ასე ომახიანად რომ იძახით არჩევნები გაყალბდაო, ერთი ფაქტი არ წარმოგიდგენიათ 7 თვის განმავლობაში და საზოგადოებას ატყუებთ, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, თინა ბოკუჩავას.
მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, თუ არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთონ.
„14 ივნისს გვაქვს საგამოძიებო კომისიის მომდევნო სხდომა, გელოდებით თქვენ და ნებისმიერ თქვენს კოლეგას, ვისაც გაქვთ კონკრეტული ფაქტები, ნება იბოძეთ, მობრძანდით და წარუდგინეთ საგამოძიებო კომისიას. ასე ომახიანად რომ იძახით არჩევნები გაყალბდაო, ერთი ფაქტი არ წარმოგიდგენიათ 7 თვის განმავლობაში, საზოგადოებას ატყუებთ. გუშინ საგამოძიებო კომისიის ანგარიში იყო, არცერთი თქვენგანი დარბაზში არ დარჩა. რა გააკეთა ამ კომისიამ ბოლო 1 თვის განმავლობაში, ერთი კითხვაც კი არ დაგისვამთ. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, მაღალ ტონალობაში განცხადებებს მორჩით, მობრძანდით, აიღეთ პასუხისმგებლობა, ნუ გაურბიხართ და მიიღეთ ამაში მონაწილეობა“, - მიმართა მიქანაძემ ოპონენტებს.