ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს COVID-19-ის მასობრივი ვაქცინაციისთვის მზაობაში ეხმარებიან

ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს COVID-19-ის მასობრივი ვაქცინაციისთვის მზაობაში ეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ევროკავშირის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე, კატალინ გერმანი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე ეწვივნენ, მოწყობილობების ნაწილი გადასცეს და ვაქცინაციის პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო საკითხებიც განიხილეს.

„ 72 მაღალი ხარისხის ლეპტოპი, ვაქცინების სატარებელი 200 ყუთი, ყინულის 300 სამედიცინო მაცივარი და მათი აქსესუარები, 300 თერმომეტრი, სპეციალიზებული ვაქცინაციის ავტომობილი - ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ დახმარებისა, რომელსაც ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უწევენ საქართველოს COVID-19-ის მასობრივი ვაქცინაციისთვის მოსამზადებლად.

ეს დახმარება მხოლოდ ნაწილია იმ დიდი მხარდაჭერისა, რომელსაც ევროკავშირი და WHO უწევს საქართველოს. პანდემიის დაწყებიდანვე ევროკავშირი და WHO საქართველოს COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევასა და ზოგადად, ჯანდაცვის სექტორის მზაობის გაუმჯობესებაში ეხმარებიან. ახლა კი, ვაქცინაციის მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში საქართველო იღებს ისეთ დახმარებას, როგორიცაა საჭირო მოწყობილობები, პროგრამებისა თუ აპლიკაციების შექმნა, ვაქცინაციის პროცესში ჩართული პერსონალის ტრენინგი, ვაქცინების ეფექტიანობის მონიტორინგი და საკომუნიკაციო საქმიანობის მხარდაჭერა“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ევროკავშირის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანი აღნიშნავს, ვაქცინები და მათი მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პანდემიის დასაძლევად.

„ რამდენიმე დღის წინ საქართველომ ავსტრიისგან მიიღო ვაქცინები, ხოლო დღეს კი WHO-სთან ერთად გადავცემთ მოწყობილობებს, რათა ვაქცინების გამოყენება რაც შეიძლება ეფექტურად მოხდეს, მაქსიმალური ზეგავლენის მისაღწევად. ევროკავშირი და ევროპის გუნდი აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას პანდემიის პერიოდში,“ - ამბობს კატალინ გერმანი.

როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე განმარტავს, მოწყობილობები ვაქცინაციის ჯგუფებს საქმიანობის ეფექტურად შესრულებაში დაეხმარება.

„ველით, რომ მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში ივლისში დაიწყება და იმედი გვაქვს, ეს მოწყობილობები ვაქცინაციის ჯგუფებს საქმიანობის ეფექტურად შესრულებაში დაეხმარება. ასევე, იმედი გვაქვს, რომ სასარგებლო იქნება ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო იღებს ევროკავშირის და WHO-ს ერთობლივი ინიციატივების ფარგლებში,“ - ამბობს სილვიუ დომენტე.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში აღნიშნავენ, ეს დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და გადანაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს, მისი მიზანია საქართველოს პანდემიასთან გამკლავებაში დაეხმაროს. მათივე ცნობით, ეს არის მსოფლიო მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამ უპრეცედენტო კრიზისის პერიოდში საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობაზე მიანიშნებს.

„ გარდა ამისა, ევროკავშირი და ევროპის გუნდი, მათ შორის ევროკომისია, ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები არიან COVAX-ის პლატფორმისა, რომლის საშუალებითაც საქართველომ ვაქცინის პირველი დოზები მიიღო. ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა განაცხადეს პლატფორმისთვის 870 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის მხარდაჭერის შესახებ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა