ბულგარეთი იმ პირებსა და კომპანიებთან დაკავშირებით, რომლებსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა, საკუთარ „შავ სიას" ქმნის

ბულგარეთი იმ სამ პირსა და 64 კომპანიასთან დაკავშირებული პირებისა და კომპანიებისთვის, რომლებსაც აშშ-მა სავარაუდო კორუფციული საქმიანობის გამო სანქციები დაუწესა, საკუთარ „შავ სიას" ქმნის.

მედიის ინფორმაციით, ბულგარეთის დროებითი მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში 11 ივლისის საპარლამენტო არჩევნებამდეა, აყალიბებს სპეციალურ ჯგუფს, რომელშიც ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები, ასევე საგადასახადო და დაზვერვის სამსახურების თანამშრომლები შევლენ და რომლის მიზანი სასანქციო სიაში შესაყვანი პირების იდენტიფიცირებაა.

სამთავრობო ადმინისტრაციებსა და კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენენ, სიაში შესულ პირებსა და კომპანიებთან კავშირის გაწყვეტა მოუწევთ.

„სახელმწიფო სტრუქტურებმა და კომპანიებმა უნდა შეაჩერონ ნებისმიერი გარიგება აშშ-ის სანქციების სიაში შესულ ადამიანებსა და მათთან ასოცირებულ პირებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შესაძლოა ამ სიაში აღმოჩნდნენ”, - განაცხადა ბულგარეთის ფინანსთა მინისტრმა ასენ ვასილევმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ შეერთებულმა შტატებმა ბულგარეთის სამ მოქალაქეს და მათთან დაკავშირებულ 64 კომპანიას, სავარაუდო კორუფციული საქმიანობის გამო, სანქციები დაუწესა. სააგენტოს ცნობით, სასანქციო სიაში შეყვანილ პირებს შორის არის ბიზნესმენი და ოლიგარქი ვასილ ბოჟკოვი. მას ადანაშაულებენ იმაში, რომ სურდა რუსი ლიდერებისთვის გაეხსნა არხი, რომლის საშუალებითაც ისინი ბულგარეთის მთავრობაზე ზეგავლენის მოხდენას და მთავრობის ოფიციალური პირების მოსყიდვას შეძლებდნენ. სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ასევე ბიზნესმენსა და პარლამენტის ყოფილ წევრს დელიან პეევსკის და მთავრობის წარმომადგენელს, ილკო ჟელიაზკოვს, რომელსაც დეპარტამენტის განმარტებით, პეევსკი მოსყიდვის სქემების განსახორციელებლად იყენებდა. სანქციები ითვალისწინებს, „შავ სიაში“ შესული პირებისთვის აშშ-ის ფინანსურ სისტემაზე წვდომის დაბლოკვასა და აშშ-ში მათი აქტივების გაყინვას. ამასთან, სანქციები აშშ-ის მოქალაქეებს მათთან საქმის დაჭერას უკრძალავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა