თურქეთის ელჩი - ვიღაცებს მიზანში აქვთ ამოღებული საქართველო-თურქეთის ურთიერთობა - ვფიქრობ, ანალოგიური საფრთხე საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობასაც ემუქრება, შესაძლოა, ამ ურთიერთობის გაფუჭებაც სცადონ

ჩვენ თვალს ვადევნებთ პროპაგანდას, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველო-თურქეთის ურთიერთობის საბოტაჟს ისახავს მიზნად. ბატონი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტი, უპირველესად, თურქეთისადმი საქართველოს დამოკიდებულებას ასახავს, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ელჩი განმარტავს, თურქეთის საქართველოსადმი დამოკიდებულება მათ შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის.

„კავკასიაში სხვა ქვეყნების პოლიტიკა შეიძლება მართლაც ამგვარი იყოს, თუმცა თურქეთისა - არა. რეგიონში ჩვენი პოლიტიკა ემყარება იმას, რომ ქვეყნებმა, სომხეთის ჩათვლით, უნდა გაატარონ ისეთი კურსი, რომელიც მომავალი თაობების ეკონომიკურ აღმავლობას შეუწყობს ხელს და მათთვის უსაფრთხოების გარანტია იქნება. თურქეთი, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყანა, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით საქართველოს ბევრი მიმართულებით ეხმარება. თუ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია კვლავ იქნება ქართველი ხალხის, ხელისუფლების სურვილი, მაშინ ამ მხრივ თურქეთის მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება. თურქეთისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია იმის მიუხედავად, გახდება თუ არა ის ნატოს წევრი ქვეყანა.

თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა ­ „ექვსთა პლატფორმაზე" საუბრისას განაცხადა: „საქართველო რეგიონში არის გასაღები!" თუმცა დასძინა, თუ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო სამმხრივ ფორმატს შექმნიან, თურქეთი მზად არის, ამას მხარი დაუჭიროსო.

ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან ძველ და ტრადიციულ რეგიონში. გეოგრაფიული და ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენს რეგიონში სრულიად ახალი ვერაფერი შეიქმნება. ჩვენი მიზანია უკეთესი თანამშრომლობის მოდელის შექმნა. საქართველო ომის შემდგომ სტაბილურობის მაძიებელი ქვეყანაა, ისევე, როგორც თურქეთი, ამიტომ ჩვენ მიმართ ინტერესი დიდია... ქვეყნებს, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, ყოველთვის შევახსენებთ, რომ თურქეთი და საქართველო რეგიონის მნიშვნელოვანი ქვეყნებია და ჩვენი პოზიციები თანხვდება ერთმანეთს... ისინი, ვისაც მიზანში აქვს ამოღებული საქართველო-თურქეთის ურთიერთობა, ამას სხვაგვარი ინტერპრეტაციით წარმოაჩენენ”, - განაცხადა ელჩმა.

მან ასევე ყარაბაღის ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თურქეთი ყარაბაღის ომში მხარე არ ყოფილა“.

„აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული იყო და მისი რეგიონები - ოკუპირებული. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც დარღვეულია. პრინციპები, რა თქმა უნდა, არსებობს,­ თუმცა თურქეთი ომის მონაწილე­ არ ყოფილა. ომი დასრულდა, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობა გრძელდება; არის ერთობლივი დოკუმენტი, რომლის მონაწილე თურქეთი არ არის. ჩვენ, ისევე, როგორც საქართველოს, გვინდა, ომის შემდგომ პროცესი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებით წარიმართოს”, - განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.

როგორც ელჩი განმარტავს, თურქეთი პატივს სცემს არა მარტო საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მათ სუვერენიტეტს.

„ზემოთ ვახსენე, რომ ვიღაცებს მიზანში აქვთ ამოღებული საქართველო-თურქეთის ურთიერთობა და ამისთვის ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს იყენებენ. ვფიქრობ, ანალოგიური საფრთხე საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობასაც ემუქრება. შესაძლოა, ამ ურთიერთობის გაფუჭებაც სცადონ. თუ ჩვენ საფრთხე დავინახეთ, ორივე მოძმე ქვეყანას გავაფრთხილებთ... ყველა ქვეყანას შორის არის შეუთანხმებელი საკითხები, თუმცა ამან არ უნდა იმოქმედოს ურთიერთობის საერთო საფუძველზე. როგორც საქართველო, ისე აზერბაიჯანი საბჭოეთის დროს ოკუპაციის პრობლემას შეეჯახა, ამიტომ ორივე მხარე გაგებით უნდა მოეკიდოს თავის მდგომარეობას და წინ ერთობლივი ინტერესები დააყენოს. ამ საკითხზე ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ დაიწყო მუშაობა და, დარწმუნებული ვარ, შედეგსაც მიაღწევენ, თუ გარედან არავინ ჩაერია”, - აცხადებს ფატმა ჯერენ იაზგანი.

ამასთან, მან დიდგორობის დღესასწაულზეც ისაუბრა და განმარტა, რომ დიდგორობის „კარგად ახსნა რომ შევძლოთ, თურქეთსა და საქართველოს მისი აღნიშვნა ერთად შეუძლიათ“.

„დღესასწაული არის დიდი მოვლენა ქვეყნის მთლიანობის აღსანიშნავად. დიდგორობა ერთიანი საქართველოს დაარსების დღესასწაულია. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დღესასწაულს მიეცემა სხვა ქვეყნის მტრობის დატვირთვა, ეს არ იქნება კარგი. საბერძნეთის მაგალითი ავიღოთ - მან დამოუკიდებლობის 200 წლისთავი აღნიშნა და მთელი დღესასწაული თურქეთთან მტრობის თემით წარმართა. დავით აღმაშენებლის გამარჯვების შედეგი რა იყო? - ქვეყნის გამთლიანება.

ომის მნიშვნელობა მისი შედეგია. დიდგორის ომის მნიშვნელობა ის იყო, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა, თორემ ქართველებს მანამდეც და მერეც არაერთი ომი მოუგიათ. მტერიც ბევრი იყო, მაგრამ არცერთ იმ ომს არ ჩაუყრია საფუძველი ძლიერი ქვეყნისთვის. როცა დიდგორის ომს ვახსენებთ, ეს რა დღესასწაულია? რას ვზეიმობთ?

როდესაც ჩვენ ვამბობთ, მტერზე გავიმარჯვეთო, ამით მტრობას ვკვებავთ და სიცოცხლეს ვუხანგრძლივებთ. თუ მტერზე გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფოს განმტკიცება, მაშინ რატომ არ ვამახვილებთ ასეთ ყურადღებას სხვა ბევრ ომზე, რომლებიც საქართველოს მოუგია?

სოციალურ დონეზე ისტორიის გამოყენება იწვევს მეტ მღელვარებას და უფრო ემოციურ დამოკიდებულებას. 1000 წლის წინანდელი გამარჯვების აღნიშვნა და ისტორიის ცოდნა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ჩვენ მნიშვნელობას მხოლოდ წარსულს მივანიჭებთ, ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი დღით არ ვცხოვრობთ. გამარჯვება ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ისე, რომ არ დავაკნინოთ ჩვენი მაშინდელი მოწინააღმდეგე და არ მივცეთ საშუალება დესტრუქციულ ძალებს, ეს პროპაგანდისათვის გამოიყენონ. დღეს რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის ენა“, - განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა