თავდაცვის მინისტრი - ჩვენი ჯარის განვითარება უნდა დაეფუძნოს უახლეს მიდგომებს

„თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმა 2030“-ის მიზანია, შევქმნათ ჩვენი ჯარის თანმიმდევრული და უწყვეტი განვითარების წინაპირობა, რათა მივიღოთ მაღალი საბრძოლო შესაძლებლობების მობილური ძალა - ჩვენი ჯარის განვითარება უნდა დაეფუძნოს უახლეს მიდგომებს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს გეგმით ძირითადი აქცენტი კეთდება თანამედროვე ტექნიკითა და შეიარაღებით აღჭურვილი ქვედანაყოფების ჩამოყალიბებაზე, რომლებსაც ექნებათ საფრთხეებზე ეფექტიანი რეაგირების უნარი.

„თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030-ში განსაზღვრულ საფრთხეებსა და მიდგომებზე დაფუძნებით მნიშვნელოვანია თავდაცვის ძალების შესაბამისი განვითარება. აქედან გამომდინარე თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმა 2030-ის მიზანია, შევქმნათ ჩვენი ჯარის თანმიმდევრული და უწყვეტი განვითარების წინაპირობა, რათა მივიღოთ მაღალი საბრძოლო შესაძლებლობების მობილური ძალა, რომელსაც ექნება უნარი ეფექტიანად გაუმკლავდეს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე მდგარ გამოწვევებს და ამავე დროს, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად შეიქმნა აღნიშნული დოკუმენტები, რომელიც განსაზღვრავს თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და შესაძლებლობის განვითარების ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებს, ასევე გრძელვადიან პერიოდში განვითარებისთვის საჭირო რესურსებს.

დოკუმენტში მოცემულია, თუ რა შესაძლებლობების განვითარებაა საჭირო, რომ შევძლოთ სამხედრო თვალსაზრისით ჩვენზე ძლიერ მოწინააღმდეგესთან ეფექტიანი გამკლავება. ასევე დეტალურადაა გაწერილი ყველა ის საბრძოლო შესაძლებლობა და სტრუქტურა, რომლის შესყიდვა, შექმნა მნიშვნელოვნად გაზრდის თავდაცვის ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს. ჩვენი გეგმით ძირითადი აქცენტი კეთდება მობილური, თანამედროვე ტექნიკითა და შეიარაღებით აღჭურვილი ქვედანაყოფების ჩამოყალიბებაზე, რომლებსაც ექნებათ უნარი ოპერატიულ გარემოში აწარმოონ სრული სპექტრის ოპერაციები, ეფექტიანად მოახდინონ საფრთხეებზე რეაგირება და მაქსიმალური ზიანი მიაყენონ მოწინააღმდეგეს.

ჩვენი ჯარის განვითარება უნდა დაეფუძნოს უახლეს მიდგომებს - ცენტრალიზებული დაგეგმვა და დეცენტრალიზებული აღსრულება; ამოცანით მართვის მიდგომა; მცირე ქვედანაყოფების მოქმედების ტაქტიკა; ბრძოლის კონვენციური და არაკონვენციური მეთოდების სინქრონიზება. სწორედ მსგავსი მიდგომები გახლავთ თანამედროვე ინოვაციური ბრძოლის წარმოების კონცეფციის უმთავრესი ფუნდამენტი“,- განაცხადა ბურჭულაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა