ნატო - რუსეთი წლობით უარს ამბობდა „ღია ცის შეთანხმების“ ვალდებულებების სრულად შესრულებაზე, მათ შორის, კალინინგრადის ოლქის თავზე და რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს ფრენებზე არასათანადო შეზღუდვების დაწესებით

ნატო ეხმაურება რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ქვეყანა „ღია ცის შეთანხმებას“ 18 დეკემბერს დატოვებს. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსეთი წლობით უარს ამბობდა „ღია ცის შეთანხმების“ ვალდებულებების სრულად შესრულებაზე, მათ შორის, კალინინგრადის ოლქის თავზე და რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს ფრენებზე არასათანადო შეზღუდვების დაწესებით.

„ჩვენ ღრმა წუხილს გამოვხატავთ რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ. ეს არის მნიშვნელოვანი სავალდებულო იურიდიული ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს გამჭვირვალობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, ასევე ურთიერთნდობას ევრო-ატლანტიკურ რეგიონში.

რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში უარს ამბობდა „ღია ცის შეთანხმებით“ გათვალისწინებული მისი ვალდებულებების სრულად შესრულებაზე, მათ შორის, კალინინგრადის ოლქის თავზე და რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს ფრენებზე არასათანადო შეზღუდვების დაწესებით.

ჩვენ გამუდმებით მოვუწოდებდით რუსეთს დაბრუნებულიყო შეთანხმების სრულ შესაბამისობაში და გადავდგით ბევრი ნაბიჯი. ამის ნაცვლად, რუსეთმა ვერ შეძლო კონსტრუქციული მონაწილეობა და არ გადადგა ნაბიჯები სრულ შესაბამისობაში დაბრუნებისკენ.

ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ სწრაფვას, როდესაც რუსეთის ქმედებები ამის შესაძლებლობას იძლევა. მოვუწოდებთ რუსეთს გამოიყენოს დარჩენილი ექვსი თვე, სანამ მისი გადაწყვეტილება ძალაში შევა, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და სრულ შესაბამისობაში დაუბრუნდეს ღია ცის შესახებ ხელშეკრულებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ იზიარებენ აშშ-ის მიერ მის გადაწყვეტილებაში ნახსენებ წუხილს, რომ რუსეთის ქმედებები მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო 2020 წელს შეთანხმებიდან მისი გასვლის საქმეში.

„ღია ცის შეთანხმების“ თანახმად, რომელიც 2002 წელს მიიღეს და რომლის ხელმომწერი 30-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის აშშ და რუსეთია, მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ ერთმანეთის ტერიტორიაზე აწარმოონ შეუიარაღებელი საჰაერო თვალთვალი, მისი მიზანი კი გამჭვირვალობის ზრდა და შეიარაღებების კონტროლია. შეთანხმება ვაშინგტონმა გასულ წელს დატოვა და მიზეზად რუსეთის მიერ ხელშეკრულების პირობების მუდმივად დარღვევა დაასახელა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მაისში განაცხადა, რომ ქვეყანა „ღია ცის შეთანხმებას“ აღარ დაუბრუნდება. დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც განაცხადა, რომ შეთანხმებას საბოლოოდ, 6 თვეში, ანუ 18 დეკემბერს დატოვებს და შესაბამისი პროცედურები დაწყებულია. რუსეთი მისი გადაწყვეტილების მთავარ მოტივად აშშ-ის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლას ასახელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა