შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისის აეროპორტსა და ბათუმში უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებისა და საზღვრის მართვისა და კოორდინირების სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და ბათუმში უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაკავებულ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს: 1996 წელს დაბადებულ ჰ.ბ.-ს, 1992 წელს დაბადებულ ბ.ი.-ს, 2002 წელს დაბადებულ ი.ჩ.-სა და 1985 წელს დაბადებულ ჩ.ჩ.-ს ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობა და ყალბი დოკუმენტების გამოყენება. ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 1964 წელს დაბადებულ ი.შ.-ს კი ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ყალბი საბუთების გამოყენებით ორი ან მეტი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისთვის წარუდგინეს. დანაშაულები 3-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის ოთხმა მოქალაქემ - ჰ.ბ.-მ, ბ.ი.-მ, ჩ.ჩ.-მ და ი.შ.-მ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლისას, მესაზღვრე-კონტროლიორს საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქის დროებითი ბინადრობის ყალბი მოწმობა წარუდგინა. ბრალდებულები ქუთაისი-მილანის რეისით, მილანის მიმართულებით გაფრენას აპირებდნენ. დადგენილია, რომ აღნიშნული პირების საზღვარზე უკანონოდ გადასვლის ორგანიზებას ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ი.შ. ახორციელებდა. პოლიციამ ბრალდებულების მიერ საპასპორტო კონტროლის დროს წარდგენილი ყალბი დოკუმენტები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობას, ყალბი დოკუმენტების გამოყენებას, ასევე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ყალბი საბუთების გამოყენებით ორი ან მეტი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
საქართველოს რეგიონალური პოზიციონირება ყარაბაღის კონტექსტის გათვალისწინებით: ცალკეული ასპექტები
საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი პროპარკო (Groupe Agence Française de Développement) კრედო ბანკის აქციონერი გახდა
„ემბავუდმა“ ოქროს ბრენდის წოდება მოიპოვა