ლევან ცუცქირიძე - ცესკო-ს თავმჯდომარე „ორმაგი უმრავლესობის“ პრინციპით, როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის უმრავლესობის ხმებით უნდა იყოს არჩეული

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელს, ლევან ცუცქირიძეს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, დრომ, მათ შორის არჩევნების მოახლოებამ გვაჩვენა, რომ მრავალპარტიულ დემოკრატიაში აშკარად გვიჭირს. ამ თემაზე ფიქრმა თქვენ და თქვენი ორგანიზაცია გაგვახსენა. ჩვენში მრავალპარტიული დემოკრატიის პრობლემებს აუცილებლად შევეხებით.

მას შემდეგ რაც ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან ქალბატონი ჟვანია გადადგა, პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრების კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება გამოსცა, ახლა ყველა იმის გამოცნობას ცდილობს თუ ვინ იქნება ცესკო-ს შემდეგი თავმჯდომარე.

მოკლედ - დიმიტრი გელოვანს ვეძებთ. ფაქტია, რომ ძნელი მოსაძებნი იქნება, რადგან თუ ფილმ „არაჩვეულებრივი გამოფენის“ ახლახან გარდაცვლილ სცენარისტს, გენიალურ რეზო გაბრიაძეს გავიხსენებთ, ისიც გაგვახსენდება რომ დიმიტრი გელოვანი ომის დროს ქუთაისში პურის რიგში გარდაიცვალა.

სამწუხაროა ფაქტია, რომ წესიერებით გამორჩეული გელოვანის მსგავს ადამიანები გარდა იმისა, რომ ცოტანი არიან, მათთან ისინი არ მეგობრობენ, ვინც ცესკო-ს თავმჯდომარეობის თემაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს კარგად იცნობთ, ამიტომ გკითხავთ - გვაქვს შანსი ცესკო-ს თავმჯდომარედ დიმიტრი გელოვანი შეირჩეს?

- რა თქმა უნდა, პიროვნებების როლი უაღრესად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინსტიტუტის მართვაში, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის. თუკი საარჩევნო ადმინისტრაციის საერთო სისტემა ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც მის მიმართ არსებობს, მაშინ, ცალკე აღებული ადამიანები იმაზე ბევრად ნაკლებს შეძლებენ, ვიდრე სხვა პირობებში მოახერხებდნენ.

დღევანდელ სისტემასაც აქვს ხარვეზები - იგი ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობას პოლიტიკური პარტიებისაგან და ვერც იმას, რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჰქონდეს სათანადო და ეფექტური ბერკეტები კომისიის ეფექტურად მართვისთვის.

დღევანდელ სისტემასაც აქვს ხარვეზები - იგი ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობას პოლიტიკური პარტიებისაგან და ვერც იმას, რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჰქონდეს სათანადო და ეფექტური ბერკეტები კომისიის ეფექტურად მართვისთვის

ეს კი, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია. წარსული არჩევნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პოლიტიკური პარტიები ვერ ართმევენ თავს საარჩევნო ადმინისტრაციის კარგად მართვის ამოცანას.

მეორე მხრივ, ის, რომ პარტიები ახალ სისტემაზე შეთანხმდნენ, თავისთავად მისასალმებელია, რადგან კონსენსუსის კულტურის ღრმა დეფიციტს განვიცდით. ჩვენი საარჩევნო ადმინისტრაცია სიღრმისეულ და ამბიციურ რეფორმას საჭიროებს და ეს რეფორმა უფრო შორს უნდა წავიდეს. ამ ეტაპზე ის მოხერხდა, რაც შესაძლებელი იყო, ვნახოთ როდის გაჩნდება საარჩევნო ადმინისტრაციის პრინციპულად ახლებურად მოწყობისათვის საჭირო პოლიტიკური ვითარება.

იმასაც ვიტყოდი, რომ არჩევნებს არ ატარებს მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაცია ან ცესკო-ს თავმჯდომარე - მთავრობას, მედიას, პოლიტიკურ პარტიებსა და ჩვენ, მოქალაქეებსაც დიდი როლი გვაქვს.

თუკი პარტიები უპასუხისმგებლოდ მოიქცევიან, მედია სიძულვილისა და მტრობის ატმოსფეროს გააღრმავებს და მოქალაქეები არჩევნებზე საკუთარი თავის კი არა, ვიღაცის გამო მივლენ, მაშინ მუდმივად გაგვიჭირდება კარგი არჩევნების ორგანიზება და ამას, თქვენს მიერ ნახსენები დიმიტრი გელოვანი, ვერაფერს უშველის.

- ამ თემაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ - თუ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურაზე ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ შეთანხმდნენ, საპარლამენტო უმრავლესობას შეეძლება 6 თვით, დროებით აირჩიოს ცესკო-ს თავმჯდომარე.

მოვლენათა ამგვარი განვითარება სასურველი ნამდვილად არაა, მაგრამ გაქვთ იმედი, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შეძლებენ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურის, ასევე ცესკო-ს წევრების ერთობლივად არჩევას, თუ მმართველ გუნდს მოუწევს მისი ერთპარტიულად არჩევა?

- არ ვიცი, როგორ მოიქცევიან ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები და შეძლებენ თუ არა ისინი შეთანხმებას.

თუმცა, ჩემი აზრით, აუცილებელია კონსენსუსი და ზოგადად, მაგალითად იმ დოკუმენტში, რომელიც ცოტა ხნის წინ წარვადგინეთ საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენ სწორედ იმას ვთავაზობდით მხარეებს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე „ორმაგი უმრავლესობის“ პრინციპით არჩეულიყო, სადაც არჩევისათვის აუცილებელია, როგორც უმრავლესობის ხმები, ისე უმცირესობის უმრავლესობისაც.

ეს ვერ იქნება სრული დაზღვევა ყველა შესაძლო პრობლემისგან, მაგრამ გაზიარებული პასუხისმგებლობის საფუძველი გახდებოდა.

- საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები მიღებულია. ჯერჯერობით საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის საკითხი 19 აპრილის შეთანხმებიდან ერთადერთია, რომელზეც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კონსენსუსის მოძებნა შეძლეს. თქვენ როგორ შეაფასებდით საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს?

- მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არ არსებობს იდეალური საარჩევნო სისტემა. ყველა პოლიტიკური ინსტიტუტი, მათ შორის საარჩევნო სისტემაც, არის ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური განვითარების შედეგი.

ჩემთვის უმთავრესია, რომ მოხერხდა ამ საკითხზე თანხმობის მიღწევა. ბუნებრივია, ეს სისტემა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა, კვლავ საჭიროებს დახვეწასა და განვითარებას.

- საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, რომ ახლა რაც გვაქვს, წინას სჯობია, მაგრამ იგივე ხალხი თვლის, რომ მიუხედავად განხორციელებული ცვლილებებისა, ხელისუფლებას მაინც ექნება ბერკეტები ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე.

თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული საარჩევნო კანონმდებლობაში, იგივე ცესკო-ს დაკომპლექტების წესში რა ცვლილებებს შეიტანდით რომ ჩვენში საარჩევნო დემოკრატია უფრო გასაგები, მარტივი, ხელშესახები და ეფექტურად მომუშავე იყოს?

- მე საერთოდ უარს ვიტყოდი საარჩევნო კომისიის კოლეგიური პრინციპით დაკომპლექტებაზე და სრულად გავათავისუფლებდი საარჩევნო კომისიას პოლიტიკური პარტიების მონაწილეობისგან გადაწყვეტილებების მიღებაში - მათ მხოლოდ სადამკვირვებლო და სათათბირო ხმის უფლებას დავუტოვებდი.

მე საერთოდ უარს ვიტყოდი საარჩევნო კომისიის კოლეგიური პრინციპით დაკომპლექტებაზე და სრულად გავათავისუფლებდი საარჩევნო კომისიას პოლიტიკური პარტიების მონაწილეობისგან გადაწყვეტილებების მიღებაში - მათ მხოლოდ სადამკვირვებლო და სათათბირო ხმის უფლებას დავუტოვებდი

ცესკო-ს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი, რომელიც სრულად იქნება პასუხისმგებელი არჩევნების მართვაზე და ამისათვის საჭირო ეფექტური მანდატიც ექნება. საჭიროა საარჩევნო კომისიის უკეთესი პროფესიონალიზაცია და უფრო მაღალი მოთხოვნების დაწესება საარჩევნო მოხელედ გახდომისთვის.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საარჩევნო მოხელეებს, განსაკუთრებით ოლქისა და უბნის დონეზე, ბევრად უფრო მაღალი ანაზღაურება ჰქონდეთ.

- არჩევნებამდე 3 თვეა დარჩენილი. დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ არჩევნებამდე 3 თვით ადრე არც მმართველი გუნდი და არც ძირითადი პოლიტიკური ძალები კარგად არ გამოიყურებიან.

თქვენ როგორ შეაფასებდით 3 თვით ადრე საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- ძალიან სამწუხარო ის არის, რომ ქართული პოლიტიკა დიდწილად დაიცალა ადამიანისგან და იგი უფრო და უფრო მეტად ემსგავსება მეტოქეობას არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ საარჩევნო მანქანებს შორის.

პოლიტიკა, როგორც მართვის, სახელმწიფო საქმეების კეთების საშუალება, გაქრა პოლიტიკური დებატებიდან და უფრო და უფრო შორდება საზოგადოების რეალურ ინტერესებს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ამომრჩეველსა და პარტიებს შორის გაუცხოებას იწვევს.

კითხვას კი უფრო მოკლედ ასე ვუპასუხებ - მთელი დღევანდელი პოლიტიკური კლასი დგას საკმაოდ სერიოზული პრობლემის წინაშე - ამომრჩევლის თვალში იგი უფრო და უფრო მეტად წარმოადგენს მისი ლიდერების და არა საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფის, ან თუნდაც, მისივე წევრების ინტერესებს.

მთელი დღევანდელი პოლიტიკური კლასი დგას საკმაოდ სერიოზული პრობლემის წინაშე - ამომრჩევლის თვალში იგი უფრო და უფრო მეტად წარმოადგენს მისი ლიდერების და არა საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფის, ან თუნდაც, მისივე წევრების ინტერესებს

- არჩევნების მოახლოების გამო ყველა პოლიტიკური ძალის აქტივობა სწორედ არჩევნებს უკავშირდება. ხელისუფლება ცდილობს ყველა მიმართულებით აქტიურობას იქნება ეს სოფლის მეურნეობა თუ ინფრასტრუქტურული პროექტები.

გორში გახარიას ორგანიზაციის პრეზენტაციაზე შენობაში შუქის გამორთვა ბევრმა სწორედ ხელისუფლების აქტიურობას დაუკავშირა.

რადგან თქვენს ორგანიზაციას საინტერესო კვლევები აქვს ჩატარებული პარტიებში შიდა დემოკრატიის ხარისხზე ასე დავსვამდი კითხვას - არჩევნების წინ რა გამოწვევების წინაშე დგას მმართველი გუნდი და რამდენად უკავშირდება მისი პრობლემები პარტიაში შიდა დემოკრატიის ხარისხს?

- შიდაპარტიული დემოკრატიის ხარისხი სწორედ ის მაჩვენებელია, რაც გვეხმარება პასუხი გავცეთ შეკითხვას იმის თაობაზე, ესა თუ ის პოლიტიკური ორგანიზაცია რეალური, წევრებზე დაფუძნებული, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიაა, თუ ამა თუ იმ ლიდერის გარშემო აწყობილი საარჩევნო ინსტრუმენტი, რომელიც დემოკრატიას მხოლოდ იმისათვის იყენებს, რომ ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. ეს პრობლემა სხვადასხვა ხარისხით ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს საქართველოში.

ის, რომ შიდაპარტიული დემოკრატიის ხარისხი ზოგადად ძალიან დაბალია ქართულ პოლიტიკაში იმასაც იწვევს, რომ პარტიები ერთმანეთს უყურებენ როგორც მტრებს და არა როგორც კონკურენტებს, რომელთა უკანაც მათივე თანამოქალაქეები დგანან.

ის, რომ შიდაპარტიული დემოკრატიის ხარისხი ზოგადად ძალიან დაბალია ქართულ პოლიტიკაში იმასაც იწვევს, რომ პარტიები ერთმანეთს უყურებენ როგორც მტრებს და არა როგორც კონკურენტებს, რომელთა უკანაც მათივე თანამოქალაქეები დგანან

- რადგან ოპოზიციური სპექტრი მრავალფეროვანია, კითხვას ასე დავსვამდი - არჩევნების წინ პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსის თვალსაზრისით რა ტიპის ზოგადი გამოწვევების წინაშე დგანან ოპოზიციური პარტიები?

- ოპოზიციური პარტიების მთავარი გამოწვევა ამომრჩევლის იმაში დარწმუნებაა, რომ მათი მმართველობით საქართველო დღევანდელ პრობლემებს გადალახავს, ახლებს არ შეიქმნის და მეტ წარმატებას მიაღწევს.

ოპოზიციას სჭირდება ამის დამაჯერებლად კომუნიკაცია ხალხთან, საუკეთესო შემთხვევაში კი, ამის მოდელის შექმნა, რისი რეალური შესაძლებლობაც მას ადგილობრივ არჩევნებზე გაუჩნდება. ეს არ არის მარტივი ამოცანა, მაგრამ ამის გარეშე რთულად მეჩვენება პოლიტიკური წარმატების მიღწევა.

- რადგან ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე მეტი ამომრჩეველი „ნაციონალებს“ ჰყავთ, „ნაციონალებთან“ დაკავშირებული თემატიკით გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა 19 აპრილის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ცხადი გახდა, რომ ოპოზიციური ძალები „ნაციონალების“ სცენარით არ იმოქმედებდნენ.

მას შემდეგ რაც „ნაციონალების“ პარტიის თავმჯდომარე მელია გათავისუფლდა, მას შეხვედრები ჰქონდა თანაგუნდელებთან, „ნაციონალების“ გუნდი პარლამენტში შევიდა, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია გუნდის წევრებთან ერთად ევროპასა და ამერიკაში იყო, იყო მოლოდინი, რომ ისინი საზოგადოებას წინასაარჩევნოდ თავის სამოქმედო გეგმებს წარუდგენდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ამის მსგავსი არაფერი ხდება.

მოახლოებული არჩევნების წინ რა პრობლემების აქვს „ნაცმოძრაობას“ და რამდენად უკავშირდება ეს პრობლემები პარტიაში შიდა დემოკრატიის ხარისხს? მტკიცებებს, რომ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში უმთავრესს გადაწყვეტილებებს ქვეყანაში არმყოფი მესამე პრეზიდენტი იღებს?

- „ნაცმოძრაობის“ პრობლემებზეც ზუსტად იმას ვიტყოდი, რაც ზოგადად, ოპოზიციური პარტიების საერთო პრობლემაზე მოგახსენეთ.

ბუნებრივია, ყველა პარტიას, თავისი, განსაკუთრებული საკითხები აქვს, მაგრამ ის რაზეც უკვე ვისაუბრე, უმთავრესად მეჩვენება.

- არჩევნების წინ პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსის გათვალისწინებით რა პრობლემები აქვთ პარლამენტში შესულ „ლელოს“, სტრატეგია აღმაშენებელს“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩს“, ზურაბ ჯაფარიძის პარტიას?

- ამ პარტიებსაც იგივე პრობლემები აქვთ, რაც სხვებს და და ამაზე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრე. ზოგადად კი, ახლად შექმნილ პარტიებს შანსი აქვთ, თავიდანვე სწორ პრინციპებზე დააფუძნონ საკუთარი ორგანიზაციები.

სხვათა შორის, თქვენს მიერ ჩამოთვლილი პარტიები უფრო მაღალი დემოკრატიის ხარისხით გამოირჩევიან ვიდრე სხვა, უფრო ტრადიციული მოთამაშეები. ჩემი აზრით, ეს საინტერესო და იმედის მომცემია.

რაც შეეხება პრობლემებს, მთელი რიგი პრობლემები ტრადიციულად საერთოა ოპოზიციური მოთამაშეებისთვის - რესურსები, ინფრასტრუქტურა, პოლიტიკური, მათ შორის საარჩევნო კამპანიების მართვის და საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება.

ეს ის აქტივია, რასაც პარტიები დროთა განმავლობაში დააგროვებენ, თუკი ისინი „მსწავლელ ორგანიზაციებად“ ჩამოყალიბდებიან. თუ არა, მაშინ ფინიშის ხაზამდე ჩამოსცილდებიან გარბენს.

- მას შემდეგ რაც პოლიტიკურ მოედანზე თავისი პარტიით ლევან ვასაძე გამოჩნდა, გახშირდა საუბრები იმაზე, რომ მოახლოებულ არჩევნებზე პრორუსულ პარტიებად მიჩნეულ პარტიებს შორის კონკურენცია გაიზრდებოდა.

რა პრობლემების წინაშე არიან პროპუსულ ძალებად მიჩნეული „პატრიოტთა ალიანსი“, ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ და ვასაძის „ერი“? სავარაუდოდ რა კორექტივებს შეიტანს ამ ფლანგზე ვასაძის პარტიის გამოჩენა?

- ამ პარტიების მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ისინი პრორუსული ძალები არიან. ოკუპანტ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და მის მოკავშირედ წარმოჩენა კი, მე მაინც მჯერა, ჯერ კიდევ არ არის პოლიტიკური წარმატების გარანტია საქართველოში.

- მას შემდეგ რაც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები აქტიურად ჩაერთვნენ არჩევნების შემდეგ საქართველოში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში, ოპოზიციის ჯერ ერთი ნაწილი, ხოლო შემდეგ მეორე ნაწილი შევიდა პარლამენტში, შიდა პოლიტიკაში არსებული პრობლემების განხილვამ პარლამენტის კედლებში გადაინაცვლა.

ახლა ერთპარტიული პარლამენტი ნამდვილად აღარ გვყავს, მაგრამ, რასაც ჩვენს პარლამენტში ვადევნებთ თვალს, მრავალპარტიული დემოკრატიის არაფერი ეტყობა. პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილებების მიღებისას ოპოზიცია სტატისტის როლშია.

მას შემდეგ რაც ოპოზიცია პარლამენტში შევიდა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში მხოლოდ დემოკრატიულობის ფასადი შეინარჩუნა.

თქვენ მრავალპარტიული დემოკრატიის თემასა და პრობლემებზე დიდი ხანია მუშაობთ ამიტომაც გკითხავთ - თქვენი დაკვირვებით რაა მიზეზი იმისა, რომ ჩვენში მრავალპარტიული დემოკრატია არ თუ ვერ მუშაობს?

- საქართველოს მსგავს ქვეყნებს უწევთ დემოკრატიული რეფორმების შემჭიდროებულ ვადებში განხორციელება, ამას ლიტერატურაში „დემოკრატიულ კომპრესიასაც“ უწოდებენ, როდესაც ქვეყნები მთელ რიგ ევოლუციურ, ზოგჯერ კი რევოლუციურ ცვლილებებსაც უფრო სწრაფად ახორციელებენ, ვიდრე ეს სხვაგან, პოლიტიკური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური ევოლუციის შედეგად ხდებოდა.

ეს რთული, მაგრამ გარდაუვალია, თუკი ჩვენ გვინდა სწრაფი განვითარება და ღირსეული სახელმწიფო. ბუნებრივია, რომ ამ გზაზე ბევრი შეფერხება გვხვდება.

მე ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენში მრავალპარტიული დემოკრატია საერთოდ არ მუშაობს. ის მუშაობს, მაგრამ სერიოზული ხარვეზებით და არაა გამორიცხული ერთ დღეს, სრულიადაც გაჩერდეს. ჩვენი დემოკრატიის ხარისხი ბოლო წლებში საგრძნობლად გაუარესდა და უნდა ვეცადოთ რომ ეს შეუქცევადი პროცესი არ გახდეს.

მე ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენში მრავალპარტიული დემოკრატია საერთოდ არ მუშაობს. ის მუშაობს, მაგრამ სერიოზული ხარვეზებით და არაა გამორიცხული ერთ დღეს, სრულიადაც გაჩერდეს. ჩვენი დემოკრატიის ხარისხი ბოლო წლებში საგრძნობლად გაუარესდა და უნდა ვეცადოთ რომ ეს შეუქცევადი პროცესი არ გახდეს

დემოკრატიულ დაღმასვლას ადვილად შეიძლება გადაჩეხვაც მოჰყვეს და მერე იქიდან ამოსვლა შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთული იქნება - ჩვენ ყველას ეს ფილმი უკვე ყველას ნანახი გვაქვს.

ამიტომაც, დემოკრატიისა და მმართველობის ხარისხის გაუმჯობესება არის არა რაღაც, ზედაპირული, ეფემერული ამოცანა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ან საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებისთვის უნდა ვაკეთოთ, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და ამას შესაბამისად უნდა მოვეკიდოთ.

- როცა პარტიებს შორის თანამშრომლობაში ასეთი და ამგვარი ტიპის პრობლემები რეალურად გვაქვს, საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური პროცესის სტაბილურობისთვის კოალიციური მმართველობა და კოალიციური მთავრობა გამოსავალია, უტოპიურადაც კი ხომ არ გამოიყურება?

- იმისათვის, რომ კოალიციური მთავრობა და ზოგადად, მმართველობა შესაძლებელი გახდეს, აუცილებელია რომ პოლიტიკურმა პარტიებმა აღიარონ ერთმანეთის ლეგიტიმურობა. თუკი ისინი ერთმანეთს კრიმინალებად და მოღალატეებად მიიჩნევენ, ეს შეუძლებელი იქნება.

იმისათვის, რომ კოალიციური მთავრობა და ზოგადად, მმართველობა შესაძლებელი გახდეს, აუცილებელია რომ პოლიტიკურმა პარტიებმა აღიარონ ერთმანეთის ლეგიტიმურობა. თუკი ისინი ერთმანეთს კრიმინალებად და მოღალატეებად მიიჩნევენ, ეს შეუძლებელი იქნება

მაგრამ, თუკი, როგორც უკვე ავღნიშნე, ისინი ყველა პარტიის უკან იმ მოქალაქეებს დაინახავენ, რომელთაც განსხვავებული აზრი, მაგრამ საერთო პრობლემები აქვთ, მაშინ თანამშრომლობა უკეთ გამოვა, მათ შორის კოალიციური მმართველობის პირობებშიც.

საჯარო სექტორის დეპოლიტიზაცია და შემდგომი პროფესიონალიზაცია კი, ასევე, აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ პოლიტიკური ფრაგმენტაციის, ზოგჯერ კი კრიზისის პერიოდშიც, სახელმწიფომ მნიშვნელოვან ამოცანებს თავი გაართვას.

აქაც, ისევე როგორც სხვაგან, ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. სწორედ ასეთი, ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები უნდა იყოს პოლიტიკური დებატების ცენტრში დღეს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა