საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ეფექტური კოორდინაციისთვის ერთიანი პლატფორმა შეიქმნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც სამინისტროსთან ერთად განათლების სფეროს განვითარებისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ ონლაინ შეხვდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციისა და კოორდინაციის ეფექტური მექანიზმის შემუშავება წარმოადგენდა სამინისტროს სტრატეგიული პრიორიტეტების გათვალისწინებით.

დაგეგმილია ერთიანი პლატფორმის შექმნა, სადაც მოხდება განათლების სექტორში მიღწეული პროგრესის შეფასება, დონორებისა და სხვა მონაწილეთა მიმდინარე პროგრამების განხილვა, ინვესტიციების საჭიროებების დაზუსტება და ახალი ერთობლივი პროექტების იდეების გენერირება.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს წლების განმავლობაში საქართველოში განათლების სისტემის განვითარების მხარდაჭერისთვის, ისაუბრა ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ამ პროცესში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერისა და ჩართულობის მნიშვნელობას.

„საქართველოს მთავრობას აკისრია ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულება, საქართველოს თითოეული მოქალაქე აღჭურვოს საჭირო უნარ-ჩვევებით და უზრუნველყოს მათთვის ხარისხიანი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა. ადამიანური კაპიტალის განვითარება არის ჩვენი უმთავრესი მიზანი, რადგან იგი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისა და გრძელვადიანი ზრდის აუცილებელი წინაპირობაა“,-განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს განათლების და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება, რომელიც ხარისხიან განათლებასა და მმართველობის სისტემის გაუმჯობესებაზე არის ორიენტირებული. მისი თქმით, ამ სტრატეგიის შემუშავების პროცესში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობა მეტად მნიშვნელოვანია.

საუბრისას მიხეილ ჩხენკელი პანდემიით გამოწვეულ უპრეცედენტო მასშტაბის გამოწვევებს შეეხო, რამაც განათლების სისტემის ახალ რეალობასთან ადაპტაციის საჭიროება შექმნა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით ძლიერი და მდგრადი განათლების სისტემის შექმნა, კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალისა და საგანმანათლებლო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), USAID-ის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), გოეთეს ინსტიტუტის, ბრიტანეთის საბჭოს, ფრანგული ინსტიტუტისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი