საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი "ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველ შეხვედრას დღეს ჩაატარებს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პროექტში ჩართული მხარეების პოზიციების დაფიქსირება მოხდება და გამოიკვეთება ის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში დიალოგის გზით მოლაპარაკების მაგიდასთან იქნება შესაძლებელი.
"ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი ადამიანების მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან დასხდომის კარგი მაგალითი გახდება, ხოლო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაცია - ეფექტიანი ფორმატი მხარეების პოზიციების დაახლოებისა და საქართველოსა და მისი ხალხის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად. იმედს გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის პროცესი, საბოლოო ჯამში, ამომწურავად გასცემს პასუხს "ნამახვანიჰესის" პროექტის შესახებ საზოგადოების ცალკეული ჯგუფების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას, ხოლო ამ პროცესის დასრულების შემდეგ, ჩვენ მივიღებთ ჰიდროელექტროსადგურის ისეთ პროექტს, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.