეროვნული რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემის ჩამოყალიბება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში ეროვნული რეზერვის, სამობილიზაციო სისტემისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ ისაუბრა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ამ მიმართულებით ბევრი სიახლე იგეგმება.

„ჩვენი ჯარის მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის ინსტიტუციურ განვითარებას, რომელმაც უნდა შექმნას მყარი და გრძელვადიანი საფუძველი მისი მდგრადი განვითარებისთვის. თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად უმნიშვნელოვანესია ეფექტიანი და ქმედითი ეროვნული რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემის ჩამოყალიბება, რომლის მიზანია ჩვენი ჯარისთვის საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის შესაძლებლობების გაძლიერება. თქვენ იცით, რომ 2020 წელს ჩვენ გავაორმაგეთ ტერიტორიული რეზერვი და დამატებით მომზადდა კიდევ ოთხი ასეული. მიმდინარე წელს აქტიურ სარეზერვო სამსახურში მიღებული იქნება დაახლოებით 1000 ადამიანი, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ჩვენს შესაძლებლობებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანად გაუმჯობესდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის პირობებიც, კერძოდ, გაუმჯობესდა წვრთნების ხარისხი და სოციალური პირობები. მისი თქმით, შემუშავებულია თავდაცვის კოდექსის ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის შემცირებას და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს.

„აღნიშნული რეფორმის მიზანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის მეტი პოპულარიზაცია, ერთიანი სტანდარტით გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვის შექმნა. დარწმუნებული ვარ, თქვენთან მჭიდრო კონსულტაციით და თანამშრომლობით შევძლებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას“,- განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც ქართველი ჯარისკაცების დაფასებისა და მათთვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით თავდაცვის უწყება ახორციელებს.

„ჩვენი ჯარის მზადყოფნის გაძლიერება წარმოუდგენელია ჩვენი სამხედროების და მათი ოჯახების სათანადო დაფასების გარეშე, რადგან თავდაცვის ძალების მთავარი საყრდენი და ქვაკუთხედი ჩვენი ჯარისკაცები არიან. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, განსაკუთრებით გააქტიურებულ სამხედროების დაფასების პოლიტიკას. შედეგად სამხედროების სახელფასო, კვებითი, ჯანდაცვის, განათლების, საბინაო, აღჭურვილობის და სხვა მიმართულებებით პირობების გაუმჯობესება გაგრძელდება“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მახათას მთაზე ბინების მშენებლობის პროცესი.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ დეპუტატებს განუცხადა, „ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება, სადაც ჯამში 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იცხოვრებს.

„აქტიურად მიმდინარეობს მახათას მთაზე ბინების მშენებლობის პროცესი. ამ პროექტით, პირველ ეტაპზე, ათასზე მეტ სამხედროს შესაძლებლობა აქვს, 50%-იანი თანადაფინანსებით, კვადრატული მეტრი დაახლოებით 100 დოლარის ფარგლებში შეისყიდონ და ამ თანხის გადასახდელად ისარგებლონ შიდა განვადებით. ამ დროისათვის მშენებლობა აქტიურ პროცესშია. ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა დასრულდება 2022 წლის ბოლომდე, რომელშიც ჯამში 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იცხოვრებს“,- აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყება უახლოეს თვეებში დაასრულებს 2007 წელს სამხედროების წინაშე კონტრაქტით აღებული ბინით უზრუნველყოფის ვალდებულებას, რომელიც ჯამში 2000-ზე მეტ სამხედროს მოიცავდა.

ამასთან, როგორც მინისტრმა განაცხადა, მიმდინარე წელს თავდაცვის ძალები 100-მდე ობიექტის მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის გამართვაზე 80 მილიონ ლარს დახარჯავს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის ძალებს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჰქონდეს.

„თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება და ამისთვის 2020 წელს გამოიყო 100 მილიონი ლარი, რაც წინა წლებთან შედარებით 4-ჯერ მეტი თანხაა. წელს ამ მიმართულებით დავხარჯავთ 80 მილიონ ლარს და გავარემონტებთ 100-მდე ობიექტს. ჩვენ უნდა გვქონდეს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო