მოწმე - ვახო სანაიას ვაჟა გიგაური წიხლებით შედგა, დანარჩენი ორი ამ დროს ქვემოდან მორბოდა და ჩხუბში ჩაერთნენ ხელებით, ფეხებით, გინებით

ვახო სანაიას ვაჟა გიგაური წიხლებით შედგა, დანარჩენი ორი ამ დროს ქვემოდან მორბოდა და ჩხუბში ჩაერთნენ, ხელებით, ფეხებით, გინებით, როგორც ხდება ჩხუბის დროს, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე მოწმემ - გიორგი რამაზაშვილმა განაცხადა. ის სასამართლოში ჩვენებას ამ წუთებში აძლევს.

რამაზაშვილი იმ ავტომანქანას - „მინივენს“ მართავდა, რომელშიც ვახო სანაია ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მოწმემ დეტალურად გაიხსენა ინციდენტის დღე, როცა უამინდობის გამო, მანქანა წყნეთის გზაზე ვერ აჰყავდათ. როგორც ის ჩვენებაში აცხადებს, ვიდრე სამაშველო ჯგუფი მოვიდოდა, ერთი აღმართი თავად გაიარეს, იმ მომენტში ბრალდებულები ეხმარებოდნენ თუ არა, არ ახსოვს, თუმცა, ამბობს რომ მაშველების მოსვლის შემდეგ, ბრალდებულები მათ ეხმარებოდნენ.

„სამაშველო სამსახური გამოვიძახეთ, მალევე მოვიდნენ... ვახო და გიგაური გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ, მაშველებთან ერთად აწვებოდნენ მანქანას, ვახოს ჩამოძვრა ნიღაბი, გიგაურმა იცნო და მიმართა, „პროვოკატორო, ჩემი სახე დაიმახსოვრეო“. ვახომ უთხრა, ახლა ვერაფერს ვხედავ, ჩემი პრობლემა მაქვს და დამანებე თავიო. გიგაური წავიდა, მანქანას წრე დაარტყა, ფეხი აუცდა და დაეცა, დაეცა ვახოც. ხმაურზე მოვიდნენ დანარჩენებიც და ჩაერთნენ კონფლიქტში. ჩხუბი იყო, ფრაგმენტებად ვხედავდი გვერდითა სარკიდან, გიგაური რომ წაიქცა, მერე ვახოც დაეცა და წიხლებით შედგა გიგაური ვახოს, დანარჩენი ორი ამ დროს ქვემოდან მორბოდა და ჩხუბში ჩაერთნენ, ხელებით, ფეხებით, გინებით, როგორც ხდება ჩხუბის დროს. დავინახე, რომ მურუსიძეს ხელი მოხვდა, შეიძლება შემთხვევით მოხვდა, ვერ დავაზუსტებ. სამაშველო სამსახური ცდილობდა სიტუაცია განემუხტა, მე ფიზიკურად ვერ ჩავერეოდი, რადგან მანქანის მუხრუჭზე მეჭირა ფეხი, სამაშველომ დააშოშმინა სიტუაცია. სანაიას პატარა ბავშვი ჰყავდა, 3 წლისაც არაა, კონფლიქტის დროს ბავშვი ჩავარდა ისტერიკაში. ეს ბიჭები დაბლა ჩავიდნენ და ჩვენ გავაგრძელეთ მანქანის ამოყვანა. საპატრულო მალევე მოვიდა“, - განაცხადა რამაზაშვილმა.

მოწმემ ადვოკატების მიერ ჯვარედინი დაკითხვისას დააზუსტა, კონფლიქტში მონაწილეებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ ქართული ბანკების რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა