სახალხო დამცველი - სახელმწიფო უწყებებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების განგრძობად უფლებადარღვევის ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოვუწოდებთ

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებს და სახელმწიფო უწყებებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების განგრძობად უფლებადარღვევის ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გავრცელებული ჩანაწერით, პანსიონის ხელმძღვანელი საჯაროდ, ბავშვების თანდასწრებით უკავშირდება გარკვეულ პირებს, ასევე, ეკითხება ბავშვებს აქვთ თუ არა სურვილი დატოვონ დაწესებულება. თვალსაჩინოა, რომ ბავშვები იმყოფებიან ძლიერ სტრესში, ტირიან და არ არიან დაცული ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან და მხოლოდ შესაბამისი უწყების ჩართულობით მიიღება ბავშვების ზრუნვაში განთავსების გადაწყვეტილება, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. დაწესებულების ხელმძღვანელი, როგორც არაუფლებამოსილი პირი აფერხებს ამ პროცესს და არათუ უგულებელყოფს ბავშვების საუკეთესო ინტერესს, არამედ თავად არღვევს მას.

„დაუშვებელია, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვები, განიცდიდნენ მსგავს დამოკიდებულებას და სტრესს. სახელმწიფოს უმოქმედობის და ბავშვების საჭიროებების უგულებელყოფის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ დღეს, დაწესებულების ხელმძღვანელი საჯაროდ განიხილავს ბავშვებთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებს და სახელმწიფო მის მიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაში ვერ ახორციელებს ფაქტობრივ ზედამხედველობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

- დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვნების დაცვა ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, აღკვეთოს მათი საუკეთესო ინტერესების შელახვის ფაქტი

- დაიწყოს გამოძიება სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე და გატარდეს ყველა ქმედითი ღონისძიება არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დასაცავად

- უზრუნველყოს არასრულწლოვნების სხვა ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების პროცესის გაგრძელება და დაუყოვნებლივ დაასრულოს ყველა არასრულწლოვანთან მიმართებით”, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა