ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნებს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენას გეგმავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო აპირებს, რომ ერთი დღის განმავლობაში სასამართლოებში დანიშნოს და გადაიყვანოს მოსამართლეები და ამავდროულად პარლამენტში წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა, 17 ივნისის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჯამში გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლის 100-ზე მეტ ვაკანსიასთან დაკავშირებით.

უფრო კონკრეტულად, საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენასთან, 88 კანდიდატის ქვედა ინსტანციაში დანიშვნასა და 8 კანდიდატის ქვედა ინსტანციაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

როგორც ჯანეზაშვილი განმარტავს, არც მანამდე და არც მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, არ ახსოვს, რომ მსგავსი მასშტაბური დანიშვნებისა და წარდგენების პროცედურა საბჭოში ერთ დღეში ჩატარებულიყო.

მისივე თქმით, „ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო სისტემა უპასუხისმგებლობის პიკზეა. ფაქტია, რომ ის პიკზე ვერ იქნებოდა ამ თავნებობასთან მიმართებით, რომ არა ხელისუფლების მხარდაჭერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლეები, რომლებიც ადამიანების ბედს წყვეტენ, ვერ მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას“.

ამგვარად, ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის „კლანის“ მმართველობა 17 ივნისს წყდება.

„ფაქტობრივად, ეს არის ქარხნული წესით მოსამართლეთა წარდგენები და დანიშვნები, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ერთ დღეში მიიღოს „კლანმა“ გადაწყვეტილება. რაც 4 წლის განმავლობაში ამ დრომდე აკეთა, ეს არის ბოლო აკორდი. 17 ივნისის გადაწყვეტილებით დასამარდება იდეა, რომ სასამართლო სისტემა დაკომპლექტდეს ახალი, ღირსეული და გამოცდილი კადრებით. სავარაუდოდ, ამავე დღეს მიიღებს საბჭო გადაწყვეტილებას ლევან გზირიშვილის შვილის დანიშვნაზე, რაც ნეპოტიზმად შევაფასე. ასეთი მასშტაბური პროცესი რომ ერთი დღის განმავლობაში იმართება, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის ფორმალური პროცესი და იმართება მხოლოდ იმისთვის, რომ მომავალი წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ დაკარგოს სასამართლო სისტემაში რაიმე პოზიტიური პერსპექტივა", - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა