თამარ გაბუნია - „ფაიზერის“ ფონზე არ დგას საკითხი, რომ რომელიმე ვაქცინა აუთვისებელი დაგვრჩეს

ვფიქრობ, „ფაიზერის“ პარალელურად აქტიურად გაგრძელდება სხვა ვაქცინებით ვაქცინაციის პროცესი, არ დგას საკითხი, რომ შესაძლებელია რომელიმე ვაქცინა აუთვისებელი დაგვრჩეს , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, არსებობს იმის მოლოდინიც, რომ „ფაიზერის“ შემოსვლის ფონზე „სინოფარმსა“ და „სინოვაკზე“ მოთხოვნა შემცირდება.

„გვაქვს მოლოდინი, რომ „სინოფარმსა“ და „სინოვაკზე“ მოთხოვნა „ფაიზერის“ ფონზე შედარებით ნაკლები იქნება, თუმცა, „სინოფარმსაც“ და „სინოვაკსაც“ თავისი მომხმარებელი ჰყავს. კარგია, რომ ბოლო პერიოდში მოსახლეობა აღარ ელოდება „ფაიზერის“ ვაქცინას, რეგისტრაციაც გაიზარდა. მოქმედების ხანგრძლივობა „სინოფარმს“ აქვს 2 წელი, „სინოვაკს“ ერთი წელი. ეს საკმაოდ კარგი ვადაა იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში ეფექტურად და სრულად მოხდეს ათვისება. ვფიქრობ, „ფაიზერის“ პარალელურად აქტიურად გაგრძელდება სხვა ვაქცინებით ვაქცინაციის პროცესი. არ დგას საკითხი, რომ შესაძლებელია რომელიმე ვაქცინა აუთვისებელი დაგვრჩეს“, - აღნიშნავს გაბუნია.

კითხვაზე, არსებული ვაქცინაციის ფონზე, ხომ არ გადაიხედება მთავრობის გათვლები, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, გაბუნია აღნიშნავს, რომ მიზნობრივი მაჩვენებლის შემცირება აზრს მოკლებულია.

„60%-ის მოცვა ჩვენთვის არის გარანტია, რომ პანდემიის კონტროლი მოვახერხოთ. თუ გავზრდით სამიზნე მაჩვენებელს, თორემ მისი შემცირება აზრს მოკლებულია. ეს უბრალოდ ხელოვნური ადაპტირება იქნება, თუ რაიმე საფრთხე შეექმნა ვაქცინაციის მიმდინარეობას“, - დასძენს გაბუნია.

კითხვაზე, თუ როდის შემოვა „ფაიზერის“ დამატებით დოზები ქვეყანაში, გაბუნია აღნიშნავს, რომ მას არ შეუძლია დეტალების დასახელება, ვიდრე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ფაიზერის“ ვაქცინებით თვითმფრინავი არ დაჯდება“.

„საქართველომ მილიონ 350 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შეისყიდა. უდიდესი ნაწილი მესამე კვარტალში, დანარჩენი წლის ბოლომდე უნდა შემოვიდეს. გუშინდელი მოწოდება, ეს არის პირველი ნაწილი, უმცირესი დოზების, რომელიც ქვეყანაში შემოვა, დანარჩენი ეტაპები გაგრძელდება. სამწუხაროდ, კონტრაქტული ვალდებულებებიდან გამომდინარე, დეტალების დასახელება არ შემიძლია, ვიდრე „ფაიზერის“ ვაქცინებით თვითმფრინავი არ დაჯდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მაგრამ, ეს პროცესი იქნება ძალიან სწრაფი, მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინები საკმარისი იქნება, რეგისტრაციაც განახლდება, ყველას ექნება საბოლოოდ დარეგისტრირების საშუალება. მუშაობა გრძელდება იმისთვის, რომ სხვა ვაქცინებიც მოვიზიდოთ, შესაძლებელია დამატებით დოზებზე ვისაუბროთ. ჯერ ეს 1 მილიონი ავითვისოთ, როგორც საჭიროა“,- აღნიშნავს გაბუნია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა