თავდაცვის მინისტრი - შემუშავებული გვაქვს 5 ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება - ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო, საარტილერიო, სადაზვერვო და საინჟინრო შესაძლებლობები

შემუშავებული გვაქვს 5 ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება, ესენია: ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო, საარტილერიო, სადაზვერვო და საინჟინრო შესაძლებლობები, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

​როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, ამ მიმართულებების გაუმჯობესება მობილობისა და კონტრმობილობის შესაძლებლობებს გაზრდის.

„ცხადია, მნიშვნელოვანია არსებული რესურსების ოპტიმალური და რაციონალური გამოყენება, შესაბამისად, ჩვენ ყველა ამ პრიორიტეტული მიმართულებით გაწერილი გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც შემდეგი 10 წლის განმავლობაში მოხდება რესურსების ფოკუსირება, წლების მიხედვით თითოეულ ძირითად და ზოგად პრიორიტეტებზე. შესაბამისად, შემუშავებული გვაქვს თავდაცვის ძალების 2030 წლის პრიორიტეტების მხარდაჭერის დროის გრაფიკიც. საერთო ჯამში ჩვენ შევძლებთ, რომ არსებული საბჭოთა შეიარაღების სისტემების ჩანაცვლება თანამედროვე შეიარაღების სისტემებით მოხდეს, რაც თავდაცვის ძალების მოთხოვნებს პასუხობს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე მუშაობა.

ჯავშანსაწინააღმდეგო მიმართულებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატებისგან „ჯაველინების“ შესყიდვა იგეგმება, საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, შესყიდვების და ჩვენი ჯარის გაძლიერების პროცესი მომავალი 10 წლიდან 6 წლის განმავლობაში განხორციელდება. სადაზვერვო შესაძლებლობის განვითარებისთვის ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანი ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების, ასევე რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობის განვითარებაა.

ხარისხიანი და შესაბამისი მოცულობის უზრუნველყოფისთვის ჩვენ ადგილობრივ წარმოებას ვიწყებთ, შესაბამისად, აქტიურად ვთანამშრომლობთ სამხრეთ აფრიკულ - პოლონურ კომპანიებთან, მათთან წელს ვგეგმავთ ხელშეკრულების გაფორმებას და მომავალი წლიდან დავიწყებთ გამოშვებას. არტილერიის განვითარების მიმართულებით, 2024 წლიდან იგეგმება როგორც ქართული წარმოების ნაღმმტყორცნების განვითარება, ასევე უცხოური წარმოების საარტილერიო დანადგარების შესყიდვა. ჩვენს მეხუთე ძირითად პრიორიტეტს საინჟინრო მობილობის და კონტრმობილობის განვითარება წარმოადგენს. ამ მიმართულებით თავდაცვის ძალები ყურადღებას გაამახვილებს სპეციალური ოპერაციების მიმართულებების გაძლიერებაზე და ასევე მართვისა და კონტროლის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების გაძლიერებაზე“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა