მასწავლებელთა აღიარების რეგიონალური კონკურსი საუკეთესო პედაგოგებს გამოავლენს

წელს პირველად, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დაფინანსებით, მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი ტარდება, რომელიც საქართველოს სამ რეგიონში მშობლიური ენისა და მათემატიკის საუკეთესო მასწავლებლებს გამოავლენს. ამის შესახებ ინფორმაციას გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეგიონული კონკურსის მიზანია წარმოაჩინოს და წაახალისოს მოტივირებული, შემოქმედებითი, გამოცდილი თუ ახალბედა მასწავლებლები, და ამავდროულად, გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა დაწყებითი განათლების, კერძოდ კითხვისა და მათემატიკის მნიშვნელობის შესახებ. კონკურსის პირველი ეტაპი - განაცხადების მიღება - გასულ კვირას დასრულდა.

ჟიური, რომელიც განათლების სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, იმერეთის, შიდა ქართლისა და კახეთის საუკეთესო მასწავლებლებს 4 ნომინაციაში გამოავლენს: საუკეთესო მასწავლებელი კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) სწავლებაში; საუკეთესო მასწავლებელი მათემატიკის სწავლებაში; საუკეთესო დამწყები მასწავლებელი კითხვის (მშობლიური ენა და ლიტერატურა) სწავლებაში; საუკეთესო დამწყები მასწავლებელი.

ჟიურის შემადგენლობაში არიან: 1. შალვა ამონაშვილი, დოქტორი, პროფესორი, ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი; 2. სიკო ჯანაშია, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 3. მეგი კავთუაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, მშობლები განათლებისთვის; 4. ზურაბ ვახანია, განათლების მეცნიერებათა აკადემიკოსი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფიზ.-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები 2021 წლის ივნისში დასახელდებიან.

„წარმატების მისაღწევად ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ძლიერი საფუძველი კითხვასა და მათემატიკაში, რომელსაც ისინი დაწყებით კლასებში იქმნიან. შესაბამისად, დაწყებითი კლასების მასწავლებლებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ბავშვების მომავალ აკადემიურ წარმატებაში. USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას დაწყებითი განათლების, კერძოდ კითხვისა და მათემატიკის მნიშვნელობის შესახებ. დაწყებითი კლასების გამორჩეულ მასწავლებელთა აღიარება ერთ-ერთი გზაა საზოგადოების ინფორმირებისთვის“, - აღნიშნა USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ნენსი პარქსმა.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილის თქმით, კონკურსში მონაწილეობა მეტ მოტივაციას შეუქმნის რეგიონის პედაგოგებს, რომელთა ღვაწლი და საქმიანობა ხშირად შეუმჩნეველი და დაუფასებელიც კი რჩება საზოგადოების მხრიდან.

„ჩვენთვის სასიხარულოა, რომ წარმატებული პარტნიორობა შედგა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამასა და ფონდს შორის. გვჯერა, კონკურსში მონაწილეობაც კი მეტ მოტივაციას შეუქმნის რეგიონის პედაგოგებს, რომელთა ღვაწლი და საქმიანობა ხშირად შეუმჩნეველი და დაუფასებელიც კი რჩება საზოგადოების მხრიდან. ვფიქრობთ, ჟიურის შემადგენლობა კონკურსს კიდევ უფრო მეტ სანდოობას სძენს და მათ საინტერესო პროცესი ელოდება წინ. ვიმედოვნებთ, საუკეთესო პედაგოგები მოიპოვებენ წელს გამარჯვებულის ტიტულს. აღნიშნული პროექტის დაფინანსებით გავაფართოვეთ ფონდის მიერ მხარდაჭერილი იმ პროექტების სპექტრი, რომლებიც მიზნად ისახავენ გახადონ მასწავლებლის პროფესია პრესტიჟიული და მისაბაძი, გაგვაცნონ ჩვენ ყველას მათ შორის საუკეთესოები, რომ მეტად დავაფასოთ მათი შრომა“, - განაცხადა ზურაბ კერვალიშვილმა.

2020 წლის ნოემბერში სამმხრივი მიმართულების კვლევების ინსტიტუტსა (RTI) და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში USAID საბაზისო განათლების პროგრამამ, რომელსაც RTI ახორციელებს, სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივების დასანერგად საგრანტო დაფინანსება მიიღო. RTI ახორციელებს USAID საქართველოს მიერ დაფინანსებულ ოთხწლიან საბაზისო განათლების პროგრამას, რომლის მიზანია ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმების მხარდაჭერა და დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობა წიგნიერებისა და მათემატიკის მიმართულებით. პროგრამა ხორციელდება და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, რვა უნივერსიტეტთან და ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.

„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წელს შეიქმნა და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. იგი მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. გპფ მოწოდებულია საკუთარი საქმიანობით და განათლების სექტორში ინვესტირებით შეიქმნას საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად. ბოლო 3 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსდა 20-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი. გპფ-ს ფინანსური ინვესტიცია განათლების სექტორში აღემატება 2 მილიონ ლარს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა