კახა კალაძე - ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, რომ მუშტი დაარტყა ვიღაცას, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც, რაც კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან ხდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 5-6 ივლისს დედაქალაქში განხორციელებული ძალადობის გამო ყველა მონაწილე კანონის წინაშე პასუხს აგებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პოლიცია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო, თუმცა, ეს ძალიან რთული იყო იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი ადამიანი იყო სხვადასხვა ლოკაციებზე გამოსული.

„ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, ის, რაც ვნახეთ დედაქალაქის ქუჩებში. კატეგორიულად ვემიჯნებით ამას. ჩვენ გუშინაც მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ადამიანი იქნება მკაცრად დასჯილი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ძალადობაში. კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, აგრესია, შეურაცხყოფა და ზოგადად, ის ანტაგონიზმი, რაც იკვეთება განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანების მხრიდან. ეს არ ვარგა, დაუშვებელია. უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემაა საჭირო.

რაც შეეხება დამნაშავეებს, აუცილებლად ყველას მოეთხოვება პასუხი კანონის წინაშე. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ 5 ადამიანი უსწორდება ერთ ადამიანს, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?! პოლიცია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ადამიანების უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული. ძალიან რთული იყო იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი ადამიანი იყო სხვადასხვა ლოკაციებზე გამოსული. ეს არ იყო ერთ კონკრეტულ ადგილზე შეკრება. სამწუხაროდ, ხდებოდა ის უბედურება, რაც ვიხილეთ და ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. 100-ზე მეტი პირი დააკავეს. ყველა მონაწილე, ვისაც ბრალი მიუძღვის და დანაშაული აქვს ჩადენილი, აუცილებლად დაისჯება“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ მათ შორის, სასულიერო პირების ძალადობრივ მოწოდებებზე საპატრიარქომ უნდა გააკეთოს განცხადება.

„ალბათ, ამაზე საპატრიარქომ უნდა გააკეთოს განცხადება. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის კატეგორიულად მიუღებელია ყველანაირი ძალადობა, ძალადობის წამახალისებელი ქმედებები და თუნდაც განცხადებები. ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის, რომ მუშტი დაარტყა ვიღაცას, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც, რაც კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან ხდება. ამას დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ მომავალში“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეს, როგორც კალაძე ამბობს, მიმდინარე გამოძიებას სრულად ენდობა.

„გამოძიებას ვენდობი. დაველოდოთ საბოლოო გადაწვეტილებას, რომელიც იქნება გაკეთებული. მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა. გუშინ იყო შუალედური დასკვნა“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:კახა კალაძის განცხადებით, 5-6 ივლისს დედაქალაქში განხორციელებული ძალადობის გამო ყველა მონაწილე კანონის წინაშე პასუხს აგებს

ბაკურ კვაშილავა - 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი გუნდის გამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ იგი არ არსებობს - თუ მათ ხმების 43% ვერ მიიღეს, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.08.2021
ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ვიქტორ ყიფიანი - მოქმედება თუ უმოქმედობა: ასარჩევი აი ეს არის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტს და ქეჯის ბიზნესის სკოლას შორის
"თიბისის" აპლიკაციების კონკურსი იწყება
კავკასიის უნივერსიტეტის და ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის ერთობლივი ორმაგი ხარისხის პროგრამა