თავდაცვის მინისტრი ბრიტანულ  ხომალდ HMS DEFENDER-ზე მიღებას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად ბათუმში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DEFENDER-ზე მიღებას დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მინისტრებს მასპინძლობა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა და ხომალდის მეთაურმა, II რანგის კაპიტანმა ვინს ოუენმა გაუწიეს.

„ხომალდის მეთაურმა სტუმრებს HMS DEFENDER დაათვალიერებინა და მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და საზღვაო ოპერაციების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ხომალდზე გამართულ მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც დაესწრნენ.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საზღვაო ფლოტის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე ტიპის გამანადგურებელი HMS DEFENDER საქართველოში 26 ივნისს შემოვიდა. ხომალდის ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას.

ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფების წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ და ბრიტანულ ხომალდ HMS DEFENDER-სა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდის მონაწილეობით შავ ზღვაში ერთობლივ საზღვაო წვრთნებსაც გამართავენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა