ივანე ჩხაიძე „ინდურ შტამზე“ - თუ უფრო მეტად გეშინიათ, გაიკეთეთ ორი ნიღაბი, არაფერი ცუდი ამაში არ არის და აუცილებლად იფიქრეთ ვაქცინაციაზე

თუ უფრო მეტად გეშინიათ, გაიკეთეთ ორი ნიღაბი, არაფერი ცუდი ამაში არ არის და აუცილებლად იფიქრეთ ვაქცინაციაზე, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მან საქართველოში „ინდური შტამის“ დაფიქსირებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული შტამი უფრო მეტი გადამდებლობით გამოირჩევა. არის თუ არა ინდური შტამი უფრო მეტად სასიკვდილო და შეუძლია თუ არა მეტი ლეტალური შემთხვევის გამოწვევა, ჩხაიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

„არავის არ ჰქონდა ილუზია, რომ ჩვენ ამ შტამს გადავრჩებოდით, რადგან დღეისათვის ეს შტამი მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული და ამ ქვეყნების რაოდენობა პრაქტიკულად ყოველ თვეში მატულობს. ყველაზე მთავარია, რამდენად საშიშია ეს შტამი და რამენად არის იმის ალბათობა, რომ „ინდურმა შტამმა“ ჩაანაცვლოს დღეისათვის საქართველოში დომინანტური ბრიტანული შტამი. პირველ რიგში, აქ მნიშვნელოვანია, იქნება თუ არა ბევრი შემთხვევა შემოტანილი, ვინაიდან ბრიტანული შტამი სწორედ შემოტანილი შტამი გახლავთ. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ინდოეთთან არ გვაქვს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, იმის გათვალისწინებით, რომ ტურისტების ნაკადი ინდოეთიდან საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს, იმის ალბათობა, რომ ქვეყანაში ბევრი ადამიანი შემოვა, ძირითადად მესამე ქვეყნიდან, სადაც ეს შტამია დაფიქსირებული, ძალიან ცოტაა. დღეისათვის ინდოეთშიც კი არ არის სრული სურათი არის თუ არა ე.წ. „ინდური შტამი“ ინდოეთში ამ დიდი აფეთქების გამომწვევი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირდა“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე განმარტებით, დღეისათვის ავტორიზებული ყველა ვაქცინა „ინდურ შტამთან“ მიმართებაში ეფექტურია.

„აუცილებელია იმ მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება, რომ ჯანმო-ს მონაცემებით, დღეისათვის მის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა ეფექტურია „ინდური შტამის“ საწინააღმდეგოდაც. ასე, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს რისკი ნაკლები აქვთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვიტავს, ეს კიდევ ერთი არგუმენტია, ვაქცინა ჩავიტაროთ, რადგან ე.წ. ინდურ შტამს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგზანიზაცია განიხილავს, როგორც შეშფოთების შტამს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თვისება, რაც ახასიათებს, იყოს უფრო მეტად გადამდები, ნებისმიერ ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების მატების გარკვეული რისკია, მათ შორის, საქართველოში. ეს შტამი გამოირჩევა უფრო მეტად გადამდებლობით, ის ცოტათი ჩამორჩება ბრაზილიურ შტამს და ორჯერ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე ბრიტანული შტამი. თუმცა, არის თუ არა უფრო მეტად სასიკვდილო და შეუძლია თუ არა მეტი ლეტალური შემთვევების გამოწვევა, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

ვისაც მეტი შიში აქვს, გაითვალისწინოს ამერიკელების გამოცდილება და რეკომენდაციები, რომლებმაც ჩათვალეს, რადგან „ბრიტანული შტამი“ უფრო მეტად გადამდები იყო, ორი ნიღბის ტარება უფრო მეტად ეფექტური იქნებოდა ინფიცირების თავიდან ასაცილებლად. თუ უფრო მეტად გეშინიათ, გაიკეთეთ ორი ნიღაბი, არაფერი ცუდი ამაში არ არის და აუცილებლად იფიქრეთ ვაქცინაციაზე“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა