ლევან იოსელიანი მოსამართლეობის კანდიდატს - მიშელის შეთანხმებით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერებულიყო - რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს, იყოთ დღეს აქ, ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ?

შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერებულიყო. რამდენად კომფორტულად გრძნობთ დღეს თავს იყოთ აქ, ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ და იკვლევდეთ გზას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისკენ?- ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გოჩა აბუსერიძეს, რომლის მოსმენაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარეობს.

იოსელიანმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შეახსენა, რომ სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტისა და მის ფარგლებში შეთანხმებული კონკრეტული პუნქტების წყალობით განიმუხტა ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისი და მიმართა კითხვით, ეწინააღმდეგება თუ არა მისი პარლამენტში გასაუბრებაზე ყოფნა შარლ მიშელის შეთანხმების კონკრეტულ ჩანაწერს.

„თქვენ იცით, რა პოლიტიკურ კონტექსტშიც იმყოფებით დღეს პარლამენტში და გიწევთ აქ პასუხების გაცემა. იცით, რომ შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერებულიყო, ამას ითვალისწინებდა კონკრეტული ჩანაწერი. ალბათ, თქვენთვის ცნობილია შეთანხმების ეს პუნქტი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როდესაც პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა სწორედ ასეთი რთული პროცესის შედეგად, ამ ჩანაწერის და მათ შორის, სხვა პუნქტების წყალობით, რამდენად კომფორტულად გრძნობთ დღეს თავს იყოთ აქ, ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ და იკვლევდეთ გზას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისკენ?“- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის კითხვის საპასუხოდ გოჩა აბუსერიძემ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმებას ყველა მიესალმება, თუმცა შეთანხმების ხელმოწერამდე იყო დაწყებული კონკურსი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დასანიშნად.

„მე პარლამენტის უფლებამოსილებაზე ვერ ვისაუბრებ, შეაჩერებს თუ არა ამ პროცესს, საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტია. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციასთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, სასამართლო ხელისუფლება ხელმძღვანელობს კანონით, რომელსაც ადგენს პარლამენტი. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ პირდაპირ განსაზღვრავდა იმ პროცედურებს, რა შემთხვევაშიც უნდა დაწყებულიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით შესაბამისი კონკურსი. მითითებულია შესაბამისი კონკრეტული თარიღები, როდესაც წარმოიშობა ვაკანტური ადგილი, წარმოშობამდე ერთი თვით ადრე ან შემდეგ 10 დღის ვადაში იღებს სასამართლო ამგვარ გადაწყვეტილებას. შარლ მიშელის შეთანხმებას, რა თქმა უნდა, ყველა მივესალმებით, თუმცა ამ შეთანხმების ხელმოწერამდე იყო აღნიშნული კონკურსი დაწყებული“, - განაცხადა გოჩა აბუსერიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა