თენგიზ ფხალაძე - სამიტზე დაკნინება არ ყოფილა, პირიქით, საქართველოს საკითხზე იმსჯელეს - უფრო აქტიურები და ამბიციურები უნდა ვიყოთ, რათა გზა ნატო-სკენ შევამოკლოთ

უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები და ამბიციურები, რათა გზა ნატო-სკენ შევამოკლოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ პესიმისტები, რადგან ეს დოკუმენტი პესიმიზმის საფუძველს არ იძლევა“, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი თენგიზ ფხალაძე ნატო-ს სამიტის კომუნიკეს, სადაც საქართველოს შესახებ არის საუბარი.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ ეს იყო მინი-სამიტი, რომელიც სამი საათი გაგრძელდა და მთავარი თემა იყო აშშ-ს პრეზიდენტის შეხვედრა ალიანსის წევრ სახელმწიფოს ლიდერებთან. აქ იყო ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი: პირველი, კომუნიკე, რომელიც განსაკუთრებულ სიახლეს საქართველოს მიმართ არ ამბობს, მაგრამ ძალიან ნათლად აფიქსირებს საქართველოს პერპექტივას გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მეორე დოკუმენტს, ფხალაძის განმარტებით, ეს არის მომავალი 10 წლის ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია და ზოგადად თუ შევხედავთ ნატო-ს ისტორიას ნატო ვითარდება ამ კონცეფციების ფარგლებში.

„ამ კონცეფციაში სიახლე არის ის, რომ ძალიან ნათლად აფიქსირებს ხედვას ჩვენი რეგიონისადმი. ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებული აქტიურობის სივრცეს ხსნის, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ორივე დოკუმენტი - კონცეფციაც და კომუნიკეც აფიქსირებს ხედვას რუსეთთან მიმართებში და იმ პოლიტიკის მიუღებლობას, რომელიც რუსეთს აქვს. შემდეგ კი გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, რაც მოხდა საქართველოსა და უკრაინისთან მიმართებაში აღარასდროს უნდა განმეორდეს. ეს დოკუმენტი ასევე აფიქსირებს ღია კარის პოლიტიკას, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ანუ სამი ფაქტორი არის მნიშვნელოვანი. პირველი, ხედვა შავი ზღვისადმი, ხედვა გაფართოებისადმი და ხედვა რუსეთისადმი. ეს არის მნიშვნელოვანი, რომელიც გვაძლევს სერიოზულ სივრცეს იმისთვის, რომ ვიყოთ აქტიურები. ის,რომ სამსაათიან სამიტში, საქართველო მოხვდა დღის წესრიგში, თავისთავად ცხადია,რომ ეს ჩვენთვის კარგია. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებული გარღვევაა, თუმცა მნიშვნელოვანია. ეს არის მაქსიმუმი, რაც ახლა, ამ ტიპის სამიტიდან შეიძლებოდა წამოგვეღო, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ეს იყო ერთადერთი სამიტი, სადაც საქართველო არ მიიწვიეს. ჩვენ ასეთი პრეცედენტები გვქონდა და როგორც წესი, ეს ემთხვევა ხოლმე აშშ-ს ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ცვლილებას. მაგალითისთვის, 2017 წელს ანალოგიური მინი სამიტი მოითხოვა ტრამპმა, სადაც იყვნენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები. ასეთივე ფორმატი იყო ახლა და მხოლოდ ალიანსის წევრები იყვნენ, იქ არც ერთი პარტნიორი არ იყო. იქ რომ ყოფილიყო რომელიმე სხვა პარტნიორი და არ ყოფილიყო საქართველო, მაშინ ეს იქნებოდა დაკნინება. აქ კი, დაკნინება არ ყოფილა და პირიქით, საქართველოს საკითხზე იმსჯელეს და ხაზგასმულია ჩვენი როლი. რა თქმა უნდა, ამან თვითკმაყოფილების საშუალება არ უნდა მოგვცეს და უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები და ამბიციურები, რათა გზა ნატო-სკენ შევამოკლოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ პესიმისტები, რადგან ეს დოკუმენტი პესიმიზმის საფუძველს არ იძლევა“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა