ეკატერინე ტიკარაძე - საიტი გამართულად მუშაობს და რაიმე შეფერხების მოლოდინი არ არის - მოქალაქეებს ვაქცინაციის პორტალზე წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური 24 საათის განმავლობაში მიუვათ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინის მომდევნო რეგისტრაციის შეუფერხებლად ჩასატარებლად სამინისტრომ რამდენიმე უწყებასთან ერთად იმუშავა, საიტი გამართა და წინა რეგისტრაციისას არსებული პრობლემები აღმოფხვრა.

როგორც მან ჟურნალისტებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განუცხადა, უკვე არის საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს და მოლოდინი იმის, რომ რაიმე შეფერხება იყოს, არ არის.

„დღეს ჩამოდის „ფაიზერის“ დოზები, რომელიც არის ამერიკელი ხალხის საჩუქარი. ეს არის ის დონაცია, რომელიც საქართველომ მიიღო. დღეს საქართველოში იქნება 500 ათასი დოზა „ფაიზერი“, რასაც ჩვენი მოქალაქეები ასე ელოდებიან. მნიშვნელოვანი მზადების პროცესი გაიარა სამინისტრომ, რომ შესაფერისად დავხვედროდით ამ დოზების ადმინისტრირებას და ყველა ჩვენს მოქალაქეს მასზე შეუფერხებელი წვდომა ჰქონოდა. როგორც ყველამ ვიცით, „ფაიზერის“ პირველი დოზების რეგისტრაციისას საიტი იყო ერთ-ერთი სუსტი წერტილი, რომელიც გამოვლინდა ვაქცინაციის მართვის პროცესში. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა, რის შედეგადაც, დღესდღეობით, როგორც ჩვენი IT სპეციალისტები მიდასტურებენ, გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს და მოლოდინი იმის, რომ რაიმე შეფერხება იყოს, არ არის. მას აქვს რამდენიმეშრიანი გადაზღვევა და აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს. ამ მიმართულებით რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ, რომელიც არის უმნიშვნელო ცვლილება, მაგრამ მნიშვნელოვნად გაზრდის საიტის შეუფერხებელ მუშაობას.

პირველი რეგისტრაციის დროს IT სამსახურმა დააფიქსირა, რომ 12 ათას ჯავშანზე მოდიოდა 120 ათასი მსურველი და ამან გამოიწვია ის შეფერხებები საიტზე, რომელიც გვქონდა რეგისტრაციისას.

გარდა ამისა, შეიცვალა რეგისტრაციის მეთოდი. წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს მიუვათ 24 საათის განმავლობაში. ამ კომპონენტშიც IT სამსახურის რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული. როგორც იცით, აქ მონაწილეობს რამდენიმე ბაზა, როცა ადამიანი რეგისტრირდება. IT პროგრამაში იყო დაშვებული რამდენიმე შეცდომა, რომელიც გუსლისხმობდა იმას, რომ რამდენჯერმე ხდებოდა თითოეულ პროგრამასთან მიმართვიანობა და ეს გამტარუნარიანობას აფერხებდა. ახლა ეს არის იმ კანონზომიერებით, რომელიც გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს,“- განაცხადა ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა