ჯანმო - საქართველოში ამბულატორიული მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს -  საყურადღებოა ფასის უფრო მკაცრი რეგულირება და მედიკამენტების რაციონალური დანიშვნისა და გამოყენების წახალისებისკენ ნაბიჯების გადადგმა

ფინანსური დაცვის გასაძლიერებლად ამბულატორიული მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ადამიანებისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ჯანმოს ბარსელონას ოფისის, (ჯანმო-ს ევროპის რეგიონალური ოფისის ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების განყოფილება) ანგარიშში, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის მომსახურების საფასურის დაფარვას და ფინანსურ უზრუნველყოფას უკავშირდება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ჯანდაცვაზე კატასტროფული ხარჯვის ინციდენტობა საქართველოში მაღალია ჯანმო-ს ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით”.

ჯანმო-ს ანგარიშის თანახმად, დაუყოვნებლივ საყურადღებოა ფასის უფრო მკაცრი რეგულირება.

„მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ასამაღლებლად ამბულატორიული მედიკამენტების პროგრამა მნიშვნელოვნად უნდა გაფართოვდეს, რათა მოიცვას როგორც მეტი მედიკამენტი, ასევე მეტი ადამიანი. დაუყოვნებლივ საყურადღებოა ფასის უფრო მკაცრი რეგულირება და მედიკამენტების რაციონალური დანიშვნისა და გამოყენების წახალისებისკენ ნაბიჯების გადადგმა. ჯანმრთელობის სერვისის ფასების სუსტი რეგულირება და პროვაიდერის შესაძლებლობა პაციენტებს ზედმეტი თანხა დააკისრონ (ბალანსის დაანგარიშება) ასევე ხელს უწყობს ჯიბიდან მაღალ გადახდებს სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებისთვის. არაფორმალური გადასახადების აღმოფხვრის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, საქართველოში პროვაიდერებს შეუძლიათ დაადგინონ საკუთარი ფასები და პაციენტებს მოსთხოვონ გადაიხადონ განსხვავება ფასსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დადგენილ ტარიფს შორის. თანაგადახდის სისტემა რთული და პოტენციურად დამაბნეველია პაციენტებისთვის. დაცვის მექანიზმები არაეფექტურია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეღავათებზე წლიური ზედა ზღვარი, პროცენტული თანაგადახდის გამოყენება და პროვაიდერის მიერ პაციენტებისთვის დამატებითი თანხის დაკისრების შესაძლებლობა ჯიბიდან მაღალ გადახდებს იწვევს”, - ნთქვამია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიში საუბარია საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წელს დაინერგა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვით მოცული მოსახლეობის წილი.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომლისთვისაც გათვალისწინებული იყო მნიშვნელოვნად გაზრდილი საჯარო დანახარჯები ჯანდაცვაზე, შეამცირა ხელმისაწვდომობის ფინანსური ბარიერები და გაზარდა სერვისებით სარგებლობა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, ვინც მანამდე არ იყო მოცული.

ჯანდაცვაში ამდენად საჭირო ინვესტიციის და ჯანდაცვის მომსახურებაზე წვდომის საგრძნობი გაუმჯობესების მიუხედავად, ევროპული სტანდარტების მიხედვით, კვლავ დაბალია საჯარო დანახარჯები ჯანდაცვაზე.

„შედეგად, ჯანმრთელობაზე მიმდინარე დანახარჯებში ჯიბიდან გადახდების წილი (48% 2018 წელს) კვლავ აღემატება ჯანმოს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (30%). ეს მიმოხილვა ეფუძნება საქსტატის მიერ ყოველწლიურად განხორციელებულ შინამეურნეობების შემოსავლებისა და დანახარჯების გამოკვლევის მონაცემებს. კვლევის თანახმად, 2013 წლიდან 2018 წლამდე, ჯიბიდან გადახდები გაიზარდა ოჯახების დანახარჯების 7%-იდან 9%-მდე, რაც მიანიშნებს, რომ ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის გაზრდასთან ერთად გაიზარდა შინამეურნეობების ჯიბიდან გადახდები. 2018 წელს, შინამეურნეობების დაახლოებით 7%-მა განიცადა გამაღატაკებელი დანახარჯები ჯანდაცვაზე, ხოლო 17%-მა გასწია კატასტროფული დანახარჯები ჯანდაცვაზე. ფინანსური შეჭირვების ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი უმაღლესია ევროპული რეგიონის მასშტაბით. ჯიბიდან გადახდების (69% 2018 წელს) ყველაზე დიდი წილი რეგულარულად მოდის მედიკამენტებზე, მას მოსდევს სტაციონარული (14%), და ამბულატორიული მომსახურება (11%). შინამეურნეობებს შორის ჯიბიდან გადახდილი დანახარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი განსხვავებებია. 2018 წელს, ამბულატორიული მედიკამენტების წილმა ჯიბიდან გადახდების 90% შეადგინა უღატაკეს შინამეურნეობებში კატასტროფული დანახარჯებით, ყველაზე შეძლებულ შინამეურნეობებში კი -- 24%. მართალია, ამბულატორიული მედიკამენტების წილი იკლებს შინამეურნეობის მოხმარების ზრდასთან ერთად, სტაციონარულ, ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე დანახარჯების წილი იზრდება შინამეურნეობის მოხმარებასთან ერთად. დროთა განმავლობაში, გაიზარდა მედიკამენტების წილი, რაც განპირობებულია ერთ სულზე მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების სწრაფი ზრდით, მოხმარების ყველა კვინტილში 2012- დან 2016 წლამდე პერიოდში”, - აღნიშნულია ანგარიშში.

ჯანმო-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს შინამეურნეობების დაახლოებით 7%-მა გაიღო ჯანდაცვის ხარჯები, რამაც გაღარიბება გამოიწვია, ხოლო 17%-მა ჯანდაცვასთან დაკავშირებით კატასტროფული ხარჯები გაწია.

„ფინანსური სიდუხჭირის ეს დონე ყველაზე მაღალია ევროპის რეგიონში. ფინანსური სიდუხჭირე მეტად კონცენტრირებულია უღარიბეს კვინტილში ყველა წლისთვის. 2018 წელს ყველაზე ღარიბი კვინტილის შინამეურნეობების 45%-მა და მეორე კვინტილის შინამეურნეობების 17%-მა გაწია კატასტროფული ხარჯები, ხოლო უმდიდრესი კვინტილის მხოლოდ 5%-მა გაწია ეს ხარჯები. ყველა კვინტილმა განიცადა ჯანდაცვის კატასტროფული დანახარჯების ზრდა დროთა განმავლობაში, მაგრამ ზრდის ძირითადი ნაწილი გამოწვეულ იქნა ორ უღარიბეს კვინტილში უფრო მაღალი ინციდენტობით. კატასტროფული ხარჯვა ყველა კვინტილში ძირითადად მედიკამენტებით არის განპირობებული, გარდა ყველაზე მდიდარი კვინტილისა. 2018 წელს მედიკამენტებზე გაწეული ხარჯები ჯიბიდან გადახდების 90%-ს შეადგენდა ყველაზე ღარიბი კვინტილის შინამეურნეობებში კატასტროფული ხარჯებით, ხოლო უმდიდრესი კვინტილის შემთხვევაში - 24%-ს”, - ნათქვამია ანგარიშში.

ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.08.2021
კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
გიორგი ხვედელიანი - ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიშელის ხელშეკრულება კი არა, ქართველი ხალხის ნება გადაწყვეტს
კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო
"სამსუნგის" Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენ მიერ (R)
GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან