ენტონი ბლინკენი - მოველი, რომ ირანის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნების შემთხვევაშიც, ასობით სანქცია ძალაში დარჩება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, იგი მოელის, რომ იმ შემთხვევაშიც თუკი ირანი და აშშ 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდებიან, ირანისთვის დაწესებული ასობით სანქცია კვლავ ძალაში დარჩება.

„როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ბლინკენმა სენატში საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა.

„მე მოველი, რომ ირანის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნების შემთხვევაშიც, ასობით სანქცია კვლავ ძალაში დარჩება, მათ შორის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები. თუკი ისინი შეუთავსებელი არ არიან ბირთვულ შეთანხმებასთან, ისინი ძალაში დარჩებიან ვიდრე ირანის ქცევები არ შეიცვლება“, - განაცხადა ბლინკენმა.

2015 წელს ირანსა და 6 სახელმწიფოს - აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, რუსეთსა და გერმანიას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, თეირანი გააუქმებდა ბირთვულ პროგრამას, სანაცვლოდ კი მოიხსნებოდა მის მიმართ არსებული საერთაშორისო სანქციები. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, 2018 წელს აშშ-მა შეთანხმება დატოვა და ირანს სანქციები განუახლა. აშშ-ის ნაბიჯის საპასუხოდ ირანმა ეტაპობრივად დაიწყო ურანის გამდიდრების ზრდა. ირანის მიერ 2020 წლის იანვარში გაკეთებული განცხადების თანახმად, ის აღარ შეასრულებდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ფარგლებში არსებულ არც ერთ შეზღუდვას. მიმდინარე წლის აპრილში კი ირანმა განაცხადა, რომ ურანის 60%-მდე გამდიდრება დაიწყო. ამის შემდეგ ირანი და ექვსი სახელმწიფო ვენაში მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რომლის მიზანია, ბირთვულ შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნება და ირანის მიერ შეთანხმების პირობების კვლავ დაცვა. ირანის ხელისუფლების განაცხადებით, შეთანხმებას არ დაიცავს, თუ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული სანქციები არ გაუქმდება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს