ისრაელის ოპოზიციური პარტიები ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ

ისრაელის ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

მედიის ინფორმაციით, ცენტრისტული პარტიის ლიდერმა იაირ ლაპიდმა მთავრობის ფორმირებისთვის მიცემული ვადის ამოწურვამდე 35 წუთით ადრე პრეზიდენტ რუვენ რივლინს ელექტრონული წერილი გაუგზავნა.

„მაქვს პატივი, გაცნობოთ, რომ მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით წარმატებას მივაღწიე. გპირდებით, რომ ეს მთავრობა იქნება ისრაელის ყველა მოქალაქის სამსახურში, მათთვის, ვინც მისცა ხმა და ვინც არ მისცა ხმა, პატივს სცემს მის ოპონენტებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ისრაელის საზოგადოების ყველა ნაწილი გააერთიანოს და დააკავშიროს,“- აღნიშნულია შეტყობინებაში.

ოპოზიციის მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი მემარჯვენე პარტია „იამინას“ ლიდერი ნაფტალი ბენეტი გახდება, შემდეგ კი, 2 წელიწადში, პოსტს იაირ ლაპიდს დაუთმობს.

კოალიციის წევრები ისრაელის პოლიტიკის სრულ სპექტრს მოიცავს. BBC წერს, რომ მხარეებს პოლიტიკურად არაფერი აქვთ საერთო პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეცვლის გეგმის გარდა. ეს პარტიებია : ლაპიდის „მომავლის პარტია“ (ეშ ატიდი) ცენტრისტული პოლიტიკური ძალა, რომელმაც, არჩევნების შედეგად ისრაელის პარლამენტში 17 ადგილი მოიპოვა, ბენი განცის პარტია „ლურჯი და თეთრი“ (კახოლ-ლავანი), რომელსაც 8 ადგილი ეკუთვნის, პარტია „ისრაელი - ჩვენი სახლი " - ლიდერი ავიგდორ ლიბერმანი (7 მანდატი), მერავ მიქაელის „ლეიბორისტული პარტია“ (7 მანდატი), „იამინა“, რომლის ლიდერია ნაფტალი ბენეტი და რომელმაც პარლამენტში 7 ადგილი მოიპოვა, გიდეონ საარის პარტია „ახალი იმედი“ (6 მანდატი), ნიცან ჰოროვიცის პარტია „მერეცი“ (6 მანდატი) და ისრაელ არაბთა მცირე პარტია, „არაბთა გაერთიანებული სია“ (4 მანდატი) რომლის ლიდერია მანსურ აბასი.

ახალმა მთავრობა ფიცის დადებამდე პარლამენტის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. თუკი კოალიცია 120 კაციან პარლამენტში უმრავლესობის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, არსებობს რისკი, რომ ქვეყანაში, ბოლო ორი წლის განმავლობაში მეხუთე არჩევნები ჩატარდება. მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში კი ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს ეპოქა დასრულდება, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 12 წელია უკავია.

შეგახსენებთ, 23 მარტს ისრაელში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომელიც ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული მეოთხე საპარლამენტო არჩევნები იყო, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ ქვეყნის 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი რაოდენობის მანდატების მიღება ვერ შეძლო. პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა მას კოალიციური მთავრობის ფორმირება დაავალა, თუმცა ნეთანიაჰუმ ეს ვერ შეძლო, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ეს დავალება იაირ ლაპიდს მისცა, რომლის პარტიაც არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს