გაერო - გლობალური ტურიზმის ზარალმა, შესაძლოა, 4 ტრილიონ დოლარს გადააჭარბოს

გლობალური ტურიზმის ზარალმა, შესაძლოა, 4 ტრილიონ დოლარს გადააჭარბოს ,- ამის შესახებ გაეროს ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ერთობლივ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზარალის ზრდას ხელს უწყობს განვითარებად ქვეყნებში ვაქცინაციის ნელი ტემპი.

”ტურიზმი მაშველი რგოლია მილიონებით ადამიანისთვის და ვაქცინაციის პროცესის პროგრესი საზოგადოების დაცვისა და ტურიზმის უსაფრთხოდ გახსნის მიზნით კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილებისა და საჭირო რესურსების შესაქმნელად”, - აღნიშნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

პანდემიის გამო მსოფლიოში მოგზაურობის შეჩერებით გასულ წელს ტურიზმმა და მასთან დაკავშირებულმა სექტორებმა 2.4 ტრილიონი აშშ დოლარის ზარალი ნახა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ წელსაც მსგავსი რაოდენობის ზარალია მოსალოდნელი, თუმცა ეს დამოკიდებულია ვაქცინების განაწილებაზე.

მოხსენებაში განმარტებულია, რომ ეკონომიკური ზიანი კონცენტრირდება იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 1 %-ია აცრილი მაშინ, როცა ზოგმა ქვეყანამ საკუთარი მოსახლეობის 60% -ზე მეტის ვაქცინაცია განახორციელა.

”ვაქცინების ასიმეტრიული გავრცელება ზრდის ეკონომიკურ დარტყმას, რომელიც ტურიზმმა განვითარებად ქვეყნებში განიცადა და მათზე, შესაძლოა, გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზარალის 60 % მოვიდეს,“- ნათქვამია მოხსენებაში.

ტურიზმის აღდგენა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და შვეიცარია, უფრო სწრაფადაა მოსალოდნელი. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია საერთაშორისო მოგზაურობის მაჩვენებლის პანდემიამდე ნიშნულზე დაბრუნებას 2023 წლამდე არ ელოდება.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ტურიზმის გამოცოცხლება, 2021 წელს ტურიზმის ზარალმა, შესაძლოა, 1.7-2.4 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა