IDFI - 2020 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშირებით ჯამში 997 შუამდგომლობა განიხილეს

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), 2018-2020 წლებში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთ დაკავშირებით შუამდგომლობების წარდგენის, განხილვისა და დაკმაყოფილების, ასევე გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის შესახებ სტატისტიკურ მონაცემების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც IDFI-ში ამბობენ, კვლევაში ასახულია ბოლო პერიოდში ფარული ჩანაწერების გავრცელებისა და უკანონო მოსმენის ფაქტები, რაც ცხადყოფს, რომ ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით სერიოზული გამოწვევები არსებობს.

სერიოზულ გამოწვევად რჩება ფარული ჩანაწერების გავრცელებისა და უკანონო მოსმენის ფაქტები და დამნაშავეთა დაუსჯელობა, რაც ცხადყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მყარი გარანტიების არარსებობას.

IDFI -ის მიერ გავრცელებული კვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშირებით ჯამში 997 შუამდგომლობა განიხილეს. ამ შუამდგომლობების 62% თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა.

მათი ცნობით, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის რაოდენობის პარალელურად, ბოლო წლებში გაიზარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შეჩერების მექანიზმის გამოყენების სიხშირეც. 2020 წელს ამ მექანიზმის გამოყენების ნიშნულმა 116-ს მიაღწია (115 მათგანი გამოყენებული იყო სასამართლოს განჩინებაზე, ხოლო 1 - პროკურორის დადგენილებაზე).

მათივე ინფორმაციით, სააბონენტო ნომრებზე განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის რაოდენობა 2018 წლიდან თანდათანობით იზრდება და 2021 წლის პირველივე კვარტალში სოლიდურ ნიშნულს, წინა სრული წლის თითქმის ნახევარს - 2403-ს აღწევს.

"2018-2020 წლების სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ სასამართლოებში შესული შუამდგომლობების რიცხვი და მათი დაკმაყოფილების ჯამური მაჩვენებელი შემცირდა. ეს უკავშირდება კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობების მნიშვნელოვნად კლებას ბოლო 3 წლის მანძილზე. ამ კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებული შუამდგომლობათა რიცხვი 7150-დან (2018 წელს) 1348-მდე შემცირდა (2020 წელი).

ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადის გაგრძელებასთან, ფარულ ვიდეოჩაწერასა და ფოტოგადაღებასთან დაკავშირებული შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი მზარდია. უნდა აღინიშნოს, რომ გაიზარდა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ შუამდგომლობების სრულად დაკმაყოფილების მაჩვენებელიც. ასევე, 2018 წლის შემდგომ იზრდება განხილულ შუამდგომლობათა შორის გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობების პროცენტული წილი და მათი დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელიც. 2020 წელს ეს უკანასკნელი 98.5%-ს აღწევს. ბოლო წლებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შეჩერების მექანიზმის გამოყენების სიხშირემაც იმატა.

სერიოზულ გამოწვევად რჩება ფარული ჩანაწერების გავრცელებისა და უკანონო მოსმენის ფაქტები, ასევე დამნაშავეთა დაუსჯელობა. უკანონო ფარული მეთვალყურეობისა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციით შანტაჟის ყველა შემთხვევა დროულ და ეფექტიან რეაგირებას მოითხოვს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოში ფარული მეთვალყურეობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მყარ გარანტიებს. სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტიანი სისტემა და სათანადო პროცედურული გარანტიები, რაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას უზრუნველყოფდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში რომელსაც თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.

კვლევა იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3ho5uU0

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა