ვახტანგ ძაბირაძე - ნიკა მელიას და „ნაციონალების“ მხარდაჭერა, მელიას პირადი რეიტინგის მიუხედავად, არ იქნება საკმარისი, რომ მათ კალაძისთვის მოგება შეძლონ - ოპოზიციამ მთლიანობაში არასწორი ნაბიჯი გადადგა

ნიკა მელიას და „ნაციონალების“ მხარდაჭერა, მელიას პირადი რეიტინგის მიუხედავად, არ იქნება საკმარისი, რომ მათ კალაძისთვის მოგება შეძლონ - ოპოზიციამ მთლიანობაში არასწორი ნაბიჯი გადადგა, რადგან მგონია, რომ ოპოზიციას უნდა ემუშავა არა იმაზე, ვინ იქნებოდა მერი ან საკრებულოს თავმჯდომარე, არამედ იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ 43% არ აეღო,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ ადგილობრივი არჩევნებისთვის საერთო კანდიდატების წარდგენა შეაფასა.

როგორც ძაბირაძემ აღნიშნა, არჩევნებზე ოპოზიცის მხრიდან ნიკა მელიას კანდიდატობის შემთხვევაში დაპირისპირება მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის იქნება, რა შემთხვევაშიც ამომრჩეველი გადაწყვეტილებას მმართველი გუნდის სასარგებლოდ მიიღებს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, შეიძლება ითქვას, ყველაზე რეიტინგული კანდიდატები დაასახელა, ვინც კი დღევანდელ ოპოზიციაშია. ასეთია მელიაც და ხოშტარიაც. ჯაფარიძის რეიტინგი ნამდვილად არ ვიცი.

რაც შეეხება ამ კანდიდატების კონკურენტუნარიანობას, ჩემი აზრით, ზოგადად ოპოზიციას არჩევანი უნდა გაეკეთებინა ადგილობრივ არჩევნებსა და რიგგარეშე არჩევნებს შორის და ამის მიხედვით ემოქმედათ. კონკურენტები, რა თქმა უნდა, არიან, მაგრამ არ მგონია, რომ მათ შეძლონ კალაძის დამარცხება.

მელიას და „ნაციონალების“ მხარდაჭერა, მელიას პირადი რეიტინგის მიუხედავად, არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მათ შეძლონ კალაძისთვის მოგება. ალბათ, იქნება მეორე ტური. მაგრამ ის, რომ ეს გუნდი შეძლებს კალაძის დამარცხებას, მეეჭვება. ყოველ შემთხვევაში ამას „ქართული ოცნება“ გამოიყენებს ისევ და ისევ იმ თეზისის გასათამაშებლად, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალები“ მოდიან, როცა დაპირისპირება რჩება „ნაციონალებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, ამომრჩეველი გადაწყვეტილებას ძირითადად ღებულობს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

ბოლოს ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს - მთლიანმა ოპოზიციამაც კი ვერ შეძლო „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამარცხება. თუმცა ობიექტურად, მაშინდელი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, შესაძლოა, უფრო ძლიერი ყოფილიყო, ვიდრე „ქართული ოცნების“,- განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე, ოპოზიციისთვის ხომ არ აჯობებდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ნაკლებად დაკავშირებული საერთო კანდიდატი წარედგინა, ძაბირაძე ამბობს, რომ „ეს ვარიანტი ყველაზე უკეთესი იქნებოდა“.

„ლელომ“ გარკვეულწილად სცადა კიდეც საერთო, აპოლიტიკურ კანდიდატზე საუბარი, მაგრამ ასეთი კანიდატის მოძებნა საკმაოდ რთულია. ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობას“ სულაც არ უნდა სადაავეები გაუშვას ხელიდან. არის კიდევ რამდენიმე ვერსიაც - ნიკა მელია თუ სჭირდებათ იმისთვის, რომ არჩევნები მოიგოს, მაშინ ის მარცხდება, მაგრამ თუ ნიკა მელიას განიხილავენ, არა როგორც მხოლოდ არჩევნებში მონაწილეს, არამედ არჩევნების შემდგომ პერიოდში მოსალოდნელი საპროტესტო ტალღის ამგორებელს, მაშინ კი, ნიკა მელია უნდა ყოფილიყო. იმაშია საქმე, თუ რა განზრახვა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და როგორ ხედავს თავის პერსპექტივას. გუშინ საოცარი გამოსვლა ჰქონდა ნიკა მელიას - მე ჯერ არ მინახავს ადამიანი, რომელიც ამბობდეს - საკრებულო იქნება ჩემი უფროსი და შემამოწმებს. ვინმე უფროსს და მაკონტროლებელს ეძებდეს, ასეთი რამ არ გამიგია. ასეთი აბსურდული რაღაცები ხდება.

ვფიქრობ ოპოზიციამ მთლიანობაში არასწორი ნაბიჯი გადადგა, რადგან მგონია, რომ ოპოზიციას უნდა ემუშავა არა იმაზე, ვინ იქნებოდა მერი ან საკრებულოს თავმჯდომარე, არამედ იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ 43% არ აეღო. ერთდროულად თან ქალაქისთვის იბრძოლოს და თან 43%-ზე იმუშავოს, ოპოზიციას რესურსი ნამდვილად არ გააჩნია. თუ ისინი უარს იტყოდნენ მერობის კანდიდატებზე, მაშინ ოპოზიცია იქნებოდა ერთიანი და ექნებოდათ საერთო ინტერესი მთელ ოპოზიციაში. მგონია, რომ თუ რაღაც ექსტრაორდინალური არ მოხდა, პირველ ტურში შეიძლება გაუჭირდეს, მაგრამ საბოლოოდ კალაძე გაიმარჯვებს“,- განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ოპოზიციის ერთი ნაწილის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება, ზურაბ ჯაფარიძე კი ვიცე-მერად განიხილება.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა