სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოფელ შუქრუთში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუქრუთში განვითარებული მოვლენების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს.

როგორც ცენტრში აღნიშნავენ, მათ შეისწავლეს პროტესტის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნები და კომპანიასთან მათი შეუთანხმებლობის მიზეზები, ამასთან, ეკოლოგიური კრიზისის განმაპირობებელი გარემოებები, რომელიც წინ უძღოდა პროტესტს ჭიათურის მუნიციპალიტეტში.

„გუშინ, 4 ივნისს, შუქრუთის მოსახლეობამ მშრალ შიმშილობაზე გადასვლა დააანონსა. მათი პროტესტი 30 მაისის შემდეგ აშშ-ის საელჩოსთან იმართება, ჯამში 110-ე დღეს ითვლის და უკიდურესი ფორმით, შიმშილობით, 26-ე დღეა მიმდინარეობს. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შეისწავლა ერთი მხრივ, პროტესტის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნები და კომპანიასთან მათი შეუთანხმებლობის მიზეზები, ხოლო მეორე მხრივ, ამ ფართე სოციალური და ეკოლოგიური კრიზისის განმაპირობებელი გარემოებები, რომელიც წინ უძღოდა ამ პროტესტს ჭიათურის მუნიციპალიტეტში.

გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ წუხილს ისიც წარმოადგენს, რომ არსებულ უთანხმოებაზე შპს „ჯორჯიან მანგენეზის“ გარემოსდაცვითი მმართველი მედიატორის ფუნქციით ჩნდება. ამასთან ის “ჯორჯიან მანგანეზის”, წიაღისეული მოპოვებისთვის ერთადერთი ლიცენზიანტის, პასუხისმგებლობას არ განიხილავს და თავს “ჯორჯიან მანგანეზის” ქვეკონტრაქტორი კომპანიის შპს „შუქრუთი +“-სა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომლაპარაკებელის პოზიციაში განიხილავს.

საკითხის შესწავლამ ასევე გამოავლინა, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ მისი ან მისი ქვეკონტრაქტორების მერ საქმიანობის შედეგად ადამიანების საცხოვრებელსა თუ სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ფაქტებს უარყოფს და მისი მხრიდან ოჯახების ერთჯერად კომპენსირებას მხოლოდ იმით ხსნის, რომ ამით ცდილობს თავიდან აირიდოს უსიამოვნება ადგილობრივ მოსახლეობასთან. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციით კომპანია თითქოს მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის კომპენსირება ე.წ. „ჩანაცვლებითი ღირებულების“ კომპენსირების პრინციპით განახორციელოს და კომპენსაციის ოდენობა „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ განისაზღვროს. მაგრამ, სამწუხაროდ, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ საქმის შესწავლამ გამოავლინა, რომ კომპანიის მიერ საჯაროდ გაცხადებული პოზიცია და ფაქტობრივად არსებული მდგომარეობა ერთმანეთის საწინააღმდეგოა. წერილობითი შეთანხმება ადგილობრივებისთვის მხოლოდ კომპანიის საქმიანობის შედეგად, დაზარალებული ქონების ზიანის შეფასებისა და მისი ანაზღაურების გრაფიკის თაობაზე მოლაპარაკებას უკავშირდება. კომპანია თანახმაა ქონების შეფასება, სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ განახორციელოს, მხოლოდ ზიანის შეფასების გზით.

ამასთან, კომპანია მიიჩნევს, რომ მისივე ბრალით მიყენებული ზიანი შუქრუთის მოსახლეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აუნაზღაურდეს, თუ ისინი ცალკე-ცალკე, კოლექტიურ ვალდებულებას აიღებენ, რომ სოფელ შუქრუთის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი სახის საპროტესტო გამოსვლა შეწყდება. გამოხატვის უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს, რომლის შეზღუდვაც დაუშვებელია, ხოლო მისი შეზღუდვის მცდელობა უკანონოა. შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ადგილობრივებისთვის რაიმე სახის ანაზღაურების მიცემის სანაცვლოდ, მსგავსი უფლებების შეზღუდვის მცდელობა უკიდურესად უსამართლო და ასიმეტრიული ძალაუფლების გამოვლინებას წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მძიმედ ამხელს ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებასაც, რომელსაც არანაირი ბერკეტი არ გააჩნია საკუთარი მოსახლეობის დაცვისა და მათი უფლებების შელახვის საწინააღმდეგოდ.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს წიაღისეულის მოპოვების 40 -წლიანი ლიცენზიის გაცემისას როგორც სახელმწიფოსთვის, ისე კომპანიისათვის სრულიად ცხადი იყო რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ მოუწევდა ადამიანების კერძო ქონების, მიწებისა და სახლების ქვემოთ ემუშავა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსახლეობისათვის აღნიშნულის შესახებ არავის უცნობებია. შესაბამისად, შუქრუთში მოპოვება „ბრაუნფილდ“ პროექტების კატეგორიას განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპოვებითი საქმიანობა სოფლის მცხოვრებლებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე დაიწყო და დღეს, სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე მიყენებული ზიანის გამო, მოსახლეობა იმ გარდაუვალი მოცემულობის წინაში დგას, რომ საცხოვრებელი დატოვოს და მოშორებით გადასახლდეს. სამწუხაროდ, ქართული კანონმდებლობა წიაღით სარგებლობის საქმიანობის ფარგლებში, ადგილობრივ სოციალურ გარემოზე, ადამიანების ქონებაზე, მატერიალურ თუ არამატერიალურ სიკეთეებზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მკაცრად განსაზღვრულ წესსა და ჩარჩოებს არ ითვალისწინებს. ადამიანის კერძო საკუთრებაზე, ქონებაზე, რაიმე სახით მესამე პირის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს. თუმცა, ჭიათურის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ პირებზე აღნიშნული ზოგადი წესის მისადაგება და ერთჯერადად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე საუბარი უსამართლო და არასწორი პრაქტიკის გამოვლინებაა. ვინაიდან საქმე გვაქვს „ბრაუნფილდ“ მოპოვების შემთხვევასთან, და მოსახლეობა და კომპანიის წარმომადგენლები ზიანს განსხვავებულად აფასებდნენ - როგორც მეთოდოლოგიის, ისე სხვადასხვა ტიპის ზიანის დაფარვის კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებები და იქ თავმოყრილი დარგობრივი ცოდნა მიიმართოს წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული ზიანის შეფასებისთვის, როგორც კონკრეტულ მესაკუთრეთა შეთხვევაში, ისე მთლიანად მუნიციპალიტეტის ბუნებრივ გარემოსთან მიმართებაში. ეს ინტერვენცია უნდა განხორციელდეს ზიანის შეფასების საერთო სტანდარტის შემუშავების სახით, რაც სამთო-მოპოვებითი სექტორის შესაძლო ნეგატიურ ზეგავლენას უფრო მდგრადად, სამართლიანად და მეთოდურად მოაქცევდა რეგულირების სივრცეში “, -აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში ბმულზე: https://bit.ly/3vWcrRk

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა