ხათუნა ბურკაძე - შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა

ნატო-ს სამიტის შედეგებსა და იმაზე, თუ რა გზავნილები მიიღო საქართველომ “ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულს, ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის მონაწილეს ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, ნატო-ს ბრიუსელის სამიტი ასპირანტი ქვეყნების გარეშე კი ჩატარდა, მაგრამ უკრაინისა და საქართველოს თემებზე რომ იმსჯელეს, ამაზე კომუნიკეს ტექსტიდანაც კარგად ჩანს.

ისევე როგორც თითქმის ყველაფერზე, ნატო-ს სამიტის შედეგებზეც ჩვენში აზრთა სხვადასხვაობას ვადევნებთ თვალს. მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს ამ სამიტზე უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების თარიღი არ დასახელებულა, ითქვა, რომ ამ ქვეყნებისთვის კარი კვლავ ღიაა. მეტიც, საკმაოდ დეტალურად იქნა საბოლოო დოკუმენტში ნათქვამი, თუ როგორ აპირებს უკრაინასთან და საქართველოსთან ალიანსი თანამშრომლობას.

ამ გზავნილებისადმი კრიტიკულად განწყობილნი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ახალი არაფერი თქმულა. ერთი შეხედვით თითქოს ასეცაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით საერთაშორისო ასპარეზზე, თუ როგორი პროცესების ფონზეა შემუშავებული ნატო-ს ბრიუსელის კომუნიკე, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს პარტნიორებს აშკარად არ დავვიწყებივართ.

თქვენი აზრით ოფიციალურმა თბილისმა ნატო-ს სამიტისაგან რა და როგორი ტიპის გზავნილები მიიღო?

- ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე კვლავ დადასტურდა, რომ საქართველო ალიანსის ღირებული პარტნიორია. ბრიუსელის დასკვნით დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ მოქმედებებს და მიუთითებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნქციონირების მნიშვნელობაზე.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებას. ალიანსის წევრები რუსეთის ფედერაციას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ. ასევე, კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები ბუქარესტის სამიტზე გაცხადებული პოლიტიკური დაპირების ერთგულები რჩებიან.

კომუნიკეში პირველად გაჩნდა ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ დაუშვებელია მესამე მხარის ჩარევა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში. ეს, პრაქტიკულად, გულისხმობს იმას, რომ ვერცერთ არაწევრ ქვეყანას ვერ ექნება ვეტოს უფლება საქართველოს ნატო-ში წევრობაზე.

კომუნიკეში პირველად გაჩნდა ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ დაუშვებელია მესამე მხარის ჩარევა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში. ეს, პრაქტიკულად, გულისხმობს იმას, რომ ვერცერთ არაწევრ ქვეყანას ვერ ექნება ვეტოს უფლება საქართველოს ნატო-ში წევრობაზე

ასევე, ყურადღებაა გამახვილებული შარლ მიშელის მედიაციით პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებაზე. ამასთანავე, დოკუმენტში საუბარია საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასა და მის წვლილზე საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში.

მიუხედავად ამისა, მეტია საჭიროა, რაც საქართველოს ნატო-ში წევრობას გულისხმობს. ეს ორმხრივი მნიშვნელობის პროცესია ანუ საქართველოს ნატო-ში წევრობა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი, ასევე, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის.

საქართველოს ნატო-ში წევრობა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი, ასევე, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის

- რამდენადაც ვხდები კომუნიკეში ჩაწერილ ჩვენთვის ყველა დადებით ასპექტს შეეხეთ. ჩვენში ამ დომუმენტის კრიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ კომუნიკეში შავით თეთრზე წერია - MAP-ის გარეშე საქართველო ნატო-ს წევრი ვერ გახდება.

მიუხედავად ამისა, ნატო-ს ამ სამიტამდე ნატო-საქართველოს ურთიერთობის დონე, საქართველოსთვის, როგორც ასპირანტი ქვეყნისთვის განსაზღრული პროექტები, რომელიც წარმატებით ხორციელდება, ქმნიდა იმის მოლოდინს, რომ შესაძლოა MAP-ის გარეშე გამხდარიყო შესაძლებელი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარება. თქვენ როგორ აღიქვით MAP-თან დაკავშირებული ჩანაწერი?

- რაც შეეხება გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, გეთანხმებით, რომ საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რაც წევრობის მოსამზადებლადაა საჭირო, გააჩნია. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ წლიურ ეროვნულ პროგრამას, ნატო-საქართველოს კომისიას, „განახლებულ არსებით პაკეტს“. ამის შესახებ ალიანსის არაერთმა მაღალი დონის წარმომადგენელმა განაცხადა.

თუმცა, კომუნიკეში ნათქვამია, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას მოიცავს. მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არსებული გამოწვევები ახალ მიდგომებს მოითხოვს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს, რაც ნიშნავს საქართველოს წევრობას, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე.

არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს, რაც ნიშნავს საქართველოს წევრობას, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე

ეს სცენარი უფრო მისაღებია, რადგან გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება არ ნიშნავს წევრობას. ამდენად, ამ შემთხვევაში საქართველოზე არ გავრცელდება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლი, რომელიც გულისხმობს კოლექტიური თავდაცვის მექანიზმის გამოყენებას. ეს მუხლი მოქმედებს მხოლოდ წევრ სახელმწიფოებზე, ამიტომ ჩვენთვის საუკეთესო სცენარია საქართველო გახდეს წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე და მიეცეს უსაფრთხოების რეალური გარანტიები.

თუმცა, მოვლენები როგორ განვითარდება, პირველი თუ მეორე სცენარით დამოკიდებულია რეგიონში მიმდინარე ცვლილებებზე, ჩვენს მიერ განსახორციელებელ ვალდებულებებზე და იმაზე, რამდენად იქნება ყველა წევრი სახელმწიფო ნატო-ში მზად, დაუჭიროს დაჩქარებული წესით გაფართოების პროცესს მხარი.

აშშ-ს მტკიცე პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალში კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს ევროატლანტიკური გაერთიანება გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ შევძლებთ ჩვენი სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების საერთაშორისო არენაზე განხორციელებას.

- დამკვირვებელთა ნაწილი იმაზე საუბრობს, რომ ამჯერად ნატო-ს უკრაინისა და საქართველოს თემები ერთმანეთთან აქვს დაკავშირებული. არადა, მოსკოვს არა ერთხელ აქვს ნათქვამი, რომ უკრაინა მისთვის წითელი ხაზია.

- უპირველეს ყოვლისა, საქართველოსა და უკრაინის თემების ერთმანეთთან დაკავშირება განპირობებულია იმით, რომ ორივე სახელწიფოსათვის მთავარი საფრთხე რუსეთის ფედერაციიდან მომდინარეობს. ასევე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის საქართველო და უკრაინა მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში.

საქართველოსა და უკრაინის თემების ერთმანეთთან დაკავშირება განპირობებულია იმით, რომ ორივე სახელწიფოსათვის მთავარი საფრთხე რუსეთის ფედერაციიდან მომდინარეობს. ასევე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის საქართველო და უკრაინა მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში

მოგეხსენებათ, ამა წლის ივნისის დასაწყისში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი თბილისს სტუმრობდა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები შავი ზღვის რეგიონში, აიძულებენ უკრაინას და საქართველოს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში.

სტრატეგიულ პარტნიორთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატო-ში ინტეგრაცია იყო. როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ალიანსში წევრობაა.

ბუქარესტის სამიტის ცნობილი ჩანაწერი წევრობის პოლიტიკურ დაპირებასთან დაკავშირებით ორივე ქვეყანას ეხება. თუმცა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შემდგომი განვითარება ორივე შემთხვევაში გარკვეულწილად დამოკიდებული იქნება უკრაინისა და საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების ტემპებზე.

- ნატო-ს სამიტის შედეგების შეჯამებისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა - „აშშ-ს მხრიდან სხვა ქვეყნების შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევამ იმხელა მასშტაბი მიიღო, რომ მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია.“

მან იმავე ინტერვიუში ასევე დასძინა -არავინ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდაპოლიტიკურ პროცესებში. პუტინის ეს განცხადება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს კრემლი შეგუებულია უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციულ პროცესებს, მაგრამ ფაქტია, რომ მთლად ასეც არაა.

როცა ვიცით, ჯერ თუ როგორ ახალისებდა და შემდეგ ეხმარებოდა მოსკოვი საქართველოს რეგიონებში სეპარატისტულ მოძრაობებს, საომარი მოქმედებების დროს ეხმარებოდა მათ, ახლა იგივეს აკეთებს უკრაინის დონბასში, პუტინის განცხადება - არავინ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდაპოლიტიკურ პროცესებში, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური უტიფრობა.

თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ რას შეიძლება ნიშნავდეს ბაიდენთან შეხვედრის წინ პუტინის ეს განცხადება?

- პრაქტიკულად ეს განცხადება შეიძლება ჩავთვალოთ, როგორც ხაზგასმა იმისა, რომ მის მიერ აღქმული ე.წ. გავლენის სფეროების ინტეგრაცია დასავლეთთან არ მოხდეს. თუმცა, ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ სწორედ რუსეთის ფედერაცია ყოველდღიურად ხელყოფს საერთაშორისო სამართლის არაერთ ფუნდამენტურ ნორმას, მათ შორის სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს.

21-ე საუკუნეში გავლენის სფეროების მიხედვით მსჯელობა დაუშვებელია. საერთაშორისო პოლიტიკა წესებს უნდა ეფუძნებოდეს. ბრიუსელის სამიტის ფარგლებში ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა ამ წესების პატივისცემასა და შესრულებაზე ისაუბრეს. მეტიც, მათ ყურადღება გაამახვილეს ნატო 2030-ის დღის წესრიგზე.

ეს გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს სხვა წევრების მიერ ძლიერი ორგანიზაციის კიდევ უფრო ქმედით ალიანსად ქცევას, რათა წევრმა სახელმწიფოებმა, ერთობლივი შესაძლებლობების მეტად განვითარებით, თანამედროვე გამოწვევებს უპასუხონ და ხელი შეუწყონ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის უკეთ ფუნქციონირებას მომავალში.

- ბრიუსელში ჩასვლამდე თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა - „სამიტის შემდეგ აზერბაიჯანში ჩავალ, ფიზულისა და შუშას მოვინახულებ. თურქეთი აზერბაიჯანთან ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებას მოაწერს ხელს“.

ასეც მოხდა. ერდოღანმა აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა - „ვინც აზერბაიჯანთან ომს გადაწყვეტს, საქმე ჩემთან ექნება“. ამ განცხადებით ანკარამ სამხრეთ კავკასიაში თავისი არა მარტო ყოფნა დააფიქსირა, არამედ ყველას ამცნო, რომ ამ რეგიონში სერიოზული საკითხები მის გარეშე არ გადაწყდება.

ფაქტია, რომ თურქეთი კარგა ხანია ირგებს რეგიონალური ლიდერის როლს და თუ ყარაბაღში ბოლო ომს გავიხსენებთ, მისი ეს ამბიციები სამხრეთ კავკასიასაც ეხება. ვხედავთ იმასაც, რომ დროდადრო ანკარის მოსკოვთან დაახლოების ფონზე, რის გამოც აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობა უკანასკნელ წლებში არაერთხელ დაიძაბა, ვაშინგტონი ამას ეგუება.

თქვენ როგორ შეაფასებდით აზერბაიჯანში ერდოღანის ვიზიტის შედეგებს? სავარაუდოდ რა როლის შესრულებას აპირებს ანკარა სამხრეთ კავკასიაში ვაშინგტონთან ერთად თუ თეთრი სახლის გარეშე?

- ამ ვიზიტით თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აზერბაიჯანის მიმართ კვლავ მხარდაჭერა გამოხატა, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

რაც შეეხება ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობებს, აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და ანკარას შორის გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს. ისინი საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობენ.

თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების მიზნები ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით უფრო უკეთ მიიღწევა. ასევე, თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში წევრობას, რაც დასაფასებელია.

თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების მიზნები ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით უფრო უკეთ მიიღწევა. ასევე, თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში წევრობას, რაც დასაფასებელია

ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობით და საქართველოს მონაწილეობით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

კერძოდ, აზერბაიჯანულმა მხარემ 15 სომეხი დაკავებული პირი გაათავისუფლა, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს მიაწოდა ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული განაღმვითი სამუშაოების ჩატარებასა და მსხვერპლის თავიდან აცილებას.

ეს პროცესი მიანიშნებს რეგიონში როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე საქართველოს როლზე, რაც ხელს უწყობს ჩვენი სამშვიდობო, ჰუმანიტარული ფუნქციის გამოკვეთას.

- ახლა როცა სულ უფრო ცხადად ჩანს, რომ კრემლი პოსტსაბჭოთა სივრცეში გააქტიურებულია, დასავლეთი ცდილობს რუსეთის შეჩერებას. უკრაინის დონბასში მიმდინარე მოვლენები ცხადად აჩვენებს, რომ იგი ამას ვერ ახეხრებს.

ფაქტია, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის უსაფრთხოების საკითხები დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს თემებად რჩება.

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ნატოსაგან და უპირველესად ვაშინგტონისაგან დაჟინებით მოითხოვს რუსეთთან მებრძოლი უკრაინის ნატო-ში მიღებას. დამკვირვებელთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ კიევის მცდელობების მიუხედავად, ამ თვალსაზრისით მოულოდნელი არაფერი მოხდება.

აღარავინ დაობს, რომ ნატო-ს სამიტის კომუნიკეში უკრაინასა და საქართველოზე გაკეთებული ჩანაწერები ცუდია, მაგრამ იმ პროცესების ფონზე რაც უკრაინაში, ნაწილობრივ საქართველოში ხდება რუსეთის შესაჩერებლად საკმარისია.

თქვენი დაკვირვებით ნატო-ს ღია მხარადაჭერა უკრაინისა და საქართველოსადმი რამდენად იქნება საკმარისი იმისათვის, რომ კოლექტიური დასავლეთი, ან ვაშინგტონი შეძლებს რუსეთის აგრესიის შეკავებასა თუ შეჩერებას?

- შემაკავებელი ინსტრუმენტების გამოყენებით, მათ შორის სანქციების დაწესების გაგრძელებით აუცილებელია ხელშესახები შედეგების მიღწევა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პრაქტიკაში დასაცავად.

თუმცა, ნატო-ში წევრობა საქართველოსა და უკრაინას უსაფრთხოების რეალურ გარანტიას მისცემს. ისტორიამ აჩვენა, რომ შეკავების ინსტრუმენტები სწორედ კოლექტიური თავდაცვის სისტემის ფარგლებში ეფექტიანად ფუნქციონირებს. მას შეუძლია დაიცვას სახელმწიფო აგრესიისგან და მისი სახელმწიფოებრივი ინტერესი უზრუნველყოს.

შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ერაში უნდა ვიფიქროთ ციფრული პოლიტიკის განვითარებაზე

შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ერაში უნდა ვიფიქროთ ციფრული პოლიტიკის განვითარებაზე

ამ თვალსაზრისით, ესტონეთის გამოცდილება საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მცირე სახელმწიფომ საკუთარი ნიშით დიდი სახელმწიფოები დააინტერესოს და საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების დღის წესრიგის შემუშავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

ასევე, გეოპოლიტიკური კონტექსტი ჩვენგან სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო მეტად გამოკვეთას მოითხოვს, რაც გულისხმობს, მათ შორის, ახალი პროექტების განხორციელებას. ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის საქართველოსადმი რეგიონში ინტერესს. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ, გავაღრმავოთ ურთიერთობები ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან.

ახალი როლის გამოკვეთის მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღებისას ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია ურთიერთსაჭიროებისა და საერთო ინტერესების განსაზღვრა.

ახალი როლის გამოკვეთის მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღებისას ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია ურთიერთსაჭიროებისა და საერთო ინტერესების განსაზღვრა

ამასთანავე, უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, განსაკუთრებით დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, რისთვისაც ქართულ პოლიტიკას მეტი შინაარსი უნდა შევძინოთ.

დღეს ქვეყნის განვითარების ახალი ხედვა გვჭირდება, რათა ევროინტეგრაციის გზაზე უკეთ შევძლოთ როგორც ქვეყნის წარმოჩენა, ასევე სტრატეგიული მიზნების მიღწევა. აუცილებელია განვამტკიცოთ თანამშრომლობა ალიანსის ყველა წევრ სახელმწიფოსთან, რადგან ჩვენი ალიანსში წევრობის გასაღები ნატო-ს ყველა წევრი ქვეყნის დედაქალაქშია.

დღეს ქვეყნის განვითარების ახალი ხედვა გვჭირდება, რათა ევროინტეგრაციის გზაზე უკეთ შევძლოთ როგორც ქვეყნის წარმოჩენა, ასევე სტრატეგიული მიზნების მიღწევა. აუცილებელია განვამტკიცოთ თანამშრომლობა ალიანსის ყველა წევრ სახელმწიფოსთან, რადგან ჩვენი ალიანსში წევრობის გასაღები ნატო-ს ყველა წევრი ქვეყნის დედაქალაქშია

ამასთანავე, განსაკუთრებით გამოვყოფდი ამერიკის შეერთებული შტატების როლსა და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივისადმი. ჩვენ ეს არაერთგზის ვიხილეთ.

ამ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, რომელთა შორისაა ევროატლანტიკური გაერთიანების განმტკიცება. შესაბამისად, ამერიკისა და ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნების მხარდაჭერით უნდა შევძლოთ მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმა ევროატლანტიკური მიზნების განსახორციელებლად. ეს პროცესი კი, საბოლოოდ, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას განამტკიცებს და საქართველოს მოქალაქეებისათვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს