კელი დეგნანი - პარლამენტის ხელშია, ხელი შეუწყოს 19 აპრილის შეთანხმებას, რაც ცალსახად გულისხმობს მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერებას - პარლამენტს აქვს შესაბამისი ძალა, რომ ეს პროცესი შეაჩეროს

ჩვენ მოხარულები ვიყავით მოსამართლეების განცხადებით, რომლითაც მათ გამოხატეს მზაობა, ეთანამშრომლათ ყველა მხარესთან, რათა გაეუმჯობესებინათ საქართველოს სასამართლო სისტემა,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტს აქვს იმის უფლებამოსილება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი შეაჩეროს იქამდე, ვიდრე საკითხთან დაკავშირებით არ შედგება ფართო, ინკლუზიური და მულტიპარტიული მსჯელობა, იმისთვის რათა სასამართლო სისტემა გაუმჯობესდეს.

„ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა საერთაშორისო დონორები ეხმარებოდნენ საქართველოს სწორედ ამისთვის, რომ გამოსწორებულიყო სასამართლო სისტემა და ამას ვაკეთებთ უკვე 25 წლის განმავლობაში. ეს კეთდება იმის გამო, რომ კანონის უზენაესობა და ძლიერი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა საქარჸველოს ნატო-სა და ევროკავშირში წევრობისთვის. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, ასევე, შეთანხმდნენ სასამართლო სისტემის რეფორმირების ამბიციურ გეგმაზე, ფართო, ინკლუზიური, მულტიპარტიული პროცესის გზით. 19 აპრილის შეთანხმება არის ერთგვარი რუკა ამის გასაკეთებლად, მათ შორის, ეს გულისხმობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერებას იქამდე, სანამ არ იქნება მსგავსი ფართო და ინკლუზიური მსჯელობა და კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სასამართლო სისტემა. ამ მიმართულებით შემიძლია მხოლოდ იმედი გამოვთქვა, რომ დებატები, კონსულტაციები სამუშაო ჯგუფებში გაიმართება, რაც შეიძლება სწრაფად ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა მოსამართლეთა კანდიდატურები, ახლა პარლამენტის ხელშია ხელი შეუწყოს პოლიტიკური ლიდერების მიერ 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას, რაც ცალსახად გულისხმობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერებას. პარლამენტს აქვს შესაბამისი ძალა, რომ ეს პროცესი შეაჩეროს,“- განაცხადა დეგნანმა.

იხილეთ ვიდეო:ახლა პარლამენტის ხელშია ხელი შეუწყოს პოლიტიკური ლიდერების მიერ 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას - კელი დეგნანი

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს