აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა სამხედრო ტყვე და სხვა დაკავებულები

შეერთებული შტატები შეშფოთებულია ბოლო დროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის გასწვრივ განვითარებული მოვლენებით, მათ შორის, აზერბაიჯანის მიერ რამდენიმე სომეხი ჯარისკაცის დაკავებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

სახელმწიფო დეპარტამენტი მხარეებს ინციდენტის სასწრაფოდ და მშვიდობიანად მოგვარებისკენ მოუწოდებს.

“მოვუწოდებთ ორივე მხარეს სასწრაფოდ და მშვიდობიანად მოაგვარონ ეს ინციდენტი. ასევე ვაგრძელებთ მოწოდებას აზერბაიჯანის მიმართ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა სამხედრო ტყვე და სხვა დაპატიმრებული პირი. აზერბაიჯანს ყველა პატიმრისადმი ადამიანურად მოპყრობის შესახებ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს ვახსენებთ,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, შეერთებული შტატები სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო საზღვრის არადემარკირებული ტერიტორიების გასწვრივ ნებისმიერ გადაადგილებას პროვოკაციულად მიიჩნევს.

„უარვყოფთ ძალის გამოყენებას საზღვრის დემარკაციისთვის და ორივე მხარეს მოვუწოდებთ, თავიანთ პოზიციებზე დაბრუნდნენ და შეაჩერონ არადემარკირებული საზღვრის სამხედრო გამაგრება. კერძოდ, ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, გადაიყვანოს თავისი ძალები იმ პოზიციებზე, რომლებსაც ისინი 11 მაისს იკავებდნენ. ასევე მოვუწოდებთ სომხეთს, გადაიყვანოს თავისი ძალები იმ პოზიციებზე, რომლებსაც 11 მაისს იკავებდნენ,“- აღნიშნულია განცხადებაში.

შეერთებული შტატები მოუწოდებს მხარეებს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით წარმოებულ არსებითი მოლაპარაკებებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური მოგვარების მისაღწევად.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა სამხედრო ტყვე და სხვა დაკავებულები

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო