ანა ნაცვლიშვილი - მნიშვნელოვანი ამოცანაა, მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე ისეთი შედეგი მივიღოთ, რომელიც ვადამდელ არჩევნებს უზრუნველყოფს და ეს არ გადის მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატზე

მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე ისეთი შედეგი მივიღოთ, რომელიც უზრუნველყოფს ვადამდელ არჩევნებს და ეს შედეგი არ გადის მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატზე, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებას გამოეხმაურა.

ნაცვლიშვილის თქმით, რა ფორმით ითანამშრომლებენ პარტიები, ამ საკითხზე საუბრები მიდის, თუმცა გადაწყვეტილება სამუშაო ფორმატში უნდა იყოს მიღებული, რომელიც ჯერ არ ჩამოყალიბებულა.

"გარკვეული საუბრები ცხადია, რომ არის ამ საკითხზე, მაგრამ უფრო ფართო კონტექსტში, რადგან არჩევნები არ არის მხოლოდ თბილისის მერის კანდიდატურა, ძალიან მნიშვნელოვანი სხვა საკითხები არის გადასაწყვეტი. მნიშვნელოვანი იქნება სხვადასხვა ოპოზიციურ ძალებს შორის კოორდინაცია, კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული სამუშაო ფორმატში. იმედი მაქვს, რომ ეს სამუშაო ფორმატი მალე მიიღებს საბოლოო სახეს და ნახავთ, რაზე შევჯერდებით. ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც დავისახეთ ყველამ ერთად მომაცალ თვითმმართველობის არჩევნებზე, არის ის, რომ ისეთი შედეგი მივიღოთ, რომელიც უზრუნველყოფს ვადამდელ არჩევნებს და ეს შედეგი არ გადის მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატზე. გაცილებით დიდი ამოცანა აქვს ამ არჩევნებს, ამიტომ რა ფორმულაც მოემსახურება იმას, რომ, რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური ამომრჩეველი გამოვიდეს და "ქართულ ოცნებას" უთხრას არა," - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის აზრით, ოპოზიციამ თბილისის მერობის კანდიდატი სწორედ მათი პარტიიდან უნდა წარადგინოს.

როგორც ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტიაა და „მარცხის გარანტირებული ფორმულა იქნება, თუ ამხელა ამომრჩეველთა მასა დარჩება მისი კანდიდატის გარეშე“. ამასთან, ბარამიძის განმარტებით, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს, შეუძლია არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა