აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლობენ, სემინარი გაიმართა

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლობენ, სემინარი “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები” გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გამართული სემინარის მონაწილე 30-მდე ახალგაზრდას მთავარი მოხსენებით მიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირის როლზე საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მიმოიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის განვითარება და ამ პროცესში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები.

თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებს შერიგების პოლიტიკის, ასევე სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა და მათი ჩართულობის როლი შერიგების პროცესსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში.

„ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ოკუპაციის ფონზე, რომლის უმძიმეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ თუ ადამიანის უფლებრივ გამოწვევებს, თან ახლავს მძლავრი რუსული პროპაგანდა, რომელიც მიმართულია მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩვენი ახალგაზრდებისთვის და საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლება ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და პრიორიტეტებზე. სწორედ ამას ემსახურებოდა დღევანდელი სემინარი, რომელიც ჩატარდა საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონის ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დღესდღეობით სარგებლობენ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში გახსნილი საგანმანათლებლო გამარტივებული პროგრამებით და დღეს მოღვაწეობენ, სწავლობენ და აგრძელებენ თავიანთ აკადემიურ საქმიანობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. მადლიერება მინდა გამოვთქვა ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართ, ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სემინარზე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ რაიან ჰარკერ ჰარისმა.

ერთდღიანი სემინარის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ ნატო-ს დაარსების გარემოებებზე, მის ამოცანებსა და მიზნებზე, ნატო-ს როლზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკასა და თანამშრომლობის მექანიზმებზე, ევროკავშირის ისტორიულ განვითარებაზე, ასოცირების შეთანხმებასა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.

ახალგაზრდებმა სემინარზე ასევე ინფორმაცია მიიღეს ანტიდასავლური პროპაგანდის ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებსა და გამოწვევებზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა