"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი, რომელსაც "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ,  მომხდარის დეტალებს იხსენებს

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი, რომელსაც "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, მომხდარის დეტალებს იხსენებს.

გიორგი ნიკოლიშვილი, რომელიც ამჟამად ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, აცხადებს, რომ მას აქციის მონაწილეები თავს ორჯერ დაესხნენ, პირველი ფიზიკური თავდასხმის შემდეგ გაქცევა სცადა, თუმცა ისევ ხელი კრეს და წააქციეს.

ამასთან, როგორც ფოტოკორესპონდენტმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, თავდასხმა ზურგიდან მოხდა, რის გამოც კონკრეტული პირების დანახვა ვერ შეძლო.

„ფოტოებს ვიღებდი, როცა უკნიდან რაღაც მომხვდა და დავეცი. არ მახსოვს ვინ იყო. ფეხზე, რომ ავდექი, გაქცევას შევეცადე, მაგრამ მასა მორბოდა, ხელი მკრეს და კვლავ დავეცი. საბოლოოდ, პოლიციამ გამარიდა და საავადმყოფოში გადამიყვანეს “, - აღნიშნა გიორგი ნიკოლიშვილმა.

რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ის აცხადებს, ტვინში ჰემატომა და დაჟეჟილობა აღენიშნება, რის გამოც გადაადგილება არ შეიძლება. ის მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

მისივე თქმით, არაერთი აქცია აქვს გაშუქებული, თუმცა აქციის მონაწილეების მიერ მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი აგრესია არასდროს უნახავს.

„წლებია ამ საქმეში ვარ, მედიაზე ასეთი თავდასხმა პირველი იყო. ცოტა არ იყოს შოკირებული ვარ, წარმოუდგენელი და მიუღებელია რაც იყო. ვერ ვხსნი ამ ფენომენს“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტმა.

რაც შეეხება ტექნიკას, მისი თქმით, დაზიანებულია კამერაც.

ცნობისთვის, "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი, რომელსაც "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. სააგენტოს თანამშრომელს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული, მათ შორის, გამოკვლევების შედეგად, აღენიშნება ტვინში სისხლჩაქცევები.

გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი თავს ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაესხა. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა.

მარშის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებსა და ოპერატორებსაც გაუსწორდნენ. პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობის მობილიზების გამო, სამართალდამცავებმა მათი უსაფრთხოება ვერ დაიცვეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თბილისში დღეს განვითარებული მოვლენებისას 16 მედიასაშუალების 47 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა