„ევროპის წამლის სააგენტო“ - აგვისტოს ბოლოსთვის „დელტა“ ვარიანტის წილი ევროკავშირში გავრცელებულ კორონავირუსის ყველა ვარიანტს შორის 90% იქნება

ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) განცხადებით, ვაქცინის ორი დოზა კრიტიკულად აუცილებელია კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის საწინააღმდეგოდ.

ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანო ამ საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

„ევროპის წამლის სააგენტო და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი ევროკავშირის მოქალაქეებს მოუწოდებენ აიცრან და დაიცვან ვაქცინირების რეკომენდებული დოზების რაოდენობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების პირობებში“, - წერია EMA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქვე აღნიშნულია, რომ „დელტა“ ვარიანტი შეშფოთების მიზეზია, რადგან ის ევროპაში სწრაფად ვრცელდება და პანდემიის კონტროლის ძალისხმევას შეიძლება სერიოზულად შეუშალოს ხელი.

„მტკიცებულებების თანახმად, ის 40-60 პროცენტით უფრო გადამდებია, ვიდრე მანამდე გავრცელებული „ალფა“ ვარიანტი. „დელტა“ შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჰოსპიტალიზების უფრო მაღალ რისკთან. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის გათვლებით, აგვისტოს ბოლოსთვის „დელტა“ ვარიანტის წილი ევროკავშირში გავრცელებულ კორონავირუსის ყველა ვარიანტს შორის 90% იქნება. წინასწარი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ორდოზიანი ვაქცინების ორივე დოზა საჭიროა „დელტა“ ვარიანტისგან სათანადოდ დასაცავად“, - წერია ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებაში.

რაც შეეხება მეორე დოზით ვაქცინაციისას სხვა მწარმოებლის ვაქცინის გამოყენების საკითხს, ევროპის წამლის სააგენტო და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი აცხადებს, რომ „ამჟამად ისინი არ არიან იმ პოზიციაში, რომ გადაჭრით გასცენ რეკომენდაცია კოვიდ-19-ის სხვადასხვა ვაქცინების დოზების შერევის თაობაზე“.

„ამის მიუხედავად, ესპანეთში, გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების წინასწარი შედეგები მიანიშნებს დამაკმაყოფილებელ იმუნურ რეაგირებაზე და არ აჩვენებს უსაფრთხოების რისკებს. ცოტა ხანში მეტი მონაცემები გვექნება და EMA განაგრძობს მათ გადახედვას, როგორც კი ისინი ხელმისაწვდომი გახდება“, - აღნიშნავენ მარეგულირებელ ორგანოში.

რაც შეეხება ე.წ. „ბუსტერ“ მესამე დოზას, EMA-ში განმარტავენ, რომ ამჟამად ნაადრევია იმის დადასტურება, როდის იქნება საჭირო COVID-19 ვაქცინების მესამე დოზა, რადგან ვაქცინაციის კამპანიებისა და მიმდინარე კვლევების მონაცემები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმის გასაგებად, თუ რამდენ ხანს იმოქმედებს ვაქცინების ეფექტი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა