ადვოკატი - ვაჭრობა მიმდინარეობდა, თუ ვატო ყიფიანი დატოვებდა საქართველოს ამ მოცემულობაში არ ვიქნებოდით, შეთავაზება იყო: ან წახვალ, ან თუ დარჩები ჩაგკეტავთო

დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ. საქმე არის 15 ტომი, ორი-სამი საათის განმავლობაში გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო. წინასასამართლო სხდომამდე გვაქვს დრო და იმედია, ამ ეტაპზევე მიიღებენ სწორ სამართლებრივ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული ვატო ყიფიანის ადვოკატმა, მარიკა ფხალაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ფხალაძის ინფორმაციით, ყიფიანისთვის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ შეთავაზება იყო - ან წახვალ, ან თუ დარჩები ჩაგკეტავთო, თუმცა მან გადაწყვიტა, რომ „არ უნდა წასულიყო, ვინაიდან არანაირი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი“.

,,პირველი საათიდან რვა საათამდე მასთან მიმდინარეობდა ვაჭრობა - თუ დატოვებდა საქართველოს ტერიტორიას ამ მოცემულობაში არ ვიქნებოდით. შეთავაზება იყო: ან წახვალ, ან თუ დარჩები ჩაგკეტავთო. მან გადაწყვიტა, რომ არ უნდა წასულიყო, ვინაიდან არანაირი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი და თუ ჩაკეტვა გინდათ ჩამკეტეთო,- ასე თქვა. მათი პოზიცია იყო, რომ - შენ ამ ეტაპზე საქართველოში არ უნდა შემოხვიდეო“, - აღნიშნა მარიკა ფხალაძემ.

მისივე განცხადებით, ყიფიანის მიმართ მთელი ბრალდება აბსოლუტურ დემაგოგიაზე იყო აგებული და ბრალდების მხარე მისი წარსულში ნასამართლობის ხსენებით ყიფიანის პიროვნების დახასიათებას ცდილობდა.

,,არანაირი უკრაინიდან გამოგზავნილი ექსპერტიზები არ არსებობს. მისი მოწმის სახით დაკითხვიდან რა მტკიცებულებები მოიპოვეს, პროკურორებმა პასუხი ვერ გამცეს, მათ აქვთ ის მტკიცებულებები რაც 1 წლის წინ ჰქონდათ. უკრაინაში „კრიმინალურ ავტორიტეტს“ თუ ახსენებენ აუცილებლად ვატო წულუკიძე(ვატო ყიფიანი) მოიაზრება? სადმე არსებობს ასეთი გადაწყვეტილება, რომ ის „კრიმინალური ავტორიტეტია“? აბსოლუტურ დემაგოგიაზე იყო მთელი ბრალდება აგებული თუნდაც მის ნასამართლობასთან დაკავშირებით. რომელ ნასამართლობაზეა საუბარი, 2006 წელს თერჯოლაში იარაღების შენახვასთან დაკავშირებით განაჩენი რომ დადგა? მაშინ ვატო იყო 16 წლის და ეს ბრალდებაც იყო შეთითხნილი. სურთ მისი პიროვნება დაახასიათონ ამ ბრალდებიდან გამომდინარე, მაგრამ იმას არავინ ამბობს, რომ მის საქმეებზე დადებითი გადაწყვეტილებებიც დგებოდა. ქურდული სამყაროს წევრობისთვისაც იყო ბრალდებული, მაგრამ შედეგად მივიღეთ გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლოდან. თუ ვიღაცამ ოდესღაც თქვა, რომ ის არის „კრიმინალური ავტორიტეტი“ და შენ ის არ მოგწონს, ეს არის აბსოლუტურად არასამართლიანი არგუმენტი“, - განაცხადა მარიკა ფხალაძემ.

ცნობისთვის, მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ ვატო ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო. ბრალდების მხარის განმარტებით, ყიფიანის მხრიდან როგორც მიმალვის, ასევე ხელახალი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე არსებობდა. ამასთან, ბრალდებული იცნობს საქმეში დაკითხულ არაერთ მოწმეს და შესაძლოა ამ მოწმეებზე ზეგავლენა მოეხდინა.

ვატო ყიფიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადება, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 25,236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღების ორგანიზება) წარედგინა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ