პროკურორი - მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ სასამართლო დარწმუნდება, რომ დანაშაული სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მენაბდემ ჩაიდინა

თბილისის საქალაქო სასამართლოში განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესს ბრალდებული გიორგი მენაბდე უფლებადამცველებთან ერთად დაესწრო.

სასამართლო სხდომაზე მხარეებმა საკუთარი შესავალი სიტყვა წარმოთქვეს, შემდეგ პროცესზე მტკიცებულებათა გამოკვლევა ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება.

აღნიშნული საქმის პროკურორის მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, გიორგი მენაბდის ბრალდებას საფუძვლად დაედო ახლად გამოვლენილი მტკიცებულებები, მათ შორის მოწმე გუგა ბარბაქაძის ახალი ჩვენება. ამასთან, გამოიკვეთა გარკვეული დამატებითი გარემოებები, რომელიც საქმის გამოძიების პირველ ეტაპზე ცნობილი არ იყო.

,,დღეს გიორგი მენაბდის საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვებით წარვდექით. ბრალდების მხარემ სასამართლოს მოახსენა მთელი ის ისტორია როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე - როგორ დაიწყო კონფლიქტი 51-ე სკოლაში და რა მოხდა უშუალოდ ხორავას ქუჩა 4-ის ეზოში, კერძოდ, როგორ მიაყენეს ჭრილობები გიორგი ჯანაშიამ მიხეილ კალანდიამ და გიორგი მენაბდემ დავით სარალიძეს. დაცვის მხარე არ დაეთანხმა წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გიორგი მენაბდე უდანაშაულოდ მიიჩნია, თუმცა მომდევნო სხდომიდან იწყება მტკიცებულებების გამოკვლევა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით. მივიჩნევთ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად სასამართლო დარწმუნდება, რომ დანაშაული ნამდვილად გიორგი მენაბდის მხრიდან იყო ჩადენილი.

საქმეზე არც გამოძიება შეწყვეტილა და არც არსებითი განხილვა, 2017 წლის პირველი დეკემბრიდან დღემდე მოხდა რამდენიმე პირის პასუხისგებაში მიცემა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გიორგი მენაბდის ბრალდებას საფუძვლად დაედო ახლად გამოვლენილი მტკიცებულებები, რომლიდანაც გამოვყოფდი გუგა ბარბაქაძის ახალ ჩვენებას. ასევე, გარკვეული დამატებითი გარემოებები გამოიკვეთა, რომელიც საქმის გამოძიების პირველ ეტაპზე ცნობილი არ იყო, ეს უფრო მეტად გამოიკვეთება არსებითი განხილვის სხდომებზე, როდესაც მოწმეები მოვლენ და ჩვენებებს მისცემენ”, - აღნიშნა მირიან მეგრელიშვილმა.

ამასთან, გიორგი მენაბდის ადვოკატის დავით დადიანის თქმით, საქმეში არავითარი ახალი ჩვენება არ არსებობს, რომლის საფუძველზეც გიორგი მენაბდისთვის წარდგენილი ბრალი დადასტურდება. მისივე თქმით, მოწმე გუგა ბარბაძეს ჩვენება 2018 წლის პირველ ივლისს აქვს მიცემული, შესაბამისად, გაუგებარია რატომ არ მოჰყვა ამას კონკრეტული მოქმედებები იმ პერიოდში.

,,იმ პერიოდში, რომელშიც მოხდა მისთვის ბრალის წარდგენა და ჩატარდა ახალი გამოძიებები, ბრალდების მხარემ ახალი ვერაფერი ვერ ნახა. ისევე როგორც არ უნდა რჩებოდეს დანაშაული დაუსჯელი, ასევე არ შეიძლება მერყევი მტკიცებულებებით ადამიანს მოვედავოთ და მოვათავსოთ საპატიმროში. 4 წლის განმავლობაში თუ ეს ყველაფერი ცნობილი იყო, ამ პერიოდის განმავლობაში რატომ არ მოჰყვა ამას ის მოქმედებები, რაც დღეს არის განვითარებული. არავითარი ახალი ჩვენება არ არის, ბარბაქაძის ჩვენება გახლავთ 2018 წლის 30 ივლისის ჩვენება, რომლითაც დადუნაშვილის მკვლელობას აბრალებდა გიორგი მენაბდეს, ამ დროს, სულ სხვა რაღაც დადგინდა”, - აღნიშნა დავით დადიანმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, მას სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პატიმრობა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.

იხილეთ ვიდეო:თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის სასამართლო პროცესი გაიმართა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა