არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს, რომელიც კომისიის თანდასწრებით, შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლის

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს, რომელიც კომისიის თანდასწრებით, შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლის.

ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, კომისიის მუშაობის საკითხზე დასკვნას აპარატი მოამზადებს, რაც დამტკიცების შემთხვევაში ბიუროზე და პლენარულ სხდომაზე გავა.

„სამოქმედო გეგმა, რომელსაც დღეს ჩვენ იმედია, დავამტკიცებთ, ერთ-ერთ კომპონენტად ითვალისწინებს გარკვეული უბნების გადათვლას, რაც საგამოძიებო პროცესისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია. გადათვლის პროცესი არ არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების ქონასთან.

იმისთვის, რომ ეს პროცესი პროფესიონალურად წარიმართოს, ჩვენ ამ ბიუჯეტით მოვითხოვეთ 12 ე.წ. მთვლელის დაქირავება მოხდეს, რომლებიც ჩვენი თანდასწრებით, პირდაპირ ეთერში განახორციელებენ ამ გადათვლის პროცესს, როცა შევათანხმებთ, რომელი უბნების გადათვლა მოხდება და რა პრინციპით. ეს ადამიანები განახორციელებენ გადათვლას, მაგრამ ჩვენ ვიქნებით დამსწრე, ზედამხედველი და იმის მაკონტროლებელი, რომ ეს პროცესი სწორად მიმდინარეობს.

იმისთვის, რომ საჯაროობა და ღიაობა უზრუნველყოფილი იყოს, მნიშვნელოვანი იქნება, რომ პროცესი ლაივსტრიმით პირდაპირ ეთერში იქნება გადაცემული. ასევე, კომისიის აპარატის ფარგლებში ჩვენ დავიქირავებთ თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან საოქმო ჩანაწერებზე თითოეულ სხდომასთან დაკავშირებით, ასევე, საორგანიზაციო საკითხების მიმართულებითაც. ისევე, როგორც ერთი ადამიანი, რომელიც კომისიის მუშაობის ამსახველ დასკვნას მოამზადებს და შემდგომში ეს დასკვნა ჩვენ წარგვედგინება, რაც განიხილება კომისიის მუშაობის ფორმატში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მხარს ვუჭერთ თუ არა დასკვნის ამ ფორმას. მხარდაჭერის შემთხვევაში კი, წარედგინება პარლამენტის ბიუროს და პარლამენტის პლენარულ სესიას შემდგომი განხილვა-დამტკიცებისთვის“, - განაცხადა მიქანაძემ.

ამასთან, მიქანაძემ განმარტა, რომ პარლამენტში ახლახანს შესული ოპოზიციის წარმომადგენლები საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარს ამ დრომდე აცხადებენ, თუმცა, მისივე თქმით, ოპოზიციას ნებისმიერ დროს შეუძლია ჩაერთოს საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესში.

როგორც მიქანაძემ სხდომაზე განაცხადა, მისი მოსაზრებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დახმარებით უნდა შეირჩნენ პროფესიონალი მთვლელები თბილისის იმ უბნებიდან, სადაც არჩევნებზე არც საჩივრები დაწერილა და არც რაიმე დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ.

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვთხოვოთ წარმოადგინოს პროფესიული ნიშნით შერჩეული 12 კომისიის წევრი თბილისის იმ უბნებიდან, სადაც არც არაფერი გასაჩივრებულა, არც არაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარა. მათ გამოცდილება აქვთ როგორ უნდა მოხდეს დათვლა“, - განაცხადა მიქანაძემ, რასაც კომისიის ოპოზიციონერი წევრები დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯიაც დაეთანხმნენ.

ზილფიმიანმა დასძინა, რომ 12 პროფესიონალი მთვლელიც ლოტოტრონის პრინციპით უნდა შეირჩეს.

ცნობისთვის, პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა იმართება. სხდომაზე საგამოძიებო კომისიის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ და დაამტკიცებენ. კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა 13 მაისს გაიმართა, სადაც კომისიის თავმჯდომარედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აირჩიეს. დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი კი „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი გახდა. კომისია პარლამენტის დადგენილებით 1-ელ აპრილს შეიქმნა. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების 3-თვიანი ვადა 17 მაისს ეწურებოდა, თუმცა, მას ვადა პარლამენტმა ერთი თვით გაუხანგრძლივა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა