სოზარ სუბარი - როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ არსებობდა არანაირი კონტაქტი, ამ კონტაქტების ერთადერთი მყარი შესაძლებლობა იყო თბილისი

როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ არსებობდა არანაირი კონტაქტი, ამ კონტაქტების ერთადერთი მყარი შესაძლებლობა იყო თბილისი, დღეს ფასილიტაციის როლი კიდევ უფრო აქტიური გახდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით და ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცადა.

მისი თქმით, საქართველო არის აბსოლუტურად ნეიტრალური და მშვიდობიანი შუამავალი, მათ შორის ისტორიული ურთიერთობებითაც ყველაზე სანდო და მოსახერხებელი პარტნიორი ორივე ქვეყნისთვის.

„ამ სამ ქვეყანას შორის საქართველო არის ერთადერთი, რომელსაც მშვიდობიანი ურთიერთობა აქვს ორივესთან. ეს იყო ათასწლეულების განმავლობაში. ვერ გავიხსენებთ ვერცერთ პერიოდს, ისტორიის განმავლობაში, როდესაც ომი ყოფილიყო საქართველოსა და სომხეთს და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ქართულ სამთავროებს შორისაც იყო ომი, დანაწევრების პერიოდში, ასეთი ომები მუდმივად იყო ცალკეულ სათავადოებს თუ სახანოებს შორის, ამას არ ვგულისხმობ, ვლაპარაკობ სახელმწიფოებრივ ომზე. ეს იყო მუდმივად მშვიდობიანი კერა და ძალიან ხშირად, ერთად ვიბრძოდით საერთო მტრის წინააღმდეგაც. როცა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გათავისუფლდა რუსეთის იმპერიისგან, სწორედ თბილისი იყო სამივეს დედაქალაქი, ამიერკავკასიის ფედერაციის დედაქალაქი. აქ ჩამოყალიბდა სამივე დამოუკიდებელი სახელმწიფოს მთავრობა, როცა დამოუკიდებლობა გამოცხადდა და საბჭოთა პერიოდში, თბილისი იყო ერთგვარი შემკრები არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ, მთელი კავკასიის კულტურული და სამეცნიერო ცენტრიც იყო. ახლა ცხადია ეს ფუნქციები დაკარგულია, მაგრამ ახლა, 30 წლის განმავლობაში, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ არსებობდა არანაირი კონტაქტი, ამ კონტაქტების ერთადერთი მყარი შესაძლებლობა იყო თბილისი. მრთალია, არსებობდა „მინსკის ჯგუფი“, სადაც საუბრობდნენ კონფლიქტის მოგვარების გზებზე, მაგრამ ადამიანებს შორის, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კონტაქტის თვალსაზრისით და ხშირად პოლიტიკურ მოლაპარაკებებში თბილისი იყო, სადაც მსგავსი კონტაქტები ხორციელდებოდა.

დღეს ფასილიტაციის როლი კიდევ უფრო აქტიური გახდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით და ხელმძღვანელობით. მოსაგვარებელი ჯერ კიდევ ძალიან ბევრია, იმიტომ, რომ ახლა იწყება ამ კონფლიქტის შემდგომი დალაგება, მოგვარება, უამრავი საკითხის გადაწყვეტა და საქართველოს შეუძლია თავისი როლი ითამაშოს, რუსეთისგან განსხვავებით, რომელიც იქ სამხედრო ძალით არის შესული, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ნეიტრალური და მშვიდობიანი შუამავალი. ჩვენი ისტორიული ურთიერთობებითაც ყველაზე სანდო და მოსახერხებელი პარტნიორი ორივე ქვეყნისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა