„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი ფორმის, „მბრუნავი კარის“ პრინციპით დასაქმების შემთხვევები შეისწავლა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი ფორმის, „მბრუნავი კარის“ პრინციპით დასაქმების შემთხვევები და ამ საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობა. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კანონი პრაქტიკაში არ მუშაობს, რასაც ორი ძირითადი მიზეზი აქვს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ განმარტავენ, პირველი მიზეზი ისაა, რომ კანონის ჩანაწერი ბუნდოვანია, რაც ართულებს მბრუნავი კარის იდენტიფიცირებას და ამ ტიპის ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების გამოვლენას. მათივე განმარტებით, ასევე არ არსებობს შემთხვევების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაზე პასუხისმგებელი ორგანო.

„საჯარო და კერძო სექტორებს შორის სამსახურებრივი გადაადგილება (რაც „მბრუნავი კარის“ სახელით არის ცნობილი) ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკს შეიძლება შეიცავდეს, როდესაც ასეთი გადაადგილება ერთი სექტორის ფარგლებში ხდება. მაგალითად, თანამდებობის პირმა, რომელიც ამა თუ იმ სფეროს რეგულირებაში მონაწილეობს, შეიძლება საკუთარი თანამდებობა კერძო კომპანიის სასარგებლოდ გამოიყენოს იმ მოლოდინით, რომ შემდგომში იმავე კომპანიაში მაღალანაზღაურებად სამსახურს მიიღებს. გარდა ამისა, კერძო კომპანიაში გადანაცვლებულმა ყოფილმა თანამდებობის პირმა ხელისუფლებაში შემორჩენილი კავშირები და გავლენა შეიძლება ლობირებისთვის და ამ კომპანიისთვის უსამართლო უპირატესობის მოსაპოვებლად გამოიყენოს.

„მბრუნავი კარის“ მეორე ფორმა კი კერძო სექტორიდან საჯარო სამსახურში გადასვლაა. მსხვილი კორპორაციების აღმასრულებელ თანამდებობებზე მყოფი ადამიანების სახელისუფლებო მაღალჩინოსნებად გადასვლა აჩენს რისკებს, რომ მათ თავიანთი ყოფილი დამსაქმებლის მიმართ ტენდენციური მიდგომა გამოავლინონ პოლიტიკის აღსრულებისას და რეგულაციების გატარებისას.

საჯარო ინტერესების დაცვისთვის და გამჭვირვალობის შენარჩუნებისთვის ბევრი ქვეყანა ცდილობს ამ საკითხის დარეგულირებას. საკანონმდებლო შეზღუდვები მიზნად ისახავს არა კერძო და საჯარო სექტორს შორის კადრების მიმოსვლის მთლიანად ჩაკეტვას, არამედ უფლებამოსილების გადამეტების პრევენციას ასეთი მობილობის შემთხვევაში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განმარტებით, კანონის პრაქტიკაში აღსრულება პრობლემურია, რადგან ის არ შეიცავს „სისტემატური ზედამხედველობის“ განმარტებას და ცხადი არ არის, თუ რომელ შემთხვევებზე შეიძლება გავრცელდეს.

ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, განხილვისა და რეაგირების გარეშე რჩება ყოფილი თანამდებობის პირების კერძო სექტორში დასაქმების ისეთი შემთხვევები, რომლებიც ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს შეიცავს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მბრუნავი კარის“ საკითხთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკების ეფექტურად დასარეგულირებლად რეკომენდაციებს გასცემს.

„სრულად გადაიხედოს „მბრუნავ კართან“ დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმა საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და იმგვარად ჩამოყალიბდეს, რომ არ დარჩეს ბუნდოვანება, თუ რა შემთხვევებს ეხება შეზღუდვა;

„მბრუნავი კარის“ წინააღმდეგ არაერთ ქვეყანაში გამოიყენება ე.წ. „გაგრილების პერიოდის“ მექანიზმი, რომელიც ყოფილ თანამდებობის პირებს საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში კერძო სექტორის ზოგიერთი კატეგორიის სამსახურში დასაქმებას უკრძალავს. საქართველოში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, „გაგრილების პერიოდი“ 1 წელია. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რეკომენდაციაა, რომ „გაგრილების პერიოდი“ არანაკლებ 2 წელს შეადგენდეს;

კანონს დაემატოს კერძოდან საჯარო სექტორში გადასული პირების საკითხიც. საჭიროა დაწესდეს პროპორციული შეზღუდვები და „გაგრილების პერიოდი“ მინიმუმ 2 წლით;

კანონმდებლობას დაემატოს შეზღუდვა, რომლითაც ყოფილი თანამდებობის პირების კომპანიებს 2 წლით აეკრძალებათ იმ უწყებების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა, რომელსაც ეს თანამდებობის პირები ხელმძღვანელობდნენ ან ზედამხედველობდნენ;

კანონით მკაფიოდ განისაზღვროს უწყება, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ყოფილი თანამდებობის პირების მიერ კანონის მოთხოვნების დაცვას. პასუხისმგებელი ორგანოს ფუნქციებში ასევე უნდა შედიოდეს მბრუნავი კარის შემთხვევების მონიტორინგი და აღრიცხვა;

სახელმწიფო საწარმოების შემთხვევაში „მბრუნავი კარის“ შემზღუდავი რეგულაციები ამჟამად ვრცელდება მხოლოდ იმ საწარმოებზე, რომელთა 100%-ს ფლობს სახელმწიფო. ჩვენი რეკომენდაციაა, კანონი გავრცელდეს ისეთი სახელმწიფო შპს-ების ყოფილ ხელმძღვანელ პირებზეც, რომელთა არსებით წილსაც სახელმწიფო ფლობს;

მოქმედი კანონმდებლობით,ქონებრივ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციიდან არ საჯაროვდება თანამდებობის პირის თანამდებობაზე დანიშვნამდე და თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგი დასაქმების ადგილი, თარიღი და ანაზღაურება. ეს გამონაკლისი დეკლარაციის მექანიზმს გამოუსადეგარს ხდის მბრუნავი კარის საზოგადოებრივი მონიტორინგის მიზნისთვის. აუცილებელია, რომ გამონაკლისი მოიხსნას და საზოგადოებამ იცოდეს თანამდებობაზე დანიშვნამდე და განთავისუფლების შემდეგ თანამდებობის პირების დასაქმების ადგილი, თარიღი და შრომის ანაზღაურება“,-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა